სამშენებლო დარგის ექსპერტი თემურ ბულია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუ აქამდე თურქული სამშენებლო პროდუქცია ითვლებოდა უვარგისად, ახლა მასზე უარესი ჩინური თუ ინდური სამშენებლო პროდუქცია გამოჩნდა, რომლებსაც რატომღაც სხვა ქვეყნის დამზადების ნიშანი აქვთ. სინამდვილეში, ჩინეთიდან მომწამვლელი სარემონტო და სამშენებლო მასალები შემოდის.
- ჩვენთან სამშენებლო ნორმები არ არსებობს. არადა, ნებისმიერ ქვეყანაში მოქმედებს ადგილობრივი სტანდარტები. მაგალითად, ევროპის ქვეყანაში არის ევროსტანდარტები, მაგრამ ისინი ყველა ქვეყანაში ვერ მოქმედებს, იმდენად მკაცრი მოთხოვნაა დაწესეული სამშენებლო სტანდარტებზე. ჩვენთან ნებისმიერი მასალა რომ შემოვიდეს, ეროვნულ სტანდარტს უნდა ექვემდებარებოდეს და მოთხოვნა უნდა იყოს როგორც სიმტკიცეზე, ისე ეკოლოგიურ მაჩვენებელზე. ეკოლოგიური უსაფრთხოების დროს სამ რამეზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება: რადიაცია, დაბინძურება და ელექტრომაგნიტური ველი. სერთიფიკატში მითითებული უნდა იყოს რადიაციის დონე და მავნე ნივთიერებების- ფენოლისა და ფორმალინის დასაშვები ნორმა. ამას არავინ ითხოვს, არადა, ეს ნივთიერებები ჩვენთან ყველაზე დიდი პრობლემაა, მაგალითად, ფორმალდეჰიდს შეიცავს ყველა საღებავი. ჩვენ ამ “ემდეეფისგან” (დაპრესილი შეწებებული ნახერხი) ვამზადებთ ავეჯს და შეგვაქვს სახლში. ამ დროს ხის ნატურალურ მასალას გარეთ ვიყენებთ, „აპალოვკაში“. ამ უკუღმართობის გამო დაგვცინიან.
თქვენ აცხადებთ, რომ ჩინეთიდან მომწამვლავი სარემონტო მასალები შემოდის. მართალია, რომ ასეთ საშიშ ჩინურ პროდუქციას სულ სხვა ქვეყნის ეტიკეტი აქვს?
- ჩინეთში არანაირი კონტროლი არ არის ამაზე. მეტიც, ჩინეთში ამზადებენ ყველაზე უხარისხო პროდუქციას და მათი ყველაზე კარგი ხარისხი მაინც საშუალო ევროპულზე დაბალი გამოდის; მართლაც, ჩვენთან შეამოაქვთ ყველაზე უხარისხო პროდუქცია, რადგან იაფია, თუმცა ოდნავ უკეთესი ჩინური პროდუქცია ჩვენში ძალიან ხარისხიანი პროდუქციის ფასად იყიდება. მაგალითად, ასეთ სამშენებლო მასალებს აწერია, „მეიდ ინ ჯერმანი“, „სპეინ“ და ა.შ. სინამდვილეში კი, ჩინეთშია დამზადებული. ამასთან, რუსულ ენაზე აწერენ ყველაფერს. ამიტომ კონტროლი სჭირდება ამ ყველაფერს. რადიაციულობის თვალსაზრისით, ვინმემ გააკონტროლა, როგორი ხარისხის მასალა შემოდის? ამ ყველაფრის მიზეზი ჩვენი მოსახლეობის გაუთვითცნობიერებლობაა. კაციშვილი არ ითხოვს, შეამოწმოს საკუთარი ბინა.
მაგრამ ნატურალური ხის მასალა ძვირია.
- მაშინ უნდა ამჯობინონ ასეთი ავეჯი, რომელიც ფენოლის საშინელი წყაროა. ერთ მაგალითს გეტყვით, გერმანიაში ბოლო ორი წლის განმავლობაში ახლად აშენებული 3500 ბინა შეამოწმეს. თანაც, გაითვალისწინეთ, გერმანია მშენებლობის მეფეა და ამ მხრივ დიდი მიღწევები აქვს. ტერმინი „ახლად გარემონტებულიც“ არ არის სწორი. უბრალოდ, მივეჩვიეთ ამ სიტყვას, თორემ, როგორც წესი, ახალ ბინას რემონტი არ უკეთდება, რემონტი ძველის აღდგენაა. გერმანელების მიერ შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბინების 80%-ში შეუძლებელი იყო ცხოვრება, რადგან 13-15 სხვადასხვა ტიპის სამშენებლო მასალა იყო გამოყენებებული- ლამინატი, საღებავი, ემულსია, მშრალი მობათქაშება ანუ ე.წ. სუხოი შტუკატურკა, შპაკლი; ყველა მათგანი, ცალ-ცალკე აბსოლუტურად ეკოლოგიურად უსაფრთხო იყო, მაგრამ ჯამური მაჩვენებლით ისეთ დონეს აღწევდა, რომ შეუძლებელი იყო იქ ცხოვრება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბავშვის ოთახში ზედმეტი ქიმიური დაბინძურება როგორ შეიძლება?! განსაკუთრებით, საუბარია ელექტრომაგნიტურ ველზე, რაც იწვევს სიჩლუნგეს, თავის ტკივილს, ბავშვი არ ვითარდება. სამშენებლო მასალებისგან რადიაციას იღებს ადამიანი, ამიტომაცაა ამდენი ავადმყოფობა, იხსნება ამდენი აფთიაქი... ამერიკელებმა თავიანთი საელჩო რომ გააკეთეს, ის სრულიად განსხვავდება იმ შენობებისგან, ტინგიცა მიშა რომ აშენებდა. ამერიკელებმა მხოლოდ ერთ ადგილზე, მარნეულის კარიერზე შეარჩიეს ღორღი და იქიდან მიჰქონდათ; დანარჩენი, ყველა დაიწუნეს რადიაციის გამო. ჩვენთან სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი არ არის, მშენებლობის სამინისტრო მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია, მარტო ჩვენთან არ არის. საქართველოში ყველაფერი გაიოლებულია. ამას ემატება უცოდინარი კადრები. თუ საქმე იცი, ხელს გიშლიან საქმის კეთებაში და, რომ არ იცოდე საქმე, ეს უკეთესია. უსაფრთხო სამშენებლო მასალებით მთავრობა უნდა იყოს დაინტერესებული, რადგან შენი ხალხისთვის კეთდება ეს. რადონი (საშიში რადიაქტიური აირი) უბრალო საჭმელი ხომ არ არის, რომ ადამიანი მოიწამლოს. ადამიანი მთელი თავისი ცხოვრების 62 %-ს ბინაში ატარებს. ამდენი უხასიათობა, სტრესი, ნერვიულობა, ფსიქოზი- უხარისხო სამშენებლო მასალისგან მოდის. 20 წლის განმავლობაში სამშენებლო ქიმია რაღაც არნახული ტემპით განვითარდა. არ მეგონა, თუ თურქულ სამშენებლო მასალაზე უარესი კიდევ რამე იქნებოდა, მაგრამ ჩინური და ინდური მასალების გამო თურქული სანატრელი გამიხდა. სამსახურებში რომ ვმუშაობთ, ელექტრომაგნიტური ველით დაინტერესდა ვინმე? როცა დასაშვებზე მეტია ელექტრომაგნიტური ველი, ადამიანის საქმის ნაყოფიერება 30 %-ით მცირდება. ამიტომ ნორმალურ ქვეყანაში ფირმის უფროსი ამოწმებს ელექტრომაგნიტურ ველს.
ეკოლოგიური უსაფრთხოების მხრივ ყველაზე უნაკლო სახლებს სად აშენებენ?
- უნაკლო და იდეალური არსად არ არსებობს. ყველაზე მეტად განვითარებულია გერმანია, ესაა მშენებლობის მექა. ყოველი მეოთხე სამშენებლო პატენტი, რომელიც მსოფლიოში გაიცემა, გერმანელებისაა. ისინი ჩვენთან შედარებით 50 წლით წინ არიან. გერმანული სტანდარტი და მიდგომაა მთავარი. ეკოლოგიურად სუფთა მასალა ჩვენში ძვირია, მაგრამ იაფიანს რომ ვყიდულობთ, უნდა ვიცოდეთ, რატომ ღირს იაფი?! ევროპის ქვეყანაში ცხრა მოთხოვნა აქვს ლამინატს. ამ მხრივ ყველაზე ხარისხიანია ნორვეგიული, შემდეგ მოდის ფინური, შემდეგ გერმანელები უშვებენ საუკეთესო და, ასევე,- მეორეხარისხოვან პროდუქციასაც. გიბსოკარდონს ამერიკელები შემთხვევათა 80%-ში უკვე აღარ იყენებენ. გიპსოკარდონი უკვე გუშინდელი დღეა, გიპსოს შემცველი ფილები შემოვიდა, მაგრამ ეს ფილები ჩვენთან რომ შემოვა, 15 წელიწადი კიდევ დაგვჭირდება.
ძველ პერიოდში ვერ დავბრუნდებით, როცა ქართველები ბუნებრივი მასალისგან აკეთებდნენ სახლებს. მაგრამ, უხარისხო სამშენებლო მასალები თუკი ასეთი დამღუპველია და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედებს, რა კომპრომისზე უნდა წავიდეთ?
- ძველ პერიოდში მართლაც ვერ დავბრუნდებით, მაგრამ შპალერი ხომ მაინც უნდა იყოს ნორმალური ქაღალდის?! პრობლემაა ის, რომ ქაღალდის შპალერი ძვირი ღირს, ეს გასარეცხი შპალერები კი ყველა საშინელებაა, იმდენი გამოსხივება აქვს, ფენოლი და ფორმალინი, ამის შემდეგ მოდის ემულსია, საღებავები, რაც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. თანაც, რაც უფრო მალე შრება, მით უარესია, მასში უფრო მეტი ფორმალინია და დიდი ხნის მანძილზე არ გამოდის მისი სუნი. საბჭოთა კავშირმა გერმანიაში რომ ააშენა ასეთი სახლები, გერმანელები სულ ფენოლიან სახლებს ეძახდნენ. აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანია როცა გაერთიანდა, პირველად ზუსტად ამ სახლების დაშლა დაიწყეს, რომელიც წლების მანძილზე ასხივებდა ხალხს. შემდეგ რუსები დაინტერესდნენ, ამ სახლებს რატომ ანგრევენო. ასე რომ, 1952-53 წელს აშენებული სახლები 1995 წელს დაშალეს, რადგან ქიმიურ დაბინძურებას ასხივებდა. მოსკოვში 70 ფირმა მაინც არის, რომელიც ეკოლოგიურად ამოწმებს სახლებს და იქ ბინების 80% შემოწმებულია. საქართველოში კი გარემოს დაცვის სამინისტრომ მაინც იზრუნოს ამაზე.