საქართველო ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებს უერთდება

საქართველო ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებს უერთდება

საქართველოს შეიარაღებული ძალები 2015 წლიდან ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებს შეუერთდება. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს დაადასტურა. "ეს არის კიდევ ერთი დადასტურება და აღიარება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადების დონე და პროფესიონალიზმი უმაღლეს დონეზეა, ისევე როგორც ნატოს წევრი ქვეყნების. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გვექნება შესაძლებლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთქმედება ნატოს წევრ ქვეყნებთან და გავხდეთ ნატოს სწრაფი რეაგირების ნაწილი. ნებისმიერ წერტილში, სადაც შეიქმნება პრობლემური სიტუაცია, სწორედ ეს ქვედანაყოფი მოახდენს სწრაფ რეაგირებას და შეასრულებს სამშვიდობო თუ სხვა მისიით გათვალისწინებულ ამოცანებს. ჩვენი გაწევრიანება იქნება საქართველოს, როგორც მომავალი ნატოს ქვეყნის მიერ გადადგმული სოლიდური ნაბიჯი."

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადაწყვეტილება ბრიუსელში გამართულ ყოველთვიურ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დღეს გაახმაურა. ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით: „ საქართველომ შემოგვთავაზა სწრაფი რეაგირების ძალებში გაერთიანება და ჩვენ მივიღეთ ეს წინადადება. ქართული ქვედანაყოფები ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში 2015 წელს გაწევრიანდებიან და ეს პირველად მოხდება“.

როგორც ცნობილია, ალიანსს 2015 წლიდან ქართული ქვედანაყოფების ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებთან ჩართულობაზე ქართულმა მხარემ მიმართა.