მსახიობ გიჟური კომახიძეს ერთი ისტორიის გახსენება განსაკუთრებით უყვარდა.
„ერთი მშვენიერი დღეა. კინოსტუდიის ეზოში მივედი მონტაჟზე. მისვლა ცოტა ადრე მომივიდა და დრო რომ მომეკლა, ნელი ნაბიჯით ვცემ ბოლთას. მოულოდნელად, კარგა ხნის უნახავი მეგობარი - ნუგზარ შარია დავინახე. გადავეხვიეთ ერთმანეთს, მოვიკითხეთ და ვსაუბრობთ სასხვათაშორისოდ.
ერთიც, ვნახოთ, ეზოში ავლიპ ზურაბიშვილი შემოვიდა, კინოსტუდიის რამდენიმე თანამშრომელი ახლავს და მოაცილებენ დიდი პატივისცემით. თურმე ბატონ ავლიპზე დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ და იმიტომ მოსულა. გაგვისწორდნენ მე და ნუგზარს. ავლიპი შეჩერდა. შეჩერდნენ ამალის წევრებიც. ფსიქიატრი ჩვენკენ დაიძრა. მოგვიახლოვდა და შეჩერდა.
- თქვენი სახელი ყმაწვილო? – მეკითხება.
- გიჟური, ბატონო.
- როგორა, როგორა? – ყურზე ხელი მიიდო კაცმა, ხომ არ მომეყურაო.
- მე მქვია გიჟური, ვაჟი ვარ ვაჟური, ძლიერ მიყვარს ვაზის ნაჟური, - ჩავარაკრაკე ექსპრომტი. ავლიპს მთელი გულით შევეცოდე.
- ესა, - ჩემზე ანიშნა მხლებლებს, - ხშირად ამბობს ხოლმე ასეთ ლექსებს?
- არც ისე, - უთხრეს.
- სხვა რამესაც ხომ არ აშავებს ხოლმე?
- რა უნდა დააშაოს, ბატონო ავლიპ?
- აი, ვთქვათ, ფანჯრის ქვით ჩამსხვრევა, „იუპიტერი ვარო”, ძახილით.
- არა, ეგეთი რამეები ჯერ არ შეგვინიშნავს.
- კარგიიი, ყმაწვილო, - მომიბრუნდა მე. – როცა მოიცლი, ჩემს კლინიკაში შემომიარე, შვილო. მე უფრო უიმედო პაციენტებიც შემომიბრუნებია სააქაოსკენ.
- გეახლებით, ბატონო ავლიპ, - ამომიჯდა გული.
- თქვენი გვარი, ყმაწვილო, - ახლა ნუგზარს მიუბრუნდა აკადემიკოსი.
- შარია, ბატონო.
- ვაა, როგორა?
- შარია, შარია, - გაუმეორა ნუგზარმა.
- არააა, ეს მეტისმეტია, - მიუბრუნდა მხლებლებს. დღეს ძალიან თარს ფეხზე გამოვედი. ეს გიჟურიო, ეს კიდევ შარია. დროზე გამიშვით, თორემ აქ მართლა შარს არ გადავეყარო, კაცო, - თქვა და ჩქარი ნაბიჯებით გაგვეცალა”.