მწერლები იცინიან

მწერლები იცინიან

მრავალი გამოჩენილი მწერალი გვყავდა და გვყავს ქართველებს. მათი უმეტესობა განსაკუთრებული იუმორით დაჯილდოებული იყო. ქართველი ლიტერატორების ხუმრობები, ანეკდოტები, სახალისო ისტორიები და მოსწრებული გამონათქვამები ხალხში თაობიდან-თაობებში გადადის. დღევანდელ საახალწლო განწყობით დაწერილ ამ სტატიაში ზოგიერთ მათგანს გავიხსენებ.

ქუთაისში, წიგნებით მოვაჭრე ებრაელმა შეიტყო, რომ აკაკი წერეთელი იყო ჩამოსული ქალაქში და თავის გამოსაჩენად თაროებზე ვიტრინაში სულ აკაკის წიგნები გამოფინა (ბევრი მათგანი შინიდან მოატანინა ახლობლებს ).
ესტუმრა პოეტი მაღაზიას და გაკვირვებულმა იკითხა:

- კი, მაგრამ, სხვა ავტორების წიგნები სადღა არის?
- ისინი, ბატონო აკაკი, გაიყიდა - “კომპლიმენტი” უთხრა აკაკის მაღაზიის დაბნეულმა მეპატრონემ.

ანალოგიური ისტორია შეემთხვა ცნობილ ქართველ მწერალს, გურამ დოჩანაშვილსაც. როდესაც მისი მოთხრობების პირველი კრებული გამოვიდა, იმ ხანად საქართველოში კარგი წიგნები დეფიციტს წარმოადგენდა და სწრაფად გაიყიდა. ბატონმა გურამმა საკუთარი “მარაგი” სულ დაარიგა, მაგრამ ნაცნობები მაინც სთხოვდნენ ამ კრებულის ჩუქებას. მწერალმა გადაწყვიტა, რომ თავად შეეძინა მაღაზიებში, მაგრამ ყველგან გაყიდული დახვდა. საწყობშიც აღარ დარჩენილიყო. ურჩიეს, აეროპორტის დასახლებაში მდებარე წიგნის მაღაზიაში მისულიყო. მოძებნა მაღაზია:

- გურამ დოჩანაშვილის მოთხრობების კრებული თუ გაქვთ?
- ბოლო ეგზემპლარი ერთი საათის წინ გავყიდე, - უპასუხა გამყიდველმა.

იმედგადაწურულ და დაღონებულ მწერალს რომ შეხედა გამყიდველმა, მისი დამშვიდება სცადა:

- ბატონო ჩემო, დიდად ნუ ინაღვლებთ, გული არ დაგწყდეთ, სწორედ გუშინ დავამთავრე მაგ წიგნის კითხვა და გულწრფელად რომ გითხრათ, დიდი არაფერია. სისულელეა!.

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი იგონებდა: “ჩემი მეგობარი და ჩემი მეუღლის მეგობარი დაქორწინდნენ. ქორწილი მცხეთაში გადაიხადეს. თამადად მე დამნიშნეს. ავდექი და ასეთი რამ ვთქვი: ორ რამეზე არ ვაგებ პასუხს - იმაზე, ღვინო ნაღდია თუ არა და დედოფალი ქალიშვილია თუ არა-მეთქი. ატყდა სიცილ-ხარხარი.

ამ ამბის შემდეგ მე და ნოდარ დუმბაძე ქუთაისში ვიყავით სტუმრად ჩასულები. მასპინძელმა მთაში წაგვიყვანა საქეიფოდ. გზაზე ვიღაც საშინლად ნაცემი პიროვნება დავინახეთ. მძღოლმა მანქანა გააჩერა და ჰკითხა: - რა იყო, ბიჭო, ეგ რა მოგსვლია? –რა ვიცი, ბიძია, ჯანსუღ ჩარკვიანს ედოს ჩემი ცოდვაო! ბიჭოს, გამიკვირდა - რა გინდა, ჯანსუღი მე ვარ-მეთქი. არ დამიჯერა. რა მინდა და, ქორწილში რაღაც უთქვამს, მეც იგივე გავიმეორე, გამომიყვანეს, ჯორკოზე თავი დამადებინეს და ნაჯახი მირტყეს. დედოფლის ქალიშვილობას შენ ვინ გეკითხებაო.

იმ სულელს თურმე ჩემი სიტყვები არ გაუმეორებია ქორწილში? არ აპატიეს და იარებიც დაადეს”.

მწერალმა რევაზ მიშველაძემ დისერტაცია რომ დაიცვა, ბანკეტი გადაიხადა. ნოდარ დუმბაძე თამადობდა. ზუგდიდელმა მეგობრებმა მწერალს შემწვარი ვაცი ჩამოუტანეს. ორიგინალურად იყო შემწვარი - ფეხებზე იდგა. სუფრაზე რომ დადგეს, შეზარხოშებული სტუმრები აღფრთოვანდნენ. მიშველაძემაც - ჯიხვიაო, საზეიმოდ გამოაცხადა. ნოდარ ჩხეიძემ მოხერხებულად ჩამოაჭრა “ჯიხვს”ხორცი და ჩამოარიგა. გაჭრა მიშველაძის ტყუილმა.

ქეიფის დასასრულს ნოდარ დუმბაძემ იხმო, მხარზე ხელი გადაადო და უჩურჩულა:
- ისე, ტყუილებს ბავშვობიდან ნუ მიეჩვევი, მიშველაძე, თვარა სადოქტორომდე მისვლა გაგიჭირდება. ჯიხვები ჩვენ ვართ, აი თხა ჯიხვად რომ მოგვასაღეო. მაშინ “ჯიხვს” მოტყუებულს, უცოდინარს, “ღრმა პროვინციალს” ეძახდნენ.

ალბათ, დადგა დრო, რომ თავად ბატონი ნოდარ დუმბაძე გავიხსენოთ.
სერგო ორჯონიკიძის ძეგლის გახსნაზე ნოდარს ერთმა ჩინოსანმა უთხრა:

- ძალიან ცუდი ადგილი შეურჩევიათ ძეგლისთვის!
- კარგი ადგილი რაც იყო საქართველოში, გააჩუქა მაგ შეჩვენებულმა და რაც დარჩა, აგია! - გაეპასუხა ნოდარი.

ერთი კარგი სუფრა სულ გააფუჭეს ღვინით: მანავის მწვანეაო, თქვეს და ასვეს ხალხს ძმარი. ”ძმანო ქართველნო! აი მანავის მწვანე კი არაა, წვანავის მავნეა” - გამოუცხადა ნოდარ დუმბაძემ.

ნოდარს ანაგის ქუჩაზე მეტისმეტად დაბალჭერიანი ბინა ჰქონდა, ე.წ. “ხრუშჩოვკის” სამოთახიანი. ”აია, ძამა, საქმე? ბაღანაიზა ჰოოპლა ვერ მითქვამს და მაღლა ვერ შემისროლია. ბუზებს ჭერზე ისე ვკლავ, ფეხის წვერებზე აწევაც არ მჭირდება!” - იტყოდა ხოლმე.

როდესაც ილია აბულაძე უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი იყო, ქართლოს კასრაძემ ერთ აკადემიკოსზე მწარედ იხუმრა. ეს დანაშაულად მიიჩნიეს და დეკანატში იხმეს.
- ჯერჯერობით არ გაგრიცხავთ სახელოვანი მწერლის, დავით კასრაძის ვაჟს, მაგრამ სტიპენდიას კი უეჭველად მოგიხსნით! - დაემუქრა ილია აბულაძე.
- სტიპენდია ისედაც მოხსნილი მაქვს, ბატონო ილია, - უთხრა ქართლოსმა.
- დაგინიშნავ და მოგიხსნი! - უკან არ დაიხია ილიამ.

ბატონი ვახუშტი კოტეტიშვილის მესამე ცოლი მამით ხევსური (გოგოჭური ) და დედით ფშაველია (ბაიაშვილი ). იგი ქმარზე ბევრად ახალგაზრდა იყო. როდესაც თხოვდებოდა, ფშავ-ხევსურებმა სასიძო დაიწუნეს - ბებერიაო. ნაწყენმა ვახუშტი კოტეტიშვილმა ასეთი ლექსი მისწერა მათ:

რად გინდათ, ფშაველ-ხევსურნო,
ჩატყდეს ჩვენს შორის ხიდია,
მე მგონი, კაცი ფასდება,
იმით, რაც უფრო მშვიდია,
რაც უფრო მეტი სიბრძნე აქვს,
რაც მეტი ტვირთის მზიდია.
ძველ ღვინოს ენდეთ, ძმობილო,
თორემ მაჭარი ფლიდია,
ეგ შარი, რასაც მიწუნებთ,
მე სწორედ იქა მკიდია!