ევროკომისიის შეფასების გამოქვეყნებამდე, 1 დღით ადრე, ჩვენთან სტუმრად იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ყველას აქვს იმედი, რომ ხვალ პოზიტიური შეფასება იქნება გამოქვეყნებული.
„მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ ევროკომისიის შეფასების გამოქვეყნებამდე, 1 დღით ადრე, ჩვენთან სტუმრად იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე. გვქონდა საუბარი ჩვენს მოლოდინებზე ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით, თუმცა უფრო მეტი კონცენტრაცია იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობაზე, რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე, საქართველოს როლზე უსაფრთხოების გაძლიერების მხრივ რეგიონში და ასევე აბრეშუმის გზის მეშვეობით ევროპასა და აზიას დაკავშირებაზე. ყველას გვაქვს იმედი, რომ ხვალ იქნება პოზიტიური შეფასება. ის ფორმატები, რომელიც მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობით არის გათვალისწინებული, საბოლოო ჯამში ეხმარება საქართველოს იმისთვის, რომ წინ წაიწიოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. თავისთავად, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან ორს უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი, საქართველო არის ამის მოლოდინში. არიან ქვეყნები, რომლებსაც ჯერ ეს განაცხადი არ აქვთ, ამიტომ თავად ეს ფორმატი საინტერესოა იმ მხრივ, რომ ჩვენ თავად გამოცდილება მივიღოთ სხვებისგან. მეორეს მხრივ, ჩვენ ვიყოთ ამ გამოცდილების გამზიარებლები“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტში, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლების დელეგაცია, შეხვედრებს მართავს