მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ხალხის რჩეულებზე გვაქვს საუბარი, რომლებიც იღებენ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, აქ ანაზღაურება იყოს კანონმდებლობის შესაბამისი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის წევრებისთვის ხელფასის მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა.
„უპირველეს ყოვლისა, ეს არ არის ხელფასის ზრდა, ეს არის შესაბამისობაში მოყვანა იმ კოეფიციენტებთან, რომელიც 2017 წელს დადგინდა და მაშინ პარლამენტმა არ მოახდინა პარლამენტის წევრების ანაზღაურების კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანა. სხვა საჯარო სამსახურებში და მათ შორის, პარლამენტის აპარატში, ეს მოხდა. ამიტომაც არის, რომ დღეს პარლამენტის აპარატის თუ არ ვცდები, 50 თანამშრომელს უფრო მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე პარლამენტის წევრს. ეს დისპროპორცია არსებობდა, მათ შორის ასეთი [უარყოფითი] რეაქციებისგან თავის არიდების გამოც. მე ვარ პირადად ინიციატორი ამის. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ხალხის რჩეულებზე გვაქვს საუბარი, რომლებიც იღებენ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, აქ ანაზღაურება იყოს კანონმდებლობის შესაბამისი. იყო საუბარი, რომ თითქოს მიმდინარე პარლამენტს ეხება. მომავალ პარლამენტს შეეხება ეს. ხალხიც ასე აირჩევს მომავალი პარლამენტის წევრებს, იმ ცოდნით, თუ რა პოზიცია, რა ხელფასი ექნებათ და ა.შ.“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.