ბაჩო დოლიძე: ხაბეიშვილი იმაზე მეტად გაბრაზდა, ვიდრე წარმოვიდგინე - ხომ შეიძლება ლოზუნგები და სადღეგრძელოები მორჩეს?

ბაჩო დოლიძე: ხაბეიშვილი იმაზე მეტად გაბრაზდა, ვიდრე წარმოვიდგინე - ხომ შეიძლება ლოზუნგები და სადღეგრძელოები მორჩეს?

იმაზე მეტად გაბრაზდა, ვიდრე წარმოვიდგინე - ზუსტად იგივე კატეგორიულობით ჯერ მიხეილ სააკაშვილი გამოჰყავდათ და ათავისუფლებდნენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რითაც პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ არავის მისცემს შესაძლებლობას პარტიის სახელი „აგორაოს ტალახში“, გამოეხმაურა.

როგორც დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, ხაბეიშვილმა უნდა შეწყვიტოს ლოზუნგებით და სადღეგრძელოებით განცხადებების გაკეთება.

„იმაზე მეტად გაბრაზდა, ვიდრე წარმოვიდგინე. ვხედავთ, რომ ისევ ახალ მენეჯმენტს უწევს, როგორც სხვა „პოსტებზე“ კომენტარი, ასევე, თავის მართლება. არ უნდა ჩაიგდონ საკუთარი თავი ასეთ მდგომარეობაში. თუკი რამე უნდათ, უნდა იმოქმედონ, სხვაზე არ უნდა იყვნენ დამოკიდებულები.

ზუსტად იგივე კატეგორიულობით ჯერ მიხეილ სააკაშვილი გამოჰყავდათ და ათავისუფლებდნენ. შემდეგ იგივე კატეგორიულობით, გარდაბანში მმართველ გუნდზე მიიტანეს იერიში, რომ არ აპატიებდნენ ქალ დეპუტატებზე მსგავს განცხადებებს.

მართლა გამიხარდება, როდესაც ხაბეიშვილის, რაღაც წარმატებები ექნება, მაგრამ ხომ შეიძლება ლოზუნგები და სადღეგრძელოები მორჩეს“,- განაცხადა დოლიძემ.

ამასთან, დოლიძემ შეაფასა მიხეილ სააკაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ის მაღალი წარმოდგენისაა ნიკა მელიას დამსახურებაზე და შესაძლებლობაზე.

დოლიძის თქმით, როგორც კი რეგიონში შეხვედრები დასრულდება, მიიღებენ გადაწყვეტილებას პარტიაში დარჩენასთან ან ახალი პლატფორმის გაკეთებასთან დაკავშირებით.

„მიხეილ სააკაშვილის სახელით და გვარით სპეკულირება არასდროს ყოფილა ჩვენი დამახასიათებელი ნიშანი. ვისაც, როგორც უნდა, ისე გაიგოს.

სულ მიხეილ სააკაშვილის სახელის ხსენებით მოვიდნენ პარტიის სათავეში. შვიდივე ბრუნვაში აუღლეს მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სააკაშვილი იყოს კარგად და მას გავათავისუფლებთო. ყველას ხომ გვახსოვს დაპირებები. ჩვენ დავინახეთ, რომ მისი სახელის გამოყენება იყო ხშირი და დავინახეთ, რომ ეს იყო საკუთარი ინტერესებისთვის.

როგორც კი დასრულდება შეხვედრები, კოლექტიურ თუ ინდივიდუალური გადაწყვეტილების შესახებ ვისაუბრებთ ღიად. საბოლოო ჯამში, მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება: ვრჩებით პარტიაში და ამ კონფიგურაციით ვაგრძელებთ ბრძოლას, თუ ახალი პლატფორმის გაკეთება მოგვიწევს.

თუკი „ნაციონალური მოძრაობაში“ არაფერი შეიცვლება, თუკი ის კონფიგურაციაა, რომელიც დღეს არის, როდესაც ე.წ. მენეჯმენტს კონსულტაციებზე უწევს საზღვარგარეთ სიარული და დირექტივების მიღება, წარმოუდგენელია ამ მოცემულობამ ალტერნატივა აჩვენოს საზოგადოებას და დაუმტკიცოს, რომ ჩვენ ვართ უკეთესები“,- განაცხადა დოლიძემ.

კითხვაზე, კიევში პარტიის წარმომადგენლების სტუმრობა მიხეილ სააკაშვილთან იყო თუ არა არაფორმალური მმართველობის მაგალითი, დოლიძე პასუხობს, რომ სააკაშვილი საჯარო პოლიტიკაში ყოველთვის იყო და არასდროს ერიდებოდა საჯარო პოლიტიკაში ყოფნას.

„ეს დიდი სხვაობაა.ამ ეტაპზე დირექტივები მომდინარეობს სხვა შენობიდან და სხვა ლოკაციიდან. გვყავს თავმჯდომარე, გვაქვს კონკრეტული შენობა, მაგრამ იქ გადაწყვეტილება არ მიიღება. ან ჩვენ ვხედავთ რადიკალურ ცვლილებს პარტიაში, ან მოგვიწევს სერიოზული გადაწყვეტილების მიღება“,- განაცხადა დოლიძემ.