ამერიკაში თეთრი მოსახლეობა მცირდება

ამერიკაში თეთრი მოსახლეობა მცირდება

უკანასკნელი აღწერის მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალშობილთა ნახევარზე მეტი რასულ და ეთნიკურ უმცირესობებს მიეკუთვნება.

ბავშვების 50,4 პროცენტი, რომლებიც 12 თვის განმავლობაში 2013 წლის ივლისამდე დაიბადნენ აფროამერიკელები, ლათინოამერიკელები და აზიელები არიან, ანდა შერეულ ოჯახებში დაბადებულები. 1993 წელს ეს მაჩვენებელი 37 პროცენტი იყო.

ამერიკაში შობადობის დონე, მთლიანობაში, მცირდება, მაგრამ ყველაზე მეტად თეთრი მოსახლეობა მცირდება. სოციოლოგების აზრით, თეთრი ამერიკელების შობადობის მკვეთრ შემცირებას ხელი შეუწყო ეკონომიკურმა კრიზისმა.

ჯერჯერობით ამერიკის მოსახლეობაში თეთრები უმრავლესობას შეადგენენ - 63,4 პროცენტს. აფროამერიკელები - 12,3 პროცენტია, ლათინოამერიკული წარმოშობის ამერიკელების წილი - 16,7 პროცენტი. ისინი აზიელებთან ერთად (4,8 პროცენტი) ყველაზე სწრაფმზარდ ჯგუფს წარმოადგენენ და 2010 წლიდან 3-პროცენტიან ნამატს აჩვენებენ.

დღეისთვის ეთნიკური უმცირესობები მეტნი არიან ოთხ შტატში -  ჰავაის, კალიფორნიის, ნიუ-მექსიკოსა და ტეხასში. აგრეთვე, კოლუმბიის ოლქში, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი აფროამერიკელია.