„ახლა ამაზე ააგო ანდრო ბარნოვმა სისულელეები...“

„ახლა ამაზე ააგო ანდრო ბარნოვმა სისულელეები...“

ანაკლიის პორტის თემით დაინტერესებისას ამ დარგის სპეციალისტებისგან შევიტყვე, რომ ეს პროექტი მოპარულია ნაციონალების მიერ და მისი ავტორი საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტის სპეციალისტი, ცნობილი კონსტრუქტორი ანზორ ჩაჩუაა.

თავის დროზე თურმე ანზორ ჩაჩუას შეუწავლია აღნიშნული ტერიტორიის გეოგრაფიული ჭრილი, უწარმოებია ლანდშაფტური დამუშავება და ჩაუტარებია მოსამზადებელი სამუშაოები, რის შემდეგაც ამ პროექტმა რამდენჯერმე წამოიწია, შემდეგ შეჩერდა და დაივიწყეს, ბოლოს კი ამას მოჰყვა სააკაშვილის აკვიატებული ლაზიკა, რომელიც რეალურ გათვლებს არ ემყარებოდა.

For.ge დაუკავშირდა ანაკლიის პროექტის ავტორს - ანზორ ჩაჩუას. მან დაადასტურა, რომ ნაციონალები განსაკუთრებულად დაინტერესდნენ მისი იდეით, მისგან „მოიპოვეს“ ინფორმაცია, თუმცა ამის შემდეგ არ შეხმიანებიან.

- ანაკლიის პროექტის ავტორი გახლავართ და ამის მტკიცებულებებიც გამაჩნია. თავიდანვე, როგორც კი განიხილეს ეს პროექტი, მისი საზღვარგარეთ გატანა გადაწყვიტეს. ზვიად გამსახურდიას დროს ეს პროექტი თენგიზ სიგუას ხელში აღმოჩნდა. სიგუამ მეცნიერებისა და ტექნიკის მინისტრი - ირაკლი ჟორდანია დაიბარა, ჩამოფრინდნენ ექსპერტები უცხოეთიდან და დაესივნენ ამ პროექტს. ფაქტობრივად, ეს პროექტი გახდა მსოფლიოს სახრავი და ძალიან სტრატეგიული პროექტი აღმოჩნდა. ევროპარლამენტში ამ პროექტს ტაში დაუკრეს. შემდეგ საქართველოში გადატრიალება მოხდა, მე შინაემიგრაციაში წავედი და სამსახური დავიწყე რკინიგზის მოდერნიზაციისა და პორტების მშენებლობის განხრით. ახლა ლაზიკას რომ ახსენებენ, ჩვენ შესწავლილი გვქონდა საქართველოს სანაპირო ზოლი, დაწყებული ოჩამჩირიდან, დამთავრებული ბათუმამდე. აღმოჩნდა, რომ ერთადერთი ღრმა კანიონი ანაკლიაშია. ამას დავარქვით კოლხეთის პოტენციალის გამოყენება და დიდი პროექტები დავამუშავეთ.

თავის დროზე ბერიაც ახორციელებდა საინტერესო პროექტებს, კოლხეთის ჭაობიც მის დროს ამოაშრეს, ანაკლიის პროექტზე გათვლები თუ ჰქონდა?

- თუ პრეისტორიას გავიხსენებთ, მაშინ ძალიან ღრმა ისტორიაში მოგვიწევს დაბრუნება. რუსეთის იმპერატორებმა დაიწყეს ეს პროექტები. მაგალითად, ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა იმპერატორის წამოწყებაა. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ აჩუქა ხიდი ფრანგებს და მათაც ხურდაში გამოგვიგზავნეს ეიფელის ხიდი, რომელიც დღესაც დგას ბაკურიანის ვიწრო რარიტეტულ რკინიგზაზე.

ეს პროექტი დღეს კი არ მაქვს მოფიქრებული. ამას დიდ არქივებში ეძებდნენ. სხვათა შორის, მეფის რუსეთის პრემიერ-მინისტრი გრაფი ვიტე, რომელიც ჯერ ტრანსპორტის , შემდეგ - ფინანსთა მინისტრი იყო, დაიბადა თბილისში, ხოლო მამამისი მუშაობდა მეფისნაცვლის აპარატში. მის ოჯახში დადიოდნენ მაღალჩინოსნები და ყველა ჭორაობდა საქართველოს გეოპოლიტიკაზე. ეს ინფორმაცია მე მოსკოვში მოვიპოვე, რუსული განათლება მაქვს მიღებული და დიდი მასალები დავამუშავე. საბჭოთა მეცნიერებათა აკადემიის ცნობარიც ვნახე, იქ აღმოვაჩინე, რომ რუსეთში არიგებდნენ სადოქტოროების თემატიკას და ერთ-ერთი ასეთი თემა იყო  გეოპოლიტიკა-აბრეშუმის გზა. სხვათა შორის, ტერმინი „აბრეშუმის გზა“ პირველად გერმანელებმა ახსენეს.

კოლხეთის აქტუალურ თემატიკას რომ დავუბრუნდეთ, მოგეხსენებათ, ტრასეკას პროექტი ნიშნავს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანპორტო დერეფანს (ანუ ახალ აბრეშუმის გზას), სადაც  საქართველოს დერეფნის გამოყენებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. სხვათა შორის, ვარდების რევოლუციის დროს ჩაგვესახა იმედი, რომ მოდერნიზმის მიმყოლი ახალგაზრდა ხელისუფლება დაგვიჯერებდა. ამიტომაც მივწერეთ პრეზიდენტს წერილი, რომ ჩვენს ინსტიტუტში (საქწყალპროექტში), რომელსაც გეიდარ ფალავანდიშვილი ხელმძღვანელობდა, დაგროვილი იყო გარკვეული მასალა, გამოცდილება, ამის შემდეგ დამიბარეს.

იმ პერიოდში შექმნილი გახლდათ პრეზიდენტთან არსებული განვითარებისა და რეფორმების ფონდი, რომლის დირექტორიც იყო ვინმე გიორგი პატარიძე. პატარიძემ დამიბარა, ხალისიანად მიმიღო, რამდენიმე საათი ვისაუბრეთ, კარგი ლექცია წავუკითხე. უკვე მერიდებოდა, ამდენს რომ ვსაუბრობდი, დავმუხტე ამ თემით. უბრალოდ, ჩვენ ამ პროექტისთვის ლაზიკის სახელწოდება არ მიგვინიჭებია. ასე რომ, სააკაშვილის ხალხმა დამაფქვევინა საინტერესო დეტალები, გიორგი პატარიძემ, ამ ბიჭმა მას მიუტანა ეს ამბავი, მითხრა, დაგირეკავო, მაგრამ არ შემხმიანებიან. ზევით მოეწონათ ჩემი იდეა და ჩემს მიერ გაჟღერებულის შემდეგ უკვე ვარიანტების ძებნა დაიწყეს. ამ შემთხვევაში, მოხდა პროექტის მითვისება და ეს იყო, ფაქტობრივად, პლაგიატის ტექნოლოგია.

ასევე მოხდა ტრასეკასთან დაკავშირებითაც. რატომღაც შევარდნაძემ მოიფიქრა „აბრეშუმის გზა“ და ამ ხერხით მოინდომა ამ პროექტის მიტაცება, მაგრამ საბოლოოდ არაფერი გამოუვიდა, მთელი მსოფლიო თანამეგობრობა მას ამის გამო საყვედურობდა და ამის შემდეგ მოაწყო მთავრობის კრება, დალანძღა ყველა კომისიის წევრი, ვინც კი პროექტ „აბრეშუმის გზა“-ში იყო ჩართული. საბოლოოდ ეს პროექტი წაიღო ბაქომ. უფრო სწორად, საქართველოს წაართვეს ეს პროექტი. არადა, თქვენ შრომები რომ ნახოთ, დარწმუნდებით, რა დეტალურადაა ყველაფერი გაწერილი, გვინდოდა, შტაბ-ბინა თბილისში გაგვეკეთებინა. ისეთი ოცნებები გვქონდა, გაეროს ევრაზიული ფილიალის თბილისში დაარსებაც გვინდოდა.

წარმოიდგინეთ, რა გრანდიოზულ პროექტზე იყო საუბარი... ანაკლიის პორტი, როგორც ყველაზე ღრმა კანიონის (ანუ მდინარის ყველაზე ღრმა ხეობის) მქონე ტერიტორია დიდძრავიანი  გემებისთვის ცალკე ფაქტორად გვქონდა გამოყოფილი და ანაკლიაში დაახლოებით 100-150 ათას კაცს უნდა ეცხოვრა. ეს პორტი 100-150 ათას კაციან მოსახლეობას იტანდა. ჩემს ინსტიტუტში დღესაც არის ნახაზები და გეგმები, თუ როგორ უნდა განგვეხორციელებინა ეს პროექტი ენგურზე. მაშინ რუსეთი არ იყო შემოსული ენგურზე, მაგრამ ჩვენ მაინც სამხრეთისკენ ვიყავით ორიენტირებულნი. ანაკლია და ლაზიკა ერთსა და იმავე სამდინარო კანიონზე ანუ სიღრმეზეა აგებული. მე რომ შავი ზღვის ანატომია მოგიყვეთ, გემების ექსპლუატაციის მხრივ, დარწმუნდებით, რომ შავი ზღვა ზღვა არ არის, ეს არის მდინარეების ერთობლიობა - დუნაი, დნეპრი და დონი. მაგალითად, დუნაის გამოყენებისთვის ჩვენ არ გვჭირდება ანაკლიის პორტი, ჩვენ გვჭირდება ნაკლები სიღრმის გემების შემოსასვლელად პორტები, რითაც მთელ ევროპას მოვიცავთ. ასე რომ, ჩვენი ემიგრაციის აქ ჩამოყვანა კი აღარ არის საჭირო, არამედ ევროპაში მათი დასაქმებაა საჭირო სწორედ ამ ახალი სატრანსპორტო სისტემით.

თქვენ აცხადებთ, რომ ეს თქვენი პროექტი იყო და ეს პრეზიდენტის წარმომადგენლებმა მიითვისეს?

- დიახ, თავს დავდებ ამაზე მტკიცებულებებით. ის ხალხი ჯერ კიდევ ცოცხალია, ძველი პარლამენტის წევრები, რომლებიც ამის განხილვას ესწრებოდნენ. ანზორ საკანდელიძე ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე გახლდათ, ასევე, ბაკურ გულუა, რომელიც შემართული კაცია. მან ძალიან კარგად იცის ეს ამბები, რომ მე გავიტანე ეს პროექტი სამსჯავროზე.

ანაკლიის პროექტის დღევანდელი ავტორი -სპარტაკ ერაგია აცხადებს, რომ პორტის სრულად განხორციელებისთვის მინიმუმ ორმილიარდი დოლარის დაფინანსებაა საჭირო. თქვენს პერიოდში რა ჯდებოდა ამ პროექტის განხორციელება?

- 7 მილიარდის ინვესტიცია მაქვს გაწერილი, მაგრამ ჩემი პროექტი უფრო მასშტაბური და ძალიან ვრცელია. მათ შორის, დუნაის სატრანსპორტო სისტემის ათვისებაც შეგვიძლია, ამ სისტემით საქართველოს მთელ ევროპის ქსელში შესვლა შეუძლია. სხვათა შორის, არსებობს ასეთი გემები, სახელწოდებით, „რეკა-მორე“ , ამ ტიპის გემებისა და  ტანკერების მშენებელი უნივერსალური გემთმშენებელი კორპორაციის პრეზიდენტი ჩამოვიყვანე საქართველოში ჯერ კიდევ 1993 წელს. იგი დაინტერესდა ჩვენი გეგმით, პირდაპირ მითხრა, ყველაფერს მოგცემთ ტექნიკურ კრედიტში, ფული არ გვინდაო.  ახლა საპრეზიდენტო არჩევნებს ველოდებით. ფაქტობრივად, ჩვენ გავაკეთეთ ევრაზიული პროექტი, ამაში ჩართული იყო ყველა, ვისაც ბუნებრივი ინტერესი ჰქონდა--რუსეთი, თურქეთი, ირანიც. მაგათ კი ამ პროექტს ჩამოაჭრეს რუსეთიც, ირანიც და თურქეთიც.

ანაკლიის პორტის მშენებლობა საქართველოს სანაპირო ზოლის მდგომარეობის მხრივ პრობლემატური ხომ არ იქნება და რა უპირატესობა ექნება პროექტს?

- ეს პროექტი, თავისი 100-150 ათასი ადამიანით, ანტვერპენის ტერიტორიისხელა პორტი გამოვიდა. უკვე მსოფლიოში სხვა ტიპის პორტები ვითარდება, გიგანტომანიას მსოფლიო აღარ მიმართავს. მაგალითად, დუნაიზე ვენის პატარა პორტია გაშენებული, ფრანგული პორტებიც ასეთივეა. ისინი ერთმანეთთან ძალიან ინტენსიურ ბრუნვაში არიან. ყველაზე დიდი პორტი არის დუისბურგის, რომელიც 30 მილიონ ტონაზეა ნაანგარიშები. ანტვერპენის პორტი არის 70 მილიონ ტონაზე, მაგრამ ეს უკვე ზღვის პორტია. ბიძინა ივანიშვილმა ახსენა, რომ ანაკლიის პორტს წელიწადში 110 მილიონ ტონამდე გამტარიანობა უნდა ჰქონდესო. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ გემი უნდა მიადგეს გრძივ ზონას და ეს შესაძლებელი იქნება?

მაგალითად, როტერდამის პორტს, რომელიც ყველაზე დიდია ევროპაში, 300 მილიონ ტონამდე გამტრიანობა აქვს, ისევე, როგორც ნიუ-იორკის პორტს და მას აქვს 120 კილომეტრი მისადგომი სიგრძე. ამ დროს კი 120 კილომეტრი საქართველოს ზღვისპირეთი საერთოდ არ არის. ამიტომ ჩვენ ერთ ადგილზე ვერ მოვათავსებთ გიგანტურ პროექტს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ კოლხეთის შიდა სამდინარო პოტენციალი. ერთ ადგილზე ასეთი რაოდენობის პორტის აშენება უაზრობაა, რადგან ბათუმიც გვაქვს, ფოთიც გვაქვს და მათაც სჭირდებათ არსებობა; ბოლოს და ბოლოს, ეს ქალაქები განვითარდა ამ პორტების საშუალებით, ამიტომ არ უნდა ჩავკლათ ისინი. ბათუმს პერსპექტივისთვის უნდა დავუტოვოთ 20-მილიონიანი ტონის ტვირთბრუნვა, 15 მილიონი - ფოთს, დანარჩენი 40 ტონა კი უნდა გავანაწილოთ შემოტანილი არხებით და ნაწილი უნდა მივცეთ ანაკლიის პორტს. ანუ 20-25 მილიონიანი ტონა ტვირთბრუნვის ანაკლიის პორტი წინასწარ უნდა დავგეგმოთ. ინვესტორი რომ მოდის, ის კაპიკს არ დახარჯავს, თუ გამართლება არ ექნება ამ ცენტრს. კი ბატონო, ვივარაუდოთ 100-150 ათას მცხოვრებზე ანაკლიის პორტი, მოსახლეობის გარეშე პორტი ვერ იმუშავებს; ისევე, როგორც ფოთი და ბათუმია, ამხელა ქალაქი უნდა ვივარაუდოთ და მას ანაკლია უნდა დავარქვათ. ლაზიკა არ არის საჭირო, ეს არქაული ტერმინის შემოტანაა და ჩვენს მეზობლებთან პრობლემებს შეგვიქმნის. ეს რომ ავიცილოთ, გიგანტომანიას თავი უნდა დავანებოთ.

ეს რეგიონს ზიანს არ მოუტანს?

- არა, არც - ეკოლოგიურს, არც ეკონომიკურს. პირიქით, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი რაც არის ახლა, მარტო კოლხეთი გახდება თავისი აგროკომპლექსითა და სატრანსპორტო კომპლექსით ამის საპირწონე. ეს ძაბრია შავი ზღვისა ევროპიდან აზიაში მიმავალი.    

თქვენ დუნაი ახსენეთ და ამ პროექტის განხორციელება, მე მგონი, ამ ეტაპზე უტოპიაა, რადგან რუსეთი ამის უფლებას არ მოგვცემს.

- მაშინ რად გვინდა ოცნება ანაკლიის ან ლაზიკის პორტზე, თუ ჩრდილოეთთან არ დაკავშირდება ეს ყველაფერი?! 100 და 110 მილიონი ტონა  -ამ ციფრებით რომ ვმანიპულირებთ, ეს ყველაფერი საფუძვლიანი უნდა იყოს. მარტო 10-15 მილიონი ტონის ტვირთები შეგვიძლია დუნაიდან მოვიზიდოთ, ასევე, ჩრდილოეთისკენ გავგზავნოთ 10-15 მილიონი ტონა ტვირთი. სატრანსპორტო ქსელების მშენებლობისას მე ასეთი პოლიტიკა მაქვს შემუშავებული, რომ უძრავი სისტემები-პორტები, რკინიგზები და სხვა, გააკეთოს მსოფლიომ, თუკი მას აინტერესებს ჩვენს სატრანზიტო  ხაზზე გადაადგილება, მაგრამ ზედ მოძრავი შემადგენლობა უნდა იყოს ჩვენი, ეროვნული, რადგან, ვინც ტვირთს გადაზიდავს, ფულსაც ის აკეთებს. მოკლედ, ტაქსის ფუნქცია აქვს გადამზიდავს.

როგორც ჩვენ ვსხდებით ტაქსში და კილომეტრის გავლისას ვიხდით ლარს, ასევეა სატვირთო მანქანებიც. ისინი კილომეტრში იღებენ დოლარნახევარს, ამიტომ რკინიგზა, საავტომობილო მაგისტრალები, პორტები თუნდაც იყოს საერთაშორისო, მაგრამ მოძრავი შემადგენლობა ჩვენი უნდა იყოს. სხვათა შორის, ამ იდეოლოგიას მიყვებოდნენ ბათუმისა და ფოთის პორტის მშენებლები. ნიკო ნიკოლაძის იდეოლოგიაც ასეთი იყო, რუსეთის იმპერიამ დაიწყო ფოთის მშენებლობა. ბიძინა ივანიშვილს სწორი ოცნება აქვს, საქართველომ, სულ ცოტა, უნდა გაატაროს 100 მილიონი ტონა ტვირთი ევროპიდან აზიაში და აზიიდან ევროპაში, ე.ი. 50 მილიონი იქით, მეორე 50 მილიონი შემხვედრი მიმართულებით.

ლაზიკასთან დაკავშირებით კახი კალაძემ ასეთი ვერსია წამოაყენა, რომ სააკაშვილს  აფხაზეთის საზღვართან ლაზიკის აშენებით სურდა აფხაზეთის თემის გადაფარვა. ამ ჩანაფიქრის მიხედვით, ზღვიანი და ცათამბჯენიანი გრანდიოზული ქალაქ-კურორტის დანახვით აფხაზებს მოსვენება და ძილი დაეკარგებოდათ. რეალურად ლაზიკის ჩანაფიქრი რა იყო?

- პირდაპირ გეუბნებით, ეს ფულის შოვნის მახეა; მოფიქრებულია ისეთი პროექტები, სადაც კეთდება დიდი ფული. ახლა შემოვლით რკინიგზასაც ამიტომ აკეთებენ, ქალაქის განვითარება არ აინტერესებთ, რა უნდა ამ 100 ჰექტრის „გასუხარებას“? მთელი ნაცმოძრაობა მაფიის პრინციპით მოქმედებს. არავითარი ალტრუისტული პროექტები.

მაშინ რა გარანტიაა, რომ ანაკლიაშიც ფულადი დაინტერესება არ იქნება?

- სხვათა შორის, ანაკლიასთან დაკავშირებით მახსენდება, რომ მიწების მიტაცების ისტორიაც ჩემთან არის დაკავშირებული. კერძოდ, ადამიანები გავგზავნეთ იქ მიწის სტატუსის გასაგებად. გვაინტერესებდა, რომელი იყო სახელმწიფო ტერიტორია და რომელი- კერძო მფლობელობაში. ეს ინფორმაცია ამ ტერიტორიის მიმართ ეფექტური მიდგომისთვის გვჭირდებოდა, მაგრამ ეს ხალხი დაგვეკარგა და აღარ დაბრუნებულან. იმ პერიოდში სამეგრელოდან დამირეკა გოროზიამ, როდის ჩამობრძანდებით სალაპარაკოდო? არადა, ჩვენს წარგზავნილებს დავაბარეთ, არავითარ შემთხვევაში, იქაურებს არ უთხრათ, რისთვის გვჭირდება მიწების სტატუსი, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი კარგად დაკითხეს და გამოსძალეს ინფორმაცია. ის კაციც დაგვეკარგა. ამით დაინტერესება ნახა პრეზიდენტის განვითარების ფონდმა. ახლა ამაზე ააგო ანდრო ბარნოვმა სისულელეები, როცა ანაკლიის სცენარზე ილაპარაკა.