ამ კონკრეტულ შემთხვევამდე მივყავართ იმ პოლიტიკას, რასაც ხელისუფლება ატარებს დღეს რუსეთის მიმართ , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გამოეხმაურა.
ვახტანგ ძაბირაძის განმარტებით, მომხდარი ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთთან მეგობრობის პოლიტიკა არ გამოდის.
„საშინელებაა, რა თქმა უნდა, რაც მოხდა. ჩვენ ასეთი შემთხვევები გვქონდა და გვექნება მუდამ, რადგან რუსეთთან მეგობრობის პოლიტიკა არ გამოდის და არც არასდროს გამოსულა. მე ძნელად წარმომიდგენია...რუსეთის დღევანდელი მმართველობის პირობებში ფუჭია მცდელობა რაღაცნაირად რუსეთთან დაალაგო ურთიერთობა ისე, რომ მინიმალურ დონეზე გქონდეს გარანტირებული უსაფრთხოება. ხვალ შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება და სამხედრო ნაწილები, რომელიც არის ცხინვალში, წამოვიდეს დანარჩენ საქართველოზე. რუსეთს არასდროს არავისთვის არანაირი გარანტია არ მიუცია და ვერც ვერასდროს მიცემს.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ალბათ მაქსიმუმია, რასაც ხელისუფლება ითხოვს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევამდე მივყავართ იმ პოლიტიკას, რასაც ხელისუფლება ატარებს დღეს რუსეთის მიმართ. ყველა ხელისუფლებას, გამსახურდიადან დაწყებული, დღევანდლის ჩათვლით, ჰქონდა მცდელობა რუსეთთან დაელაგებინა ურთიერთობები, მაგრამ არ გამოდის. იმიტომ კი არა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ცუდი პოლიტიკოსები იყვნენ და ვერ ახერხებდნენ, მეორე მხარეს აბსოლუტურად არ უნდა ასეთი ურთიერთობა, აგრძელებს იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკაც ჰქონდა მუდამ საქართველოს მიმართ. ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ და როდესაც რუსეთის მიმართ პოლიტიკა არის მაამებლური, ეს ძალაუნებურად იწვევს მოდუნებას ერში და ქვეყანაში“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
ინფორმაციისთვის, სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.
„2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.
მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სუს-ი ავრცელებს.
შსს-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.