გაუსაძლისი სიცხე, უჟანგბადო სამუშაო გარემო, ვირთხები, ჩამონგრეული ფლიგელი, ოთახებში ჩაკეტვა ან გარეთ დარჩენა პარლამენტში ყოველდღიური სამუშაო პროცესის ნაწილი გახდა. საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადატანის შემდეგ პარლამენტარები უხერხულ და კურიოზულ მდგომარეობაში არაერთხელ აღმოჩნდნენ. თუმცა, უხერხულობის მიზეზი ხშირად მათივე წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები და კანონპროექტებია.
გასულ კვირას დეპუტატებმა რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა მოისმინეს. კანონპროექტების ნაწილმა საზოგადოების აღშფოთება და შეშფოთებაც კი გამოიწვია. კიდევ ერთხელ გაიჟღერა ფრაზამ – რაში ვუხდით ფულს ადამიანებს, რომლებმაც ქვეყნის მომავალი უნდა შეცვალონ? კანონპროექტებმა საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება არაერთხელ გამოიწვია მათ შორის რამდენიმე მსჯელობის საგანიც გახდა.
„უკან საბჭოთა კავშირში“
ასე შეაფასა საზოგადოების ნაწილმა ირინა იმერლიშვილისა და ზურაბ აბაშიძის ინიცირებული კანონპროექტი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლის და შემოსვლის წესების შესახებ“. ცვლილებების თანახმად, ქვეყნიდან გასვლა პირს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის გამო აეკრძალებოდა. თუმცა, აღნიშნული კანონპროექტი ინიციატორებმა აზრთა სხვადასხვაობისა და საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების გამო უკან გაიწვიეს. დეპუტატებმა განმარტეს, რომ უმჯობესია პროექტი შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირებმა დაამუშაონ და საკანონმდებლო ორგანოში სწორედ ამის შემდეგ წარადგინონ. ერთ–ერთმა ინიციატორმა ირინა იმერლიშვილმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და აღნიშნა, რომ გავრცელებულ განცხადებაში კანონპროექტის გაწვევის მიზეზი ნათლად იყო ახსნილი. განცხადებაში, რომელიც ინიციატორებმა გამოაქვეყნეს, არ იყო განმარტებული რატომ წარადგინეს დეპუტატებმა ინიციატივა თუკი შესაბამისი კომპეტენცია არ ჰქონდათ.
„კანონპროექტის გაუმჯობესებისა და შემდგომი სრულყოფის მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტი გამოვიხმოთ. მიგვაჩნია, რომ უმჯობესია მოცემული საკითხის სამართლებრივი რეგულირების მექანიზმები შეიმუშავოს და კანონპროექტი საქართველოს აპრლამენტს წარუდგინოს შესაბამისი კომპეტენციით აღჭურვილმა სტრუქტურებმა, რომლებიც ახორციელებენ ქვეყანაში სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას" – ნათქვამია განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ ირინა იმერლიშვილი განმარტავდა, რომ ცვლილებები კანონისა და კონსტიტუციის თანხვედრის გამო იყო საჭირო – "ახალი არაფერი წესდება. ზუსტად ერთი-ერთში გადმოგვაქვს კონსტიტუციის ნორმა კანონში“.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ჩანაწერი ბუნდოვანი და მოქალქეებისთვის საფრთხის შემცველია და იმ შემთხვევაში თუკი მსგავსი დამატება ძალაში შევა, პირს საკუთარი უფლების დაცვა სასამართლოშიც კი გაუჭირდება.
„კანონპროექტი ძალიან დიდ სივრცეს აძლევს სამართალდამცავ ორგანოებსა და გადაწყვეტილების მიმღებ სხვა პირებს. ძალიან რთული იქნება იმის განსაზღვრა რამდენად კეთილსინდისიერად იქნება გამოყენებული გაზრდილი ძალაუფლება. როდესაც საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოებაზე, უშიშროებაზე, ასეთ შემთხვევებში ძალიან დიდია ცდუნება რომ გაასაიდუმლოონ მათთან დაკავშირებული ინფორმაცია და რეალურად შესაძლებელია მოქალაქემ საერთოდ ვერ მიიღოს განმარტება იმაზე, თუ რა ჩაიდინა მან ასეთი, რომ დაბრკოლდა მისი საზღვარგარეთ გაშვება” – აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა.
კანონპროექტი ადამიანის უფლებების შეზღუდვად შეაფასა სახალხო დამცველმაც და პარლამენტარებს აღნიშნული პროექტის დახვეწისაკენ მოუწოდა.
ეროვნული სამოსის ჩაცმის ინიციატივა
შეიძლება თუ არა ხანჯლით პარლამენტში მისვლა და როგორი უნდა იყოს პარლამენტარის „დრეს კოდი“? „თუ უნდათ, ლეღვის ფოთლებით იარონ ოღონდ საქმე გააკეთონ“ – ასე გამოეხმაურნენ ახალ ინიციატივას სოციალურ ქსელებში.
ეროვნული სამოსის ჩაცმის ინიციატივა „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ წევრმა ბიძინა გუჯაბიძემ წარადგინა. გუჯაბიძემ პარლამენტარებს საპროტოკოლო–საქმიანი სამოსის გარდა სამსახურში ეროვნული სამოსით გამოცხადებისკენ მოუწოდა. დეპუტატმა მაგალითი კოლეგებს თავად უჩვენა და რამდენიმე დღის შემდეგ პარლამენტში ჩოხაში გამოწყობილი მივიდა. ბიძინა გუჯაბიძის ინიციატივას მხარი პირველივე მოსმენით დაუჭირეს, მიუხედავად ამისა, დეპუტატთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ პარლამენტს გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები აქვს განსახილველი და კანონმდებლები მსგავს თემაზე დროს არ უნდა ხარჯავდნენ.
ბუსუსებიანი პრეზერვატივი და სერიალების აკრძალვა
ლევან ბერძენიშვილი: "პრეზერვატივს გააჩნია… მას შეიძლება ჰქონდეს არა დაცვითი, არამედ სიამოვნების მიღების ფუნქციაც, თუ იგი გართულებულია გარკვეული ტექნიკური საშუალებებით".
კობა დავითაშვილი: "არსებობს ორი სახის პრეზერვატივი, ერთი დაცვისთვის და მეორეს აქვს სექსუალური სურვილის დაკმაყოფილების ფუნქცია. აი, სწორედ ის ვერ გაიყიდება და ესეთი გაიყიდება".
მსგავსი დიალოგები პარლამენტში რამდენიმე თვის წინ დაიწყო. რას ნიშნავს პრეზერვატივის აკრძალვა და რატომ უნდა მსჯელობდნენ ამ თემაზე საკანონმდებლო ორგანოში?
როგორც გაირკვა, პარლამენტარები არასრულწლოვანთა კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ. ინიციატივა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტ თამთა ჭუმბურიძეს ეკუთვნოდა, რომელმაც მოგვიანებით განმარტა, რომ კანონში ისედაც იყო აკრძალვა პრეზერვატივისა და სექსუალური ნივთების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გაყიდვის შესახებ.
ამ კანონპროექტს პრეზიდენტი სტუდენტებთან შეხვედრაზე გამოეხმაურა და კითხვაზე თუ როგორ შეაფასებდა ახალი მოწვევის პარლამენტის საქმიანობას უპასუხა: „ყველა კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო ცუდი არ არის, მაგალითად ბუსუსებიანი პრეზერვატივის კანონი შეიძლება გამომადგეს“ – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
დისკუსია პრეზერვატივების შესახებ საკანონმდებლო ორგანოს ფარგლებს გასცდა. მოგვიანებით კობა დავითაშვილმა ხუმრობით ისიც კი განაცხადა, რომ ამ თემაში ყველაზე კარგად პრეზიდენტი ერკვევა და დეტალებზე საუბარი სწორედ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია.
აკრძალვები ამით არ დასრულებულა. კობა დავითაშვილმა მოზარდთა დაცვის მიზნით სერიალებისა და აზარტული თამაშების აკრძალვა მოითხოვა. დეპუტატის აზრით, უნდა აიკრძალოს ყველა ის სატელევიზიო გადაცემა თუ შოუ, რომელიც პოლიგამიურ, ჰომოსექსუალურ და ბისექსუალურ ურთიერთობებს უწევს პროპაგანდას. ინიციატივამ ვერ გაამართლა. ამის მიზეზად დავითაშვილი დღეს ლობისტებისა და კერძო პირების ინტერესებს ასახელებს.
კობა დავითაშვილი: „ეს იყო კანონი არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის შესახებ. იგი არ შეეხებოდა მხოლოდ სერიალებს, თუმცა საბოლოოდ ეს კანონი არ მიიღო პარლამენტმა. ასევე იყო კანონი აზარტული თამაშების აკრძალვის შესახებ, რომელიც სხვათა შორის, საზოგადოების დიდ ნაწილს მოსწონდა, რადგან თამაშების გამო არაერთი ოჯახი გაუბედურდა. ეს კანონები ეხებოდა სარეკლამო კომპანიებს, ტელევიზიებს. როგორც ჩანს, მათთვის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროს დაკარგვასთან ასოცირდებოდა, ამიტომ ხდებოდა ამ დიალოგების გაშარჟება. ეს კი ლობისტების დამსახურება იყო, რომელიც სამწუხაროდ, უმრავლესობის რიგებში მრავლად აღმოჩნდნენ. იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რას გააკეთებდა ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანი იყო.“
„ენის ინსპექტორები“ და ჯარიმები უცოდინრობისთვის
ზემოთ „დრეს კოდი“ ვახსენეთ. ბარბარიზმებისა და ქართულ ენასთან შეუთავსებელი სიტყვების გამოყენების გამო ახლა არა, მაგრამ ცოტა ხანში, შესაძლოა მნიშვნელოვანი ჯარიმები დაწესდეს. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში უკვე დაიწყეს მსჯელობა ჯარიმებსა და ფინანსურ სანქციებზე, რომელიც ქართული ენის უცოდინრობის გამო მედია საშუალებებსა და თანამდებობის პირებს დაეკისრებათ. ჯარიმა მედიისათვის 1000–დან 5000–ლარამდე იქნება, საჯარო მოხელეებისათვის კი 200–დან 500 ლარამდე.
„პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს ყველა, მათ შორის ჟურნალისტები“ – ფიქრობს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, რომელიც ენობრივი ნორმების დასაცავად ჯარიმების შემოღებას მართებულად მიიჩნევს.
ვინ და როგორ გააკონტროლებს მაგალითად ინტერნეტ გამოცემებსა და ბლოგებს, და მხოლოდ წერის დროს დაისჯებიან საჯარო მოხელეები თუ სიტყვით გამოსვლისას, მსგავს დეტალებზე მუშაობას პარლამენტი უახლოეს მომავალში აპირებს.
„ენას გაფრთხილება და ამაღლებული დამოკიდებულება სჭირდება და არ არის ეს სახუმარო თემა, ისეთი, როგორადაც ეს რამდენიმე დღის განმავლობაში წარმოაჩინეს“ – განაცხადა ივანე კიღურაძემ.
გამონაკლისი ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის
განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების უმაღლესში უგამოცდოდ ჩარიცხვაც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ინიციატივა იყო. კომიტეტის წევრები აცხადებდნენ, რომ რამდენიმე ახალგაზრდის უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაბარების თხოვნით პარლამენტს კონსერვატორიამ და სამხატვრო აკადემიამ მიმართა. ინიციატივის თანახმად პირებს, რომლებსაც საერთაშორისო კონკურსებში უმაღლესი შეფასება აქვთ მიღებული გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევდათ. კანონპროექტმა უკმაყოფილება არა მხოლოდ საზოგადოებაში, არამედ განათლების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნულ ცენტრშიც გამოიწვია.
განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ კომიტეტის წევრებს ცვლილებების ერთად განხილვა და ამ საკითხის კარგად გაანალიზება შესთავაზა. მაია მიმინოშვილი კი განმარტავდა, რომ გამონაკლისები მთელი სისტემის ნგრევას გამოიწვევდა.
კანონპროექტი უკან გაიტანეს. ამ ეტაპზე საკითხზე მუშაობა კომიტეტმა დროებით შეაჩერა. დაწუნებულების ნუსხას კიდევ ერთი ინიციატივა შეემატა.
*****
ახალი მოწვევის პარლამენტის უკანგაწვეულ თუ დაწუნებულ კანონპროექტებზე საუბრისას ერთი ფაქტიც უნდა აღვნიშნოთ - მათ უმეტესობაზე უარის თქმის მიზეზი საზოგადოების აქტიურობა და სხვადასხვა ინსტიტუტების რეკომენდაციები გახდა.