სახელმწიფო გაყიდული საავადმყოფოების გამოსყიდვას იწყებს

სახელმწიფო გაყიდული საავადმყოფოების გამოსყიდვას იწყებს

ე.წ. ინვესტორებისთვის გადაცემულ საავადმყოფოებში ერთობ მძიმე ვითარებაა. ყოველ კვირა სხვადასხვა მიმართულებით ახალ-ახალი პრობლემები იჩენს თავს. საქართველოს მთავრობა “ცეცხლის ჩაქრობის” გარდა, უკვე კონკრეტულ ქმედებებზე გადადის.

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ ვითარებას ჯანდაცვის მინისტრი რთულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ინვესტორებთან გაფორმებული ხელშეკრულება კაბალურია.

“აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სისტემატურად მიმდინარეობს კანადელ ინვესტორებთან მოლაპარაკებები და პრობლემის მოსაგვარებლად სამი მიმართულება გამოიკვეთა. ერთ-ერთი მათგანი სახელმწიფოს მხრიდან კლინიკის გამოსყიდვა იქნება.  როგორმე უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი. თუ რომელ მიმართულებას ავირჩევთ ყველაფერი დროსა და ვითარებაზეა დამოკიდებული”, - აღნიშნავს დავით სერგეენკო.

შესაძლოა, რესპუბლიკურ საავადმყოფოს სახელმწიფოს სახით მართლაც გამოუჩნდეს პატრონი, მაგრამ კლინიკების მხრივ, საითაც არ გაიხედავ, ყველგან ურთულესი მდგომარეობაა. პრობლემები როგორც დედაქალაქში, ასევე - რეგიონებში.

მაგალითად, კლინიკა “შუა ქალაქი” არსებული კრიზისის მართვაში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეა ჩართული. სულ ცოტა ხნის წინ კი მძიმე ვითარება იყო შექმნილი იაშვილის სახელობის პედეატრიულ კლინიკაში.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ “შუა ქალაქში” სამედიცინო სერვისების მიწოდების უწყვეტობას საფრთხე შეექმნება, სახელმწიფო ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებს.

“ეს არის ერთ-ერთი ჯაჭვი იმ სისტემისა, რაც ჩემი აზრით, სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაუზარებელ გასხვისებებს მოჰყვა. ასეთი ტიპის დავებს ახლადშექმნილი სამნაწილიანი ფორმატი აქვს, რომელშიც დამქირავებელი, დაქირავებული და პროფკავშირები მონაწილეობს. ეს მოდელი უკვე არსებობს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კახა საკანდელიძე ამ თემას კურირებს და იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო სერვისების მიწოდების უწყვეტობას საფრთხე შეექმნება, სახელმწიფო გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს და ეს რომ ლიტონი სიტყვები არ არის, იაშვილის კლინიკის შემთხვევაში უკვე ნახეთ”, - განაცხადა სერგეენკომ.

“შუა ქალაქის” მედპერსონალი რამდენიმე დღეა შენობის გასხვისებას აპროტესტებს და ძველი დირექტორის დაბრუნებას მოითხოვს. როგორც ექიმები აცხადებენ, შენობა მერიამ გაასხვისა, ახალი მფლობელი კი კლინიკისათვის პროფილის შეცვლას და მის გაყიდვას გეგმავს.

სანამ ცვლილებები დედაქალაქში მდებარე მსხვილ კლინიკებს შეეხება, სახელმწიფო მართვაში მაღალმთიან რეგიონებში მდებარე არამომგებიანი კლინიკები გადავა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს კერძო კომპანიებთან და ეს პროცესი მესტიას, ონს, ამბროლაურსა და წალკას შეეხება.

სახელმწიფო მოლაპარაკებებს, პირველ ეტაპზე, კომპანია “აისი ჯგუფთან” დაიწყებს. “ისეთი მონაცემებია, რომ ბევრად უფრო ეფექტური იქნება, თუ ამ დაწესებულებების მართვას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აიღებენ”, - აცხადებს სერგეენკო.

როგორც ჩანს, სამედიცინო დაწესებულებების მიმართულებით მთავარი მოვლენები ჯერ წინ არის.