რა თქმა უნდა, დვანში ჩასვლას და მოსახლეობასთან დაპირისპირებას ბარნოვი ვერც მოიფიქრებდა და არც მოიფიქრებდა. საერთოდ, ფიქრი მაგის სტილში არ ჯდება. აქედან დასკვნა - უბრძანეს და შეასრულა, ცოტათი უხალისოდ, ენთუზიაზმის გარეშე, რადგან დიდი იყო რისკი იმისა, რომ მას უწოდებდნენ დებილს, კრეტინს, სულელს, იდიოტს, უვიცს, უსაქმურს, დაუმთავრებელს... მე თავს ვერ შევიკავებდი და არც ვარ დარწმუნებული, რომ დვანელებმა მოახერხეს და არ უთხრეს ის, რასაც მასზე ფიქრობდნენ, ხოლო რომ ფიქრობდნენ და ახლაც ფიქრობენ, ამაში ეჭვი არ მეპარება. მაგალითად, როცა შემოდგომა მოდის, იცი, რომ ხეებს ფოთლები დასცვივდებათ, რომ ზამთარს მოაქვს სუსხი, გაზაფხულს სიმწვანე, ხოლო ზაფხულს - პაპანაქება. ხომ არის რაღაც უეჭველი, და ეპითეტების იმ ჩამონათვალში, შესაძლოა, დებილი, კრეტინი და იდიოტი ცოტა გადაჭარბებულიც იყოს, მაგრამ უსაქმური და დაუმთავრებელი, ვფიქრობ, ზუსტი შეფასებაა. განსაკუთრებით ეს - დაუმთავრებელი.
თუ ვინმეს სმენია ანდრო ბარნოვის გაკეთებული საქმის შესახებ, ვთხოვ, გამომეხმაუროს, თუმცა, წინდაწინ ვიცი, რომ ბუნებაში ასეთი ვინმე არ არსებობს, უბრალოდ - შეუძლებელია და დაუჯერებელი.
როდესაც ექსპერტ ბარნოვის კომენტარებს და შეფასებებს ვისმენდი ან ვკითხულობდი, ყოველთვის მიკვირდა იმ რედაქტორების, რომლებიც ჟურნალისტებს მის ჩაწერას ავალებდნენ. გასაგებია, რომ უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენ, ხოლო უკატო ქვეყანაში ვირთხები კნავიან. ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი? არ მგონია, რომ სადმე უწიგნური ექსპერტობდეს და სტუდენტი ფაკულტეტის დეკანი იყოს. ეს, ალბათ, მხოლოდ იქ შეიძლება მოხდეს, სადაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ცირკს იქით ვერ იხედება, ქვეყნის პრეზიდენტი კი, გიჟია, ოღონდ - დედალი გიჟი.
ქვეყანა გვაქვს - გაგიჟდები. ცოტაც უნდა მოვითმინოთ, ცოტაც უნდა ავიტანოთ, მაგრამ ამ ცოტ-ცოტაში ცხოვრება გადის. ცოტაცა, შვილო, ცოტაცა და... ისე არ გამოვიდეს, რომ მერე სასოწარკვეთილებმა ვიღრიალოთ: „გოდერძი, შვილო!“ მაგას ის ჯობს, სხვამ იყვიროს: „ანდრო, ძმაო!“
რავი... თუ ყავს ძმები.
ბებიაჩემის პარალელური კლასელები მასწავლიდნენ, რომ ეგეთებს ძმები არ ყავთ და ახლა, როცა უკვე მე თვითონ ვარ ბებიაჩემის პარალელური კლასელი, სხვებს ვუხსნი, რომ ეგეთებს ყავთ მხოლოდ ბატონები და მონები და, რა თქმა უნდა, ისინიც დაუმთავრებლები იქნებიან, ხოლო ის, მისი მთავარი ბატონი, ცოტაც და, საბოლოოდ დამთავრდება, თანაც - ძალიან ცუდად.
ისე, ჩვენში დარჩეს და, რა საინტერესოა არა? - ექსპერტი, დეკანი, რექტორი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და, მაინც - დაუმთავრებელი.
დაუმთავრებლები ეძებენ დაუმთავრებლებს, პოულობენ და მთავრდებიან. ეს მთელი პროცესია. პროცესის დასასრული განსაკუთრებული მოთმინებით და შემწყნარებლობით ხასიათდება. ხშირად ისმის: „შეეშვით, გიჟია“ ან „თავი დაანებეთ, სულელია“.
დვანის ინცინდენტიც სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ - უბრძანეს, რომ წასულიყო, ეახლა ჟურნალისტები, შესულიყო და აერია, მაგრამ თვითონ იყო არეული და სათქმელი ბოლომდე ვერ დაალაგა და ამიტომაც იყო პედიატრი სერგეენკო ბავშვობის ასაკიდან ჯერ არ გამოსულ ბარნოვს ფსიქიატრის თვალით რომ ზომავდა, ამიტომ არის, რომ იტყვიან, რასაც ისწავლი, ყველაფერი გამოგადგებაო.
წინა ცხოვრებაში, როცა მშენებელი ვიყავი, ბევრჯერ მომიწია არმატურის განივკვეთის გამოთვლა და ახლა, კოჰაბიტაციის დასრულების დაპირებები რომ ისმის, ვფიქრობ, რომ გისოსების განივკვეთის დადგენასაც შევძლებ, იქნება ეს ციხისთვის თუ ფსიქიატრიულისთვის, სადაც დედალ-მამალი გიჟები სხედან.
ახლა აზრად მომივიდა, რომ ბაკურ კვეზერელი, როცა მამალ ძროხებზე საუბრობდა, ნამდვილად ბარნოვზე ფიქრობდა, ყოველ შემთხვევაში, როცა ბარნოვისა და დვანელების საუბარს ვუცქერდი, მე მაშინვე კვეზერელის მამალი ძროხა გამახსენდა. მამალი ძროხა დედალი გიჟების თილისმაა. მამალ ძროხას ვერც მოწველი და ვერც უღელში შეაბამ, აბსოლუტურად გამოუსადეგარია და მხოლოდ ცხრაწლიანი მმართველობის საკადრო პოლიტიკის დასახასიათებლად თუ გამოდგება, რა თქმა უნდა, ანდრო ბარნოვთან ერთად.
„მე ვარ ბარნი, პატარების მეგობარი, მარცვლეულის ქვეყნიდან მოსული, ის სავსეა გემრიელი რძით და საოცარი შოკოლადით... ბარნი მართლაც საოცრებაა, სიმართლე გითხრათ, მეც მიყვარს ბარნი... ხორბლით, რძით და შოკოლადით, საღებავებისა და კონსერვანტების გარეშე“ - ხომ გახსოვთ ეს რეკლამა?
არანაირი მიზეზი არ მაქვს იმისა, რომ ბარნის რეკლამას არ ვენდო - რძითა და შოკოლადით სავსე გამომცხვარი დათუნია ბარნი... მაგრამ ბარნიზე რომ ბარნოვი მახსენდება? ბარნოვი - მამალი ძროხის რძით სავსე, საღებავებითა და კონსერვანტებით გაჯერებული, შოკოლადის ბრჭყალებიანი დაუმთავრებელი დათუნია, რომელსაც ცხვირწინ ააცალეს თაფლი და გვარიანად დატუქსეს, გეყო, რაც ჭამეო.
აბა, რა ეგონა, ჩასაძირად განწირულ, ნარჩენებით სავსე გემზე რომ მიცოცავდა? ცნობილი ფაქტია - ჩასაძირად განწირული გემიდან ვირთხები გარბიან, მაგრამ თუ ვირთხა დაუმთავრებელია? სწავლა მაინც დაემთავრებინა... დაემთავრებინა ერთი წიგნი მაინც იმ ორიდან, რომლის კითხვაც დაიწყო. დაემთავრებინა და ასე არ დამთავრდებოდა - დედალი გიჟის დაუმთავრებელ დათუნიად.
მეცოდება ანდრო ბარნოვი, მხოლოდ იმიტომ მეცოდება, რომ „ადამიანს ყველაზე დიდ შეურაცხყოფას მაშინ აყენებენ, როცა იცოდებენ“. ამიტომაც ვიცოდებ და ამიტომაც მესმის სერგეენკოსი, რომელმაც ფსიქიატრის თვალით შეხედა და ოდენ „მიბრძანდით აქედან და გვაცადეთ მუშაობა“ ამყოფინა.
შევეშვათ, სულელია... მაგრამ სისულელიდან სიგიჟემდე ერთი ნაბიჯია, სულელი კი მააშინ გიჟდება, როცა ხვდება, რომ დაუმთავრებელია. ერთი სულელის გაგიჟება უკვე ვიხილეთ და „გიჟი მიუშვი ნებასა“ სულაც არ არის სწორი, მით უმეტეს, როცა ამას ქვეყნის ინტერესები ეწირება.
კი, გიჟები მიდიან და იმდენი უნდა შევძლოთ, რომ დაუმთავრებლებიც მივაყოლოთ. დაუმთავრებლები უნდა დამთავრდნენ. ჩვენ ეს უკვე ვიცით, ჩვენ ხომ სწავლის ცხრაწლიანი კურსი დავამთავრეთ!..