ბრალდებულ ახალაიას განაჩენს 17 ოქტომბერს გამოუტანენ

ბრალდებულ ახალაიას განაჩენს 17 ოქტომბერს გამოუტანენ

ბაჩო ახალაიას საქმეზე, ე.წ.ციხის ბუნტის ეპიზოდზე, დასკვნით სიტყვას საქმეში არსებული მესამე პროკურორი, ლევან ადეიშვილი იტყვის, რომელმაც პროკურორი ია დარჯანია შეცვალა. ახალმა პროკურორმა საქმის დეტალების გასაცნობად დამატებითი დრო ითხოვა და მოსამართლემ სიტყვის მოსამზადებლად პროკურორს ვადა 17 ოქტომბრამდე მისცა. დარჯანიას მიერ თვითაცილების მოტივებზე განცხადება არ გაუკეთებია გენერალურ პროკურორს. საინტერესოა, რატომ არ დააყენა თვითაცილების შუამდგომლობა 30 სექტემბერს, როდესაც მან მოუმზადებლობის გამო სხდომის გადადება სთხოვა სასამართლოს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდებულ ახალაიას ახლობლების მხრიდან ადგილი ჰქინდა დარჯანიაზე ზეწოლის ფაქტს. თუმცა აღიძრა თუ არა საქმე ამ ფაქტზე, ეს უცნობია.

პროკურორ რეზო ნადოის თაობაზე კი პროკურატურაში განმარტავენ, რომ 2013 წლის 18 სექტემბერს რეზო ნადოი გამოცხადდა სამსახურში, თუმცა კვლავ შეუძლოდ იგრძნო თავი, რის გამოც დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და დღეის მდგომარეობით, ექიმის რჩევით იმყოფება ბიულეტენზე.

საქმე ეხება 2006 წლის 26-27 მარტს სასჯელაღსრულების პირველ, მეხუთე და მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მომხდარ ე.წ. ციხის ბუნტს. ბაჩო ახალაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით ედება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ამ საქმეზე ახალაიასთან ერთად ბრალდებულები არიან რევაზ ჭარბაძე, მეგის ქარდავა და დავით ჭაკუა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საქმეზე ეს უკვე მესამე პროკურორია. როგორც ცნობილია სასამართლოში ეს საქმე პროკურორ რეზო ნადოის მიჰყავდა. პროკურორ რევაზ ნადოის 17 სექტემბერს საქმეზე უნდა წარმოეთქვა დასკვნითი სიტყვა, რაც ვერ მოხერხდა ამავე პროკურორის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.  წერილობით განცხადებაში პროკურორი მიზეზად ახალაიას სხდომაზე დასკვნითი სიტყვისათვის მზადებას ასახელებდა. ბაჩო ახალაიას საქმეზე ჩატარებულ მომდევნო სხდომაზე რევაზ ნადოის გამოუცხადებლობის მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დასახელდა, თუმცა საქმეში ამ დრომდე არ არის წარმოდგენილი ცნობა, რაც აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს.

19 სექტემბერს საქმეში ჩაერთო პროკურორი ია დარჯანია, რომელმაც თავდაპირველად მოითხოვა პროცესის გადადება 30 დღით, იმ მიზნით, რომ საჭიროებდა საქმის მასალების გაცნობას. მას ამისათვის 10 დღე მიეცა. 30 სექტემბრის სხდომაზე პროკურორი დარჯანია სხდომაზე ისევ მოუმზადებელი გამოცხადდა და ითხოვა დამატებით 20 დღე საქმის მასალების გასაცნობად, მოსამართლემ დამატებით 7 დღის ვადა განუსაზღვრა. ხოლო ბოლო სხდომაზე ია დარჯანიამ თვითაცილების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს.

პროკურორმა ია დარჯანიამ შუამდგომლობაში მიუთითა, რომ ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის, მსგავსად იყო დევნილი აფხაზეთიდან, მათ ჰყავდათ ერთი სანაცნობო წრე, რომლის მხრიდან ხდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა მასზე როგორც პირადად, ისე სოციალური ქსელების მეშვეობით. ასევე ის, რომ მას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ყოფილ კოლეგებთან  ახალაიას ადვოკატებთან რომეო საჯაიასთან და გოგა ონიანთან. რაც პროკურორის განმარტებით, მას ხელს უშლიდა ობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში.

„ეს ჩემთვის ცნობილი იყო პროცესის დაწყების მომენტშიც, მაგრამ ჩვენ საერთო სანაცნობო წრე გვყავს, რომელთა მეშვეობით ხდება ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, ზოგი მლანძღავს, ზოგი მაქებს, მეუბნებიან, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღო, ეს ხდება პირადადაც და სოციალური ქსელის მეშვეობითაც. ჩემი კოლეგები იყვნენ ბაჩო ახალაიას ადვოკატები -  გოგა ონიანი და რომეო საჯაია, რომელთანაც მეგობრობა აკავშირებს. მივხვდი, რომ ობიექტურ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ, ამიტომ თვითაცილებას ვითხოვ“, - განაცხადა ია დარჯანიამ.

დარჯანიას მიერ თვითდაყენებულ შუამდგომლობას ახალაიას ადვოკატები შეეწინააღმდეგნენ. ახალაიას ადვოკატის დავით დეკანოიძის განცხადებით, ეს ყველაფერი მხოლოდ პროცესის გაჭიანურებას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, პროკურორის დაყენებულ შუამდგომლობას, თავად ბაჩო ახალაიამაც სასაცილო უწოდა. მისი თქმით, რეალური თვითაცილების საფუძველი არ არსებობს და ეს მიზნად ისახავს ხოლოდ იმას, რომ არჩევნების წინა პერიოდში ეს საქმე გაწელონ.

„აფხაზეთიდან დევნილია 500 000 ადამიანი, ეგრე მამაჩემიც მუშაობდა პროკურატურაში და ბევრი სანაცნობო ჰყავს. ვერცერთი ჭკუათმყოფელი ვერ იტყვის, რომ ეს შუამდგომლობა რეალურია, ეს ყველაფერი მიზნად ისახავს საქმის გაჭიანურებას და ხელოვნულ გაწევლას", -  განაცხადა ბრალდებულმა ახალაიმა.

„ბაჩო ახალაიას საქმის განხილვისას პროკურატურის ქმედებები საქმის განხილვის ხელოვნურად გაჭიანურების ნიშნებს შეიცავს“, - ასეთია საია-ს დასკვნა. კახა კოჟორიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 62-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, თვითაცილება უნდა იყოს დასაბუთებული. რაც, მისვე თქმით პროკურორ რევაზ ნადოის არ დაუსაბუთებია, რომ საქმიდან მისი ჩამოცილების მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება იყო.

„რაც შეეხება ია დარჯანიას, მისთვის წინასწარ ცნობილი იყო საქმეში მასთან მეგობრულად განწყობილი პირების ადვოკატად მონაწილეობის ფაქტი, ამის მიუხედავად მან თავიდანვე არ აიცილა საქმე. ასევე არადამაჯერებელია პროკურორის მტკიცება ბრალდებულის მეუღლესთან საერთო სანაცნობო წრის მიერ მასზე განხორციელებულ ფსიქოლოგიური ზემოქმედების თაობაზე. უცნობია როდიდან დაიწყო სანაცნობო წრემ ია დარჯანიაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება და ამ საფუძვლით რატომ არ დააყენა თვითაცილების შუამდგომლობა 30 სექტემბერს, როდესაც მან მოუმზადებლობის გამო სხდომის გადადება სთხოვა სასამართლოს“, - აცხადებს კახა კოჟორიძე.

სამართლის ექსპერტის კახი კახიშვილის განცხადებით ასეთი არასერიოზული არგუმენტებით პროცესის გაწელვა, შესაძლებელია სხვა გვარად იქნას შეფასებული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.

„შესაძლებელია პროკურატურა თვლის, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნას მიღებული სასამართლოს მხრიდან და ამიტომ, ფიქრობს, რომ გაწელოს დრო. ეს სხვა განსახილველი თემაა. მაგრამ იმ არგუმენტებით პროცესისი გაწელვა, რომ სანამ მიშა პრეზიდენტია პროცესი გავწელოთ, არასწორია. ის რაც დღეს კეთდება ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურა დაინტერესებულია საქმის გაწელვით.

ამავდროულად ამას იმდენად თვალსაჩინოდ  აკეთებს, რომ ბუნებრივია ყველას ებადება შესაბამისი კითხვები პროკურატურის მიმართ ამ საკითხთან მიმართებაში. თავისთავად ეს ნამდვილად დადებითად არ იქნება შეფასებული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც აკვირდებიან ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეს“, - აცხადებს კახიშვილი.

მისი თქმით, პროკურატურას პროკურორის შეცვლის უფლება აქვს, მაგრამ კითხვის ნიშნები იკვეთება უკვე მეორე პროკურორის შეცვლის შემდეგ. პირველ შემთხვევაში თუ არგუმენტი მეტნაკლებად დამაჯერებელი იყო, მეორე შემთხვევაში უცნაურ მიდგომასთან გვაქვს საქმე.

„როდესაც ერთის მხრივ მეორე პროკურორი სარგებლობს საქმის მასალების გაცნობის ვადით და ვადის ამოწურვის შემდეგ აცხადებს, რომ ვერ იქნება ობიექტური, იმიტომ, რომ სოციალურ ქსელებში მის მიმართ გარკვეული კრიტიკა ისმის ბაჩო ახალაიას გასამართლებასთან დაკავშირებით და ამავდრულად აცხადებს, რომ ის არის აფხაზეთიდან და აქვე აცხადებს, რომ პირადად არ იცნობს და არანაირი ურთიერთობა არ აქვს ბრალდებულის მეუღლესთან. ეს ჩემთვის არაა მყარი არგუმნეტი.

ვშიშობ, რომ ეს არამყარი არგუმენტი არ აღმოჩნდეს როგორც არგუმენტი იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აკვირდებიან ასეთი ტიპის პროცესებს და განაცხადონ, რომ პროკურატურა პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობდა ამ საქმეში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას კახი კახიშვილმა.

იურისტი ლია მუხაშვარია აცხადებს, რომ პროკურატურა ამ საქმეში ავლენს სისუსტეს და შესაბამისად უნდა დადგეს გენერალური პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი. მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ პროცესი ჭიანურდება, ეს დაკავშირებულია სერიოზულ ფინანსურ მატერიალურ დანახარჯებთან.

„როდესაც პროცესის დასასრულს იცვლება პროკურორი და სასამართლო ამას ეთანხმება, ეს არის მარაზმი. ჯერ ერთი უნდა დაისაჯოს ის პროკურორი, რომელმაც ახლა აღმოაჩინა, რომ თვითაცილების საფუძვლები აქვს. ის არგუმენტები რომელიც მან დაასახელა თვითაცილების მიზეზად, ეს ახლა არ გაუგია და სასამართლოს ამაზე მანამდე უნდა მიეღო ზომები.

ახლა პროკურორის შეცვლა აშკარად მიმართულია პროცესი გაჭიანურებისკენ. როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი საქმე იხილება უნდა ყოფილიყო სათადარიგო პროკურორი, რომ არ მომხდარიყო ის, რაც მოხდა. ამიტომ, უნდა დადგეს გენერალური პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშავრიამ.