„მანდატი“

„მანდატი“

მწერალ რევაზ მიშველაძეს ერთი ამბის მოყოლა განსაკუთრებით უყვარდა. ქვემოთ მოყვანილი „პოლიტიკური ინციდენტი” ბატონი რევაზის ნაცნობ ერთ ლიტერატორს შეემთხვა.

„მატარებელში მიამბო ერთმა ქართველმა მწერალმა. თავის დროზე კომპარტიაში მინდოდა შესვლა, მაგრამ ენამ წამისწრო და რაიკომის ბიუროდან გამომაბუნძულესო.

ანკეტაც შევავსე, კრებამაც მიმიღო, გასაუბრებაც გავიარე და ბოლოს რაიკომის ბიუროზე რომ გამიყვანეს, ერთმა ლოტოსკოჭისდარმა პარტიულმა სხვათაშორის მკითხა:

- მანდატს სად შეინახავო.

- გულის ჯიბეში-მეთქი.

- პიჯაკი რომ მოგპარონო?

- მაშინ შარვლის ჯიბეში-მეთქი.

- შარვლის ჯიბე რომ გაგიჭრას ჯიბგირმაო?

- შინ, კარადაში შევინახავ-მეთქი.

- სახლში რომ ქურდი გეწვიოს და კარადა გაგიცარიელოსო?

- კედლის ღრიჭოში დავმალავ, რომ ქურდმა ვერ იპოვოს-მეთქი.

- სახლი რომ დაგეწვასო? – ჩამომსდია, საშველს არ მაძლევს.

ნერვებმა მიმტყუნა:

- შე ოჯახაშენებულო, კოსტიუმი თუ მომპარეს, კარადა გამიქურდეს და სახლი დამიწვეს, ეს თქვენი მანდატი რა ოხრად მინდა-მეთქი!

- წადი, თავისუფალი ხარო.”