მე მგონი ამ წელიწად ნახევარმა ერთი რამ გვასწავლა - არითმეტიკა აქ არ არის გადამწყვეტი. შარშან ივნისში მოლდოვამ და უკრაინამ 7 და 9 რეკომენდაცია მიიღეს და კანდიდატის სტატუსიც მიანიჭეს, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე საუბრისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთავარია რამდენად პოზიტიურად შეაფასებს ევროკავშირი ამა თუ იმ ნაბიჯს.
„მთავარი ის კი არ არის, რამდენი რეკომენდაცია გაქვს, მთავარია რამდენად პოზიტიურია შეფასება და დინამიკაში რამდენად პოზიტიურად აფასებს ევროკავშირი ამა თუ იმ ნაბიჯს. ამიტომ, არითმეტიკას აქ მნიშვნელობა არ აქვს. დაველოდოთ შეფასებას. ეს ევროკავშირთან ურთიერთობის პროცესია. ჩვენ არა თუ 12, 252 რეკომენდაცია გვექნება შესასრულებელი - იმდენი საკითხია ასოცირების შეთანხმებაში დარჩენილი. არ დაგვავიწყდეს, ამ 12-ზე რომ ვკონცენტრირდებით, სინამდვილეში იმდენი საქმეა გასაკეთებელი. ასოცირების შეთანხმების ნახევარი უკვე შევასრულეთ. ეს დიდი მიღწევა არის, მაგრამ მეორე ნახევარი ჯერ კიდევ შესასრულებელია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროკომისიის შეფასება 8 ნოემბერს გამოქვეყნდება.