თეთრი სახლი: თუ კონგრესი ისრაელისთვის სამხედრო დახმარების შესახებ კანონპროექტში უკრაინის დახმარებას არ ახსენებს, ჯო ბაიდენი კანონპროექტს ვეტოს დაადებს

თეთრი სახლი: თუ კონგრესი ისრაელისთვის სამხედრო დახმარების შესახებ კანონპროექტში უკრაინის დახმარებას არ ახსენებს, ჯო ბაიდენი კანონპროექტს ვეტოს დაადებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ კონგრესი ისრაელისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ კანონს მიიღებს და მასში უკრაინის მხარდაჭერა არ იქნება ნახსენები, ის ვეტოს უფლებას გამოიყენებს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

თეთრი სახლი მოითხოვს, რომ ისრაელისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის საკითხი მხოლოდ უკრაინის დახმარებასთან ერთ პაკეტში უნდა განიხილებოდეს. ამას არ ეთანხმება ზოგიერთი რესპუბლიკელი კონგრესმენი, რომლებიც მზად არიან, მხარი დაუჭირონ ისრაელისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფას, თუმცა ეჭვქვეშ აყენებენ იმ ხარჯებს, რომელთა უკრაინისთვის გამოყოფასაც თეთრი სახლი ითხოვს.

თეთრი სახლის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს უკრაინისა და ისრაელის სამხედრო დახმარებას, ტაივანის დაფინანსებას და მექსიკასთან საზღვარზე დამცავი კედლის მშენებლობას - დახმარების პაკეტის საერთო ოდენობა 106 მილიარდი დოლარია.

კანონპროექტი შეტანილია წარმომადგენელთა პალატაში, სადაც უმრავლესობა „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს. დოკუმენტის დასამტკიცებლად საჭიროა სენატის მხარდაჭერაც, სადაც უმრავლესობას ბაიდენის თანაპარტიელი „დემოკრატები“ შეადგენენ. ამის შემდეგ კანონს პრეზიდენტმა ბაიდენმა უნდა მოაწეროს ხელი.

კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ისრაელის დახმარების დაფინანსებას ითვალისწინებს, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობაზე მაიკ ჯონსონის არჩევის შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა გახდა. სენატში „დემოკრატების“ ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ კონგრესის ზედა პალატაში ამ კანონპროექტს მიღების არანაირი შანსები არ აქვს. თეთრ სახლში კი აღნიშნავენ, რომ თუ დოკუმენტი პრეზიდენტამდე მიაღწევს, ის ვეტოს უფლებას გამოიყენებს.