უძველესი ლაბირინთების საიდუმლოება

უძველესი ლაბირინთების საიდუმლოება

ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ძველ ეგვიპტეში უძველესი ნაგებობა არა – პირამიდები, არამედ უზარმაზარი ლაბირინთი იყო. ერთ–ერთი პირველთაგანი მეროდიტის ტბის (დღეს კარუნის ტბის სახელითაა ცნობილი) მახლობლად, მდინარე ნილოსის დასავლეთით, 80 კილომეტის მოშორებით მდებარეობდა.

ძვ.წ.აღ–ით მეხუთე საუკუნეში ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე წერდა: "მე ვიყავი იმ ლაბირინთში და ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა". მისი მტკიცებით, ლაბირინთი აღემატებოდა პირამიდებს, საბერძნეთის ყველა გალავანი და ხუროთმოძღვრული ძეგლიც ვერ შეედრებოდა მას.

ოთხი საუკუნის შემდეგ მეცნიერმა სტრაბონმა ლაბირინთს, რომელიც იმ დროისათვის უკვე დანგრეული იყო, პირამიდების თანასწორი ქმნილება უწოდა. სტრაბონმა აღნიშნა, რომ თავის დროზე ეს ლაბირინთი პირამიდებსაც კი ჩრდილავდა.

როგორც გაირკვა, ლაბირინთი ეგვიპტის ისტორიის გარიჟრაჟზე აიგო. ამბობენ, რომ მიწის ზემოთ და ქვემოთ 3 ათასი ოთახი იყო განთავსებული და ისინი ორ სართულზე თანაბრად იყო განაწილებული. ნაგებობას მთლიანად 70 ათასი კვ. მეტრი ეჭირა. აქ იყო ისეთი ჩიხები, რომლებშიც უცხო პირი მეგზურის გარეშე ვერასოდეს გაიგნებდა გზას და გარეთ გამოსვლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

ოთახების უმეტესობაში უკუნი სიბნელე იყო გამეფებული. ხოლო ზოგი კარის გაღება, როგორც ამბობენ, თავზარდამცემ ხმებს გამოსცემდა – კარი საშინელი ბრახუნით იღებოდა.

მას შემდეგ, რაც ეგვიპტემ მსოფლიო მბრძანებლის სტატუსი დაკარგა, დამპყრობლებმა ლაბირინთი გაძარცვეს. თან წაიღეს წითელი გრანიტის სვეტები და უზარმაზარი ქვის ფილები. გადმოცემის თანახმად, ლაბირინთი ეგვიპტის მეფეთა ადმინისტრაციული ცენტრი იყო და რელიგიური დანიშნულება ჰქონდა. ეს იყო ტაძართა კომპლექსი, სადაც ეგვიპტის ყველა ღმერთს მსხვერპლს სწირავდნენ. უცხო პირებს, რომლებიც ლაბირინთის დასათვალიერებლად მიდიოდნენ, მიწისქვეშა ოთახებს არც აჩვენებდნენ. იქვე იყო მეფეების აკლდამები.

ლაბირინთის რელიგიურ დანიშნულებაზე ისიც მეტყველებს, რომ ეგვიპტელები იქ ღვთაება ოსირისის პატივსაცემად რიტუალებს მართავდნენ. ეს ყველაფერი მოგვიანებით ჩატარებულმა გათხრებმა ცხადყო. ეგვიპტელთა მრწამსით, ოსირისი ერთ დროს ეგვიპტის ძლევამოსილი მეფე და მიწისქვეშა სამყაროს მბრძანებელი იყო.

კუნძულ კრეტაზე არსებული კნოსის ლაბირინთი, როგორც ჩანს, ეგვიპტის ლაბირინთის აგებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ააშენეს. მისი ადგილმდებარეობა ზუსტად არ არის განსაზღვრული. არსებული მასალების მიხედვით, ის ეგვიპტის ლაბირინთის მსგავსი, მაგრამ მასზე გაცილებით პატარა იყო.

საოცარი ლაბირინთების შესახებ კიდევ ბევრი ინფორმაცია მოიპოვება. ჯერ კიდევ პლინიუსი მოიხსენიებდა ლაბირინთს, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში, კუნძულ ლემონსზე მდებარეობდა და ცნობილი იყო თავისი 150 მშვენიერი სვეტით.

ჩვ.წ.აღ–ით 79 წელს ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად განადგურებულ პომპეიში, სულ მცირე, ორი დეკორატიული ლაბირინთი იყო. ერთი მათგანი თავისი არაჩვეულებრივი მოზაიკითაა ცნობილი, რომელზეც ზევსისა და მინოტავრის ბრძოლაა ასახული.

მხოლოდ ევროპის ტერიტორიაზე როდი იყო საოცარი ლაბირინთები, ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშიც არსებობდა. მაგალითად, ინდოეთში, ჰალბიდის ტაძარში არის სექტორი, რომელზეც ლაბირინთის გრავიურაა ამოკვეთილი. ეს ტაძარი ჩვ.წ.აღ–ით მე–8 საუკუნეშია აგებული და იქ უხვადაა ბაჰაბჰარტას ეპოსის ეპიზოდების ამსახველი გრავიურები.