შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ მოქალაქე ლევან კორკოტაშვილის დაკავების დროს პოლიციელების მხრიდან მასზე განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა, სიმართლეს არ შეესაბამება. მოქალაქე ლევან კორკოტაშვილი, რომელიც წარსულში 6-ჯერ არის ნასამართლევი, დაკავებულია ნარკოდანაშაულისათვის. დაკავების დროს მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და მოითხოვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება იმ მიზეზით, რომ მან ყბის ტრავმა მიიღო. მოთხოვნის შესაბამისად, მოქალაქე კორკოტაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბადრაგის თანხლებით გადაიყვანეს, სადაც მედიკოსებმა დაადგინეს (რაც დოკუმენტურად დაფიქსირებულია კლინიკის მიერ გაცემულ „ფორმა N100“-ში), რომ კორკოტაშვილს 30 სექტემბერს აქვს გაკეთებული ოპერაცია ქვედა ყბის მოტეხილობის გამო და ჩაყენებული აქვს ყბის სამაგრი. ექიმების განცხადებით, მას შეუძლია ყბის სამაგრის თვითნებურად ამოგდება, ამჟამად ის ჯანმრთელია და მკურნალობას არ საჭიროებს. 

შსს აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებები მიმართულია პოლიციის დისკრედიტაციისკენ და სწორედ ცრუ ინფორმაციების გავრცელების შედეგად ხდება პოლიციის იმიჯის შელახვა. სამინისტრო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პოლიციის შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებებისგან.