მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 114 მილიონს მიაღწია. ამის შესახებ გაერო იტყობინება.
ორგანიზაციის ცნობით, 2023 წლის პირველ ნახევარში გადასახლების მთავარი მიზეზები გახდა: უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომი, კონფლიქტები სუდანში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მიანმაში, ასევე გვალვა, წყალდიდობები და სახიფათო ვითარება სომალიში და ჰუმანიტარული კრიზისი ავღანეთში.
გაეროს მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში მთელს მსოფლიოში თავშესაფრის მიღებაზე 1,6 მილიონი ახალი განაცხადი გაკეთდა, რაც ყველაზე მაღალი რიცხვია ისტორიაში. ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით ლტოლვილი კიდევ 4 მილიონი ადამიანი გახდა.
გაეროს ანგარიშში აღნიშნულია, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ომის ჰუმანიტარული შედეგები ჯერ კიდევ შესაფასებელია.