ეს [რასა იუკნევიჩიანეს განცხადება] არის ძალიან შეურაცხმყოფელი ქართველი ხალხისთვის. საბედნიეროდ, ვინც ამას ამბობს, არ იღებს გადაწყვეტილებას [კანდიდატის სტატუსზე], - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
„მრჩება შთაბეჭდილება, რომ რიგ ევროპარლამენტარებს, ვინც ასეთ სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ, წვდომა აქვთ მხოლოდ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის სატელევიზიო არხებზე. ეს ადამიანები [ევროპარლამენტარები] არ იღებენ გადაწყვეტილებაში მონაწილეობას. გადაწყვეტილებაში მხოლოდ ევროსაბჭო და ევროკომისია მონაწილეობს, რომლებიც მხოლოდ რეფორმებს აფასებენ და რომლებთანაც ყოველდღიური კონტაქტი აქვს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს - ადმინისტრაციებისა და მაღალი თანამდებობის პირების დონეზე. ფარდა აეხადა არა მარტო იმას, რომ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას არ უყვარს სამშობლო, მავნებლურად ცდილობენ, ახლა წამოწიონ თემა. არ ვიცი სალომე სამადაშვილი რას საუბრობს იქ [შეხვედრებზე], მაგრამ ცდილობენ [ოპოზიცია] წამოწიონ თემა, რომ სანქციებს თუ არ მივუერთდებით რუსეთთან დაკავშირებით, არ მოგვცემენ სტატუსსო. ეს არის სრული მავნებლობა“, - აღნიშნა ბითაძემ.
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ქართველ ხალხს მითითებებს აძლევს. კანდიდატის სტატუსზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ კანდიდატის სტატუსი ერთადერთ მიზნით უნდა, რომ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვოს.