შსს-ს მაშველებმა მესტიაში წარმატებული სამაშველო ღონისძიება განახორციელეს

შსს-ს მაშველებმა მესტიაში წარმატებული სამაშველო ღონისძიება განახორციელეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს განყოფილების და სასაზღვრო პოლიციის მესტიის ნომერ მე-9 სამმართველოს თანამშრომლებმა წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად მესტიის რაიონში დაკარგულ ტურისტებს მიაკვლიეს.

ტურუსტები სოფელ ჟაბეშიდან უღირის უღელტეხილის გავლით სოფელ ადიშში მიემართებოდნენ. ამინდის გაუარესების გამო მათ კვალი აებნათ და გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს. დახმარების შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112“-ში შევიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებმა სამაშველო ოპერაცია ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყეს. მიუხედავად ამინდის გაუარესებისა სამაშველო-საძიებო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა და არ შეწყვეტილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფმა სრული სამთო აღჭურვილობით 16 ხეობა და ყველა არსებული ტურისტულ მარშრუტი დაათვალიერა.

5 ოქტომბერს ებრაელ ტურისტებს მაშველებმა სოფელ ადიშსა და ჯაბეშს შორის მდებარე ერთ-ერთ ხევში მიაკვლიეს. ამ დროისთვის ორივე მათგანი გადაყვანილია მესტიაში და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.