ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დღეს მსოფლიოში წარმოქმნილი კონფლიქტების მიუხედავად, ევროპამ ყურადღების ფოკუსირება უკრაინაზე გააგრძელოს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი ისევ მიმდინარეობს, რუსეთის აგრესიული ქმედებები და სისასტიკე არ შეცვლილა, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშიმ განაცხადა.
„რუსეთმა გუშინ ისევ განახორციელა შეტევა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. უკრაინას სჭირდება ევროკავშირის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება. უკრაინას უნდა დავეხმაროთ ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებაში. ისრაელში არსებული ვითარება და პალესტინის საკითხი შემაშფოთებელია. აქ მთავარია სამ მიმართულებას გავუსვათ ხაზი. პირველი, სრული მხარდაჭერა ისრაელს, რომელსაც როგორც სუვერენულ სახელმწიფოს აქვს თავდაცვის უფლება და არა მარტო უფლება, ისრაელის ვალდებულებაა თავდაცვა.
მეორე, აუცილებელია „ჰამასის“ დაგმობა და მნიშვნელოვანია მოწოდება მძევლების უპირობო გათავისუფლებაზე. ასევე ჩვენი გზავნილია ისრაელში მეგობრებისთვის, რომ ტერორიზმის ამოძირკვის პარალელურად გასათვალისწინებელია ჰუმანიტარული მდგომარეობა. ყველა პალესტინელი ტერორისტი არაა და ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ტერორიზმს. ევროპა მკაფიოდ უჭერს მხარს ისრაელს, მაგრამ ეს მხარდაჭერა არ მოდის წინააღმდეგობაში ჩვენს შეშფოთებასთან , რომელიც პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას უკავშირდება. პალესტინა „ჰამასი“ არაა, ყველა პალესტინელი „ჰამასი“ არაა. „ჰამასი“ მტერია. ისრაელი ჩვენი მეგობარია“, - განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.