ქართული პრესა სანახაობით ტკბება

ქართული პრესა სანახაობით ტკბება

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოება – ევროპული არჩევანი“ აგრძელებს  მედია–კვლევას, რომლის მიზანია, არჩევნების პერიოდში, მედია–მონიტორინგის გზით, განსაზღვროს, რამდენად იცავს პრესა ობიექტურობის პრინციპს და პროექტში მონაწილე ექსპერტების დახმარებით, შემუშავდეს დასკვნა აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით, შეიქმნას ზოგადი სურათი მედიასაშუალებების აქტიურობისა არჩევნების პერიოდში. ამავე დროს, პროექტის მიზანს წარმოადგენს არა მხოლოდ ამა თუ იმ პოლიტიკური პროცესისადმი მედიის ყურადღების ხარისხის განსაზღვრა, არამედ უშუალოდ იმის დადგენა, თუ რა ადგილს უთმობს ბეჭდური მედია თავად არჩევნებისთვის მზადების პროცესს, პოლიტიკური სუბიექტებისა და ამომრჩევლის ურთიერთობას, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის პროცესში საკუთარ როლს და ადგილს, საარჩევნო ადმინისტრაციების საქმიანობას, მათ მიღწევებს თუ მათ ქმედებებში აღმოჩენილ დარღვევებს.   

პროექტში დაკავებული ექსპერტები ყოველი კვირის დასასრულს გააანალიზებენ წინასაარჩევნო პერიოდში მედიის აქტიურობას, გამოყოფენ იმ პრიორიტეტულ თემებს, რომელიც თავად გაზეთებმა აირჩიეს  გასაშუქებლად.

აქვე დავძენთ, რომ დამოუკიდებელი ბეჭდური მედია თავად წყვეტს, რომელ მოვლენას ან პოლიტიკურ სუბიექტს რა ადგილი დაუთმოს საკუთარი გაზეთის ფურცლებზე. თუმცა, ამავე დროს, არსებობს ზოგადი კრიტერიუმები, რომელთა დაცვაც მედიისთვის აუცილებელია პოლიტიკურ მოვლენათა ობიექტური გამშუქებლის ფუნქციის შესასრულებლად.

გასულ კვირას ექსპერტებმა გააანალიზეს ის პუბლიკაციები, რომელიც შემდეგ გაზეთებსა თუ ინტერნეტპორტალებში გამოქვეყნდა:  „რეზონანსი“, „ვერსია“, „კვირის პალიტრა“, „ასავალ-დასავალი“, „კვირის ქრონიკა“, „პრაიმ-ტაიმი“, „ახალი თაობა“, „Netgazeti.ge“, „for.ge“, „primereinfo.ge“

არჩევნების თემას ამ გამოცემებმა, ჯამში, 65 სტატია მიუძღვნეს. აქედან არჩევნების თემა უარყოფით კონტექსტში 23-ჯერ გაშუქდა, ნეიტრალური აღმოჩნდა ასევე 41 სტატია, კონკრეტული კანდიდატისა და პროცესის მიმართ დადებითი განწყობა კი მხოლოდ ერთ პუბლიკაციაში იგრძნობოდა.

კვირიდან კვირამდე გაზეთები  ერთი და იმავე „მენიუს“ გვთავაზობენ

თამარ მჭედლიშვილი

წინასაარჩევნო პერიოდში, ამომრჩეველთა ინფორმირებისას, მედიას სამი ძირითადი პრინციპის დაცვა მოეთხოვება: ობიექტურობა, სანდოობა და საარჩევნო სუბიექტების თანაბარ პირობებში ჩაყენება. თავიდანვე ვიტყვი, რომ გასულ კვირას ბეჭდური მედიის ფლაგმანებმა კვლავ არ გაითვალისწინეს მესამე მოთხოვნა და კანდიდატები ისევ არათანაბარ პირობებში ჩააყენეს.

როდესაც გაზეთები პრეზიდენტობის მხოლოდ სამ თუ ოთხ კანდიდატს უთმობენ საკუთარი გამოცემის გვერდებს და დანარჩენებს ან გაკვრით, ან საერთოდ არ ახსენებენ, ამით, პირველ რიგში, მკითხველის (იგივე ამომრჩევლის) არჩევანზე ირიბ გავლენას ახდენენ, რაც სრულიად არ შეესაბამება ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებსაც. შესაბამისად, საერთო სურათი გვიჩვენებს, რომ ამა თუ იმ ხარისხით, მაგრამ მედია ზემოთ ჩამოთვლილ სამივე პრინციპს არასერიოზულად უდგება.

ამ პროექტის დაწყებიდან უკვე ერთი თვეა გასული და გამოიკვეთა ერთი არასასიამოვნო რეალობა - კვირიდან კვირამდე გაზეთები მკითხველს მხოლოდ ერთი და იმავე „მენიუს“ სთავაზობენ. რა თქმა უნდა, ეს პრეტენზია ზოგ გაზეთს მეტად ეხება, ზოგს კი - ნაკლებად, მაგრამ საერთო სურათს ეს, სამწუხაროდ, არ ცვლის.  

როგორ და რამდენჯერაც არ უნდა მოიხსენიონ ჟურნალისტებმა ნინო ბურჯანაძე, გიორგი მარგველაშვილი თუ დავით ბაქრაძე, ეს ვერ შეავსებს იმ საინფორმაციო ვაკუუმს, რომელიც ბეჭდურმა მედიამ შექმნა მარტივი მიზეზის გამო - მკითხველს უფლება აქვს იცოდეს სხვა კანდიდატების შესახებაც, ანდა, უბრალოდ, გაიგოს პასუხი ერთ მარტივ კითხვაზე - რატომ გადაწყვიტეს მათ კენჭისყრა. ამასთან, ნამდვილად არ იქნებოდა ურიგო სხვა კანდიდატების ბიოგრაფიიც ცოდნა, მათი პროგრამების თუნდაც მთავარი გზავნილების მკითხველამდე მიტანა.

სამწუხაროდ, რიგითმა მკითხველმა „არაფავორიტ“ კანდიდატებზე გაზეთებიდან ვერაფერი შეიტყო, ინფორმაციის დეფიციტი კი, სავარაუდოდ, სამაუწყებლო მედიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით შეივსო.

საზოგადოებაც და მედიის წარმომადგებლებიც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალი სახეების გამოჩენის მომხრეები არიან, მაგრამ როგორც კი ახალი სახე ჩნდება თუნდაც საპრეზიდენტო კანდიდატის სახით, მისდამი ან სრული გულგრილობაა, ან - დამცინავი ტონი. სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენთვის უცნობი კანდიდატები მართლაც არ იყვნენ „ყურადღების ღირსი“, მაგრამ ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია. ამა თუ იმ კანდიდატზე გარკვეული ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ  ამომრჩეველი თავად შეძლებს განსაზღვროს, არის თუ არა რომელიმე ახალი სახე მისთვის საინტერესო.

ერთი სიტყვით, კანიდატების შესახებ მხოლოდ ობიექტური და სრულფასოვანი ინფორმაცია დაეხმარება მკითხველს გააკეთოს არა ემოციური, არამედ პრაგმატული არჩევანი.

ეს - რაც შეეხება კანდიდატებს. თუმცა არსებობს კიდევ სხვა მოთხოვნები, რომლის დაცვაც კვლავ და კვლავ მკითხველის (იგივე ამომრჩევლის) ინტერესების დაცვას უკავშირდება. ესაა ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის გაშუქება.

როდესაც პოლიტიკური ძალები ცდილობენ არჩევნების შედეგების გაყალბებაზე აქცენტების გადატანას, როდესაც ისმის ბრალდებები ამა თუ იმ საოლქო თუ საუბნო კომისიაში ფარული გარიგებების შესახებ, მედია ვალდებულია, გადააამოწმოს ეს ინფორმაცია და თავის მკითხველს შეძლებისდაგვარად ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს. გამოიყენება თუ არა რეგიონებში ადმინისტრაციული რესურსი? როგორ ფუნქციონირებენ საუბნო კომისიები? რა ხდება საარჩევნო სიებთან დაკავშირებით - შესწორდა თუ არა ხარვეზები?  გასულ კვირას ამ კითხვებზე პასუხი მკითხველს არ მიუღია.

და, კიდევ ერთ მნიშვნელოვანი თემა, რომლის შესახებაც გაზეთები რატომღაც დუმილს ამჯობინებენ - 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მედია აღშფოთებული იყო იმ შეზღუდვების გამო, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მას დაუწესა და  რომელიც, მათ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე გადაადგილების უფლების შეზღუდვას უწესებდა. შეცვალა თუ არა ცესკომ ეს გადაწყვეტილება? მიდის თუ არა ამ თემის განხილვა? იაქტიურეს თუ არა მედიასაშუალებებმა, რათა ეს შეზღუდვა მოხსნილიყო? გასულ კვირას ინფორმაცია ამის შესახებ მკითხველს მხოლოდ „რეზონსმა“ მიაწოდა თავის სტატიაში სათაურით:  “უბნებზე გადაღების წესის შეცვლის საკითხი გაურკვეველია“ („რეზონანსი“  30  სექტემბერი). მთლიანობაში კი უნდა ითქვას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს ყველაზე მეტად „რეზონანსი“ აშუქებდა:  „ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები შემცირდება, საერთაშორისო კი იგივე დარჩება“ („რეზონანსი", 2 ოქტომბერი), „ვინ სარგებლობს ცესკოს სახელით“ („რეზონანსი“.  2 ოქტომბერი)

რაც შეეხება სხვა გამოცემებს: საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო გაზეთ „ვერსიაში“ გამოქვეყნებული სტატია სათაურით: „რომელი პარტიები დააჯარიმა აუდიტის სამსახურმა და რამდენი ათასი ლარის გადახდა მოუწევს ნინო ბურჯანაძეს“ („ვერსია“ 3-4 ოქტომბერი), საიდანაც მართლია, არცთუ ობიექტური შეფასებების თანხლებით, მაგრამ მკითხველმა მიიღო გარკვეული ინფორმაცია პარტიების ფინანსების შესახებ.

კვლავ ნიუსების დონეზე გააშუქა წინასაარჩევნო მზადება და ფავორიტი კანდიდატების ვოიაჟი „ახალმა თაობამ“.

რაც შეეხება ყოვლეკვირეულ გამოცემებს - პირდაპირ ვიტყვი, რომ არაფერი ახალი მათ არ შემოუთავაზებიათ, თუ არ ჩავთვლით „Prime time“-ის  (30 სექტემბერი -6 ოქტომბერი) ნომერში გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიას სათაურით:  „არჩევნები და კოალიციები“, სადაც  საუბარია მომავალი ადგილობრივი არჩევნების შესაძლო კოალიციიების შესახებ.

სამწუხაროდ, გასულ კვირას ბეჭდურ მედიაში სხვა ახალი არაფერი ყოფილა.

ქართული პრესა სანახაობით ტკბება

როზი ჯღამაია

წინასაარჩევნოდ, ქართული პრესა, ბუნებრივად დიდ დროს უთმობს საარჩევნო თემატიკას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არაბუნებრივად დიდი დრო აქვს დათმობილი უარყოფითი შინაარსის ინფორმაციას. 6 გამოცემის წინასაარჩევნო 56 სტატიიდან და ნიუსიდან 21 უარყოფითი ხასიათისაა, აქედან მხოლოდ 3 ინფორმაციაა დადებითი, ხოლო დანარჩენი ზოგადი ხასიათიაა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ქართულ პრესაში ყველაზე დიდი დრო პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატს, ნინო ბურჯანაძეს ეთმობა (14 სტ.), მმართველი გუდის კანდიდატზე, გიორგი მარგველაშვილზე კი სულ 7 სტატია გვხვდება. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატზე, დავით ბაქრაძეზეც, ასევე, 7 ინფორმაციის წაკითხვა შეიძლება, საიდანაც დიდი ნაწილი, მხოლოდ ნიუსური ტიპისაა.     

გასულ კვირას, პრესამ მხოლოდ ერთი სტატია მიუძღვნა შალვა ნათელაშვილს, 5 ინფორმაცია აღწერს „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ და მისი კანდიდატის, გიორგი თარგამაძის წინასაარჩევნო შეხვედრებს, ხოლო დანარჩენი ინფორმაცია, ძირითადად, არჩევნების თემატიკას, ბიძინა ივანიშვილს, კოაბიტაციის თემატიკას და რეიტინგებს ეხება.      

გასულ კვირას, თითქმის, ვერსად წაიკითხვდით სტატიას დანარჩენი პრეზიდენტობის კანდიდატების შესახებ. ერთი შეხედვით, არჩევნებისთვის ეს არაბუნებრივი მდგომარეობაა, თუმცა ქართული პრესა ზუსტად ასახავს ქართულ რეალობას.

2013 წლის წინასაარჩევნო პერიოდი თითქმის არაფრით გამოირჩევა სხვა წარსული არჩევნების პერიოდისგან. საქართველოში, თითქმის, ყველა არჩევნები განსაკუთრებული თავისებურებებით გამოირჩეოდა, არჩევნებზე არჩევანის გაკეთების ნაცვლად, საზოგადოება წარსულ მმართველობას ეუბნებოდა უარს და სწორედ ეს განაპირობებდა ახალი კანდიდატის გამარჯვებას. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ყველა გასულ არჩევნებზე არასოდეს ხდებოდა კანდიდატთა, ან პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო პროგრამის განხილვა. ასე რომ, არც ამჟამინდელი არჩევნებია გამონაკლისი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შესაძლოა, შეცდომაც იყოს, ამაში მხოლოდ პრესა დავადანაშაულოთ, ვინაიდან ის ზუსტად ასახავს ქვეყანაში საზოგადოების განწყობას.

ქართულ პრესაში წარმოდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია ორ ნაწილად შეიძლება გავყოთ - მარგველაშვილი და მარგველაშვილის მოწინააღმდეგეები. მმართველი გუნდი და მისი კანდიდატი, ძირითადად, მომავალ გეგმებზე (თუმცა არა - პროგრამულად) საუბრობს, რაც ლოზუნგების ხასიათს ატარებს. მაგ: „27 ოქტომბერს კოაბიტაცია დასრულდება“; „რუსეთთან ურთიერთობა უნდა დავარეგულიროთ“; „დავიცავთ ყველას უფლებებს“. აღსანიშნავია ისიც, რომ მარგველაშვილი პრესაში, თითქმის, არასოდეს საუბრობს ოპონენტებზე, რასაც ვერ ვიტყვით სხვა კანდიდატებზე.

პრესაში მარგველაშვილის ოპონენტების ყველა გამონათქვამი, შეიძლება ითქვას, რომ მმართველი გუნდის და მისი კანდიდატის კრიტიკას ეთმობა. თუმცა, მარგველაშვილის მსგავსად, არც თავად საუბრობენ თავიანთ წინასაარჩევნო პროგრამაზე და მთელი აქცენტი მხოლოდ ლოზუნგებზეა გადატანილი.

გასული კვირა, წინა კვირეებისგან ერთი მნიშვნელოვანი დეტალითაც განსხვავდება, თუ ადრე დიდი დრო ეთმობოდა კოაბიტაციის და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის თემატიკას, ბოლო პერიოდში, პრესის ყურადღება გადატანილია საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგებზე, სოციოლოგიურ კვლევებზე და რა თქმა უნდა, არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ალბათობაზე.    

გაზეთი „ახალი თაობა“ აქვეყნებს ინტერვიუს კახა კუკავასთან, სადაც პოლიტიკოსი ასკვნის, რომ თუ მეორე ტური არ ჩატარდება,  „საქართველოში პოლიტიკური მღელვარება გარდაუვალია“.

მეორე ტურის თემა პრესაში სწორედ იმის გამო იქცა აქტუალურად, რომ იგი პირდაპირ კავშირშია „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც ნინო ბურჯანაძე და მისი მხარდამჭერები ამბობენ, „გარიგებასთან“. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ მმართველი გუნდის კანდიდატის დისკრედიტაციას ემსახურება. 

„ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის არის შეთანხმება, რომ პარიტეტულად გააყალბონ არჩევნები ნინო ბურჯანაძის ხარჯზე“, - წერს „ახალი თაობა“ კახა კუკავაზე დაყრდნობით.

აქვე წაიკითხავთ სანდრო ბრეგაძეს ინტერვიუსაც, სადაც ისიც იგივეს ამბობს: „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიები ღიად საუბრობენ, რომ არ სურთ ნინო ბურჯანაძე იხილონ მეორე ადგილზე“.

გაზეთი „ასავალ დასავალი“ კი თემურ შაშიაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს: „თუ მარგველაშვილი გაიმარჯვებს, არჩევნები გაყალბებულია, ხოლო თუ მარგველაშვილს გაამარჯვებინეს და ბაქრაძე მეორე ადგილზე გაიყვანეს, ეს უკვე იმას ნიშნავს კოაბიტაცია ნამდვილად დამთავრდა და „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ შეერთდნენ“.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, წინასაარჩევნო კამპანია, ძირითადად, ნეგატიურ ინფორმაციაზეა აგებული და არც ქართული პრესა ცდილობს საზოგადოებას ეს არჩევნები სხვა კუთხით დაანახოს.

თავისთავად, ეს მარტივი ამოცანა არაა, ვინაიდან, კანდიდატების დიდი ნაწილი მხოლოდ კონკურენტის შეცდომებზე ამახვილებს ყურადღებას და იმაზე აგებს საკუთარ კამპანიას.

„დავით ბაქრაძემ ხალხს ისიც მოუწოდა - დანა- ჩანგალი აიღეთ ხელში და ისე დაიცავით საქართველოო. წესიერად მოქცეულიყო ეგ და თავის პრეზიდენტი და დვანში არ ვიქნებოდით ახლა ჩასასვლელები“, - ეს ფრაზა დვანში ჩასვლისას წარმოთქვა ბურჯანაძემ.

„არ იქნება რთული წარმოვიდგინოთ რა გრძნობები გაუჩნდება პრემიერს, როდესაც შეუსრულებელი დაპირებების გამო, ხალხი პასუხების მოთხოვნას დაიწყებს“, - ეს კი კიდევ ერთი კანდიდატის, გიორგი თარგამაძის საარჩევნო კამპანიის მთავარი თეზაა.

როდესაც საზოგადოება ქართულ პრესას ეცნობა, რთულია საკუთარი განწყობა ამა თუ იმ კანდიდატთან დაკავშირებით, პოზიტივზე ააგოს და არჩევანი ისე გააკეთოს. მართალია, პრესა ზუსტად ასახავს ქვეყანაში წინასაარჩევნო ვითარებას, თუმცა თავადაც არ ინტერესდება თითოეული კანდიდატის საარჩევნო პროგრამებით და მისი გაანალიზებით. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ქართული პრესაც სანახაობით ტკბება და სხვა ამოცანა არც გააჩნია.