გრენლანდიის ყინულის ქუდმა გასულ წელს 100 მილიარდი ტონა ყინული დაკარგა. შედეგად, კუნძულმა წყლიდან ამოიწია.
ამის შესახებ განაცხადა ამერიკის ოჰაიოს უნივერსიტეტის სწავლულთა ჯგუფმა და კვლევების შედეგებიც გამოაქვეყნა.
მონაცემების მიხედვით, სწორედ ამ ტერიტორიაზე დაფიქსირდა დედამიწის ქერქის ყველაზე მეტი „ამოწევა“ - 2,6 სანტიმეტრი. ამასთან, მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელის, მაიკლ ბევისის აზრით, კუნძულის წყლიდან მნიშვნელოვანი ამოწევის ერთადერთი ახსნა, გლობალური დათბობის მიერ გამოწვეული ყინულის დნობაა.
ყინულის ქუდის წონა „აწვება“ მის მიერ დაკავებული დედამიწის ქერქის ნაწილებს. მეცნიერებისთვის ეს პროცესი ცნობილია, როგორც გლიაციოზოსტაზია – დედამიწის ზედაპირის ძალიან ნელი, ვერტიკალური და ჰორიზონტალური მოძრაობა, როდესაც ყინულის დატვირთვა იხსნება. ამასთანავე, ეს პროცესი არ არის მუდმივი, იმპულსურია და დამოკიდებულია დედამიწაზე მომხდარ გლობალურ მოვლენებზე.
ზღვის დონიდან გრენლანდიის სიმაღლის მონაცემები, რაზეც კვლევებია დამყარებული, სწავლულებმა მთელ გრენლანდიაზე გაფანტული, 50 მაღალი სიზუსტის GPS-გადამცემების საშუალებით შეაგროვეს.