უკრაინული მედია: უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ერთი მილიარდი გრივნის გაფლანგვაში ბრალი წაუყენეს

უკრაინული მედია: უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ერთი მილიარდი გრივნის გაფლანგვაში ბრალი წაუყენეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ერთი მილიარდი გრივნის გაფლანგვაში ბრალი წაუყენა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

"გამომძიებლებმა და უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა შეაგროვეს მტკიცებულებები უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ, რომელიც ამ თანამდებობას იკავებდა 2021 წლიდან 2023 წლამდე", - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე ეჭვმიტანილად ცნეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში, რომელიც უკრაინელი ჯარისკაცებისთვის ჯავშანჟილეტებისა და ზამთრის უნიფორმის შეძენისთვის იყო გამოყოფილი.

გამოძიების ინფორმაციით, 2022 წელს, აღნიშნულმა თანამდებობის პირმა შეისყიდა დაბალი ხარისხის სამხედრო ფორმა კერძო კომპანიისგან, რომლის ღირებულება თითქმის 1 მილიარდ გრივნას შეადგენდა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ვერ იყენებენ მითითებულ ფორმას, რადგან ის ზამთარში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების პირობებში გამოსაყენებლად გამოუსადეგარია", - აღნიშნულია განცხადებაში.

მინისტრის ყოფილ მოადგილესთან ერთად ბრალი ასევე წაუყენეს უწყების შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორსაც.