ლაშა ჟვანია: საქართველო გარკვეულწილად ჰაბი გახდა ევროპაში ჩარჩენილი ისრაელის მოქალაქეებისთვის, რადგან ძალიან ბევრმა ევროპულმა კომპანიამ შეაჩერა პირდაპირი ფრენები თელ-ავივის მიმართულებით

ლაშა ჟვანია: საქართველო გარკვეულწილად ჰაბი გახდა ევროპაში ჩარჩენილი ისრაელის მოქალაქეებისთვის, რადგან ძალიან ბევრმა ევროპულმა კომპანიამ შეაჩერა პირდაპირი ფრენები თელ-ავივის მიმართულებით

რეგისტრირებული გვყავს საქართველოს 112 მოქალაქე, რომლებიც ქალაქ აშკელონში იმყოფებიან. სხვა მიმდებარე დასახლებები ევაკუირებულია. ხუთკილომეტრიან ზოლში მოქალაქეები არ გვყავს, გვყავს ახლოს მდებარე ქალაქებში - ნარიაში, აკოში, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანიამ „ქრონიკას“ განუცხადა.

„პიროვნების არჩევანია - დარჩეს, თუ დატოვოს ქვეყანა. გარკვეულმა ნაწილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და გაემგზავრა. პანიკური მდგომარეობა იყო არასწორი, უსაფუძვლო ინფორმაციების გამო, თითქოს აეროპორტი იკეტება, ევაკუაცია ცხადდება და ა.შ., რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება. როცა გარკვეული პერიოდი გავიდა და ჩვენმა მოქალაქეებმა ნახეს, რომ არც აეროპორტი დაკეტილა და არც რეისები შემწყდარა თბილისის მიმართულებით, გარკვეულმა ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დარჩეს ისრაელში. ჩვენი მოწოდებაა, რომ საჰაერო განგაშის დროს დაიცვან ის ელემენტარული წესები, რომლებიც გამოცხადებულია ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ“, - განაცხადა ელჩმა.

ამასთან, ლაშა ჟვანიას თქმით, სადაზღვეო კომპანიების კატეგორიული მოთხოვნის გამო, მთელმა რგიმა ავიაკომპანიებმა, მათ შორის georgian airways-მა შეწყვიტეს პირდაპირი რეისები.

„სადაზღვევო კომპანიებმა შეუჩერეს დაზღვევა მთელ, რიგ კომპანიებს, მათ შორის georgian airways-ს, რომელმაც გარკვეული პერიოდი გააგრძელა პირდაპირი ფრენები, თუმცა, შემდგომში უკვე სადაზღვევო კომპანიების მხრიდან კატეგორიული მოთხოვნა იყო და იძულებული გახდა რომ შეეწყვიტა, თუმცა სამაგიეროდ ლარნაკა-თბილისის მიმართულება დანიშნა. ხოლო თელ-ავივი-ლარნაკას მიმართულებით დღეში სულ ცოტა 12 რეისია. გარდა ამისა, თბილისზე და ბათუმზე პირდაპირ რეისებს ახორციელებს ისრაელური კომპანიებიც. ისე რომ დღეში სამი რეისი მაინც არის ხოლმე. თავისუფალი ადგილებიც არის, რაც ნიშნავს, რომ არ არის მოთხოვნა ისეთი, როდესაც კომერციული ავიაკომპანია ვერ აკმაყოფილებდეს მოქალაქეების მოთხოვნებს.

არამარტო ქართველი ებრაელები, არამედ ისრაელელებიც გამოემართნენ საქართველოში. მაგალითად ის ვინც ჯარში წავიდა, ზოგიერთი მათგანის ოჯახის წევრები გამოემგზავრნენ საქართველოში. საქართველო გახდა გარკვეულწილად გახდა ჰაბი ევროპაში ჩარჩენილი ისრაელის მოქალაქეებისთვის, რადგან ძალიან ბევრმა ევროპულმა კომპანიამ შეაჩერა პირდაპირი ფრენები თელ-ავივის მიმართულებით და ბევრმა მოქალაქემ გამოიყენა თბილისის აეროპორტი, რომ დაბრუნებულიყვნენ ისრაელში“, - განაცხადა ჟვანიამ.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.