ისრაელის თავდაცვის ძალების დადასტურებული ინფორმაციით, ღაზაში, „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი 222 ადამიანი იმყოფება.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარმა ასევე განმარტა, თუ რატომ იზრდებოდა მძევლების დადასტურებული რაოდენობა. მისი თქმით, მძევლებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათ ოჯახებთან დაკავშირებას დრო სჭირდება.
„ჩვენ ყველანაირად ვმუშაობთ მძევლების გასათავისუფლებლად და სახლში დასაბრუნებლად“, - აღნიშნა ჰაგარმა.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.