ივანიშვილი, საქართველოს მთავარი რედაქტორი

ივანიშვილი, საქართველოს მთავარი რედაქტორი

მილიარდერმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გვერდზე გადადო საქმეები და თავის „ვარსკვლავური ომების“ მსგავს სახლში ტელეჟურნალისტთა ჯგუფი მიიწვია იმის სათქმელად, რომ ისინი საკუთარ საქმეს კარგად ვერ აკეთებენ.

ივანიშვილმა, რომლის ლაპარაკის სტილი 1990-იანი წლების რუსი ოლიგარქის პირდაპირობისა და პატარა ქართული ქალაქის მკვიდრის ლექსიკონის კომბინაციას წარმოადგენს, ამ ბოლო დროს გადაწყვიტა, სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს უფასო გაკვეთილები ჩაუტაროს. გასულ კვირას მან ოთხი საათის განმავლობაში უქნია თითი პოლიტიკისა და ეკონომიკის სპეციალისტებს იმის გამო, რომ ყველაფერი არასწორად ესმით. 2 ოქტომბერს ახალი ამბების წამყვანებისა და პროდიუსერების ჯერი დადგა – მათ მისგან ჟურნალისტიკის 101 გაკვეთილი მიიღეს.

თავის შინაგან ჟურნალისტთან სრულ თანხმობაში, ივანიშვილმა იქადაგა იმაზე, თუ რა არის ჟურნალისტიკა საერთოდ და რა უნდა ეკეთებინათ ამ ასპარეზზე მის აღშფოთებულ სტუმრებს. დღეს „ჟურნალისტებმა დაივიწყეს საკუთარი მისია, პასუხისმგებლობა“, სინანულით განაცხადა პრემიერმინისტრმა და თავის სტუმრებს გააგებინა, რომ არასწორ საკითხებს აშუქებენ, არასწორად ირჩევენ რესპონდენტებს და არასწორი მონაცემებით ოპერირებენ.

ის ჟურნალისტებს (ისე, როგორც ექსპერტებს) სთხოვდა, განემარტათ ეთერში წარმოთქმული. მთავრობის მუდმივი კრიტიკა, ამტკიცებდა ის, მის გუნდს ყურადღებას უფანტავს და ისინი ვეღარ აკეთებენ იმ დიდ საქმეს, რომელსაც აკეთებენ, თუმცა ეს ყოველთვის არ ჩანს.

მან ჟურნალისტთა ჯგუფი დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი ვერ ხედავენ მისი მთავრობის არაჩვეულებრივ მიღწევებს ეკონომიკაში. არადა, გულწრფელად რომ ვთქვათ, 2013 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სულ 1.6 პროცენტია, ხოლო უმუშევრობა – 15 პროცენტს შეადგენს და შეუიარაღებელ თვალს ეს მიღწევები მართლა შეიძლება გამოეპაროს.

ყველა ჟურნალისტს ეზიზღება საჯარო მოხელისგან მამაშვილური რჩევების მოსმენა იმაზე, თუ როგორ უნდა იმუშაონ. ამიტომ, ჟურნალისტების უმეტესობა პრემიერმინისტრს ეპასუხებოდა.

მათ განაცხადეს, რომ მთავრობის კრიტიკა მათი სამუშაოა. „თქვენ ვერ მასწავლით, როგორ დავსვა კითხვა!“, უპასუხა კავკასია ტვ-ის წამყვანმა ალეკო ელისაშვილმა ივანიშვილს, როდესაც ის ელისაშვილს ტუქსავდა იმის გამო, რომ მან პოლიტიკიდან წასვლის გეგმას ესკაპიზმი უწოდა.

მართალია, ქართველ ტელეჟურნალისტებს პროფესიონალიზმის ნიმუშად ვერ მიიჩნევ, მაგრამ პრემიერმინისტრის ლექცია, რომელსაც „ეხო კავკაზამ“ „მასტერკლასი“ უწოდა, ბევრმა მიიჩნია უადგილოდ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, ანტიკორუფციულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, განაცხადა, რომ სიტყვები და ინტონაცია დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში ჩარევას ჰგავდა და სჯობს, ის მალე მიეჩვიოს საზოგადოების კონტროლს.

მაგრამ პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ის დატოვებს პოლიტიკას 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. სად მიდის, ცნობილი არ არის, მაგრამ, ალბათ, იმისთვის მიდის, რომ თვალი ადევნოს 6-მილიარდიანი თანაინვესტირების ფონდს. ამიტომ შეიძლება არ ანაღვლებს ის ფაქტი, რომ არჩევნების წინ მედიასთან ხიდები დაწვა.

ერთ-ერთი შეკამათებისას, ნინო ჟიჟილაშვილმა, მაესტრო ტვ-ის წამყვანმა, ივანიშვილს ჰკითხა, იღებს თუ არა რაიმე სახის პიარკონსულტაციას მანამდე, სანამ რეპორტიორებს შეხვდება. „იქნებ გიფიქრიათ, რომ ეს არ არის მედიასთან კომუნიკაციის საუკეთესო ფორმა?“ ჰკითხა მან. ივანიშვილმა უპასუხა, რომ არასდროს გადის კონსულტაციებს და ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, თუ როგორ ეკონტაქტება მედიას.

მართლაც, თავის გრძელ პრესკონფერენციებზე ივანიშვილი ყოველთვის მონდომებით ეკამათება სხვადასხვა ჟურნალისტს, მაშინ როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი, პირიქით, არჩევდა, ფრთხილად დაეგეგმა ასეთი შეხვედრები სპეციალურად შერჩეულ, მისდამი კეთილგანწყობილ ჟურნალისტებთან.

არც ის ჩანს, რომ პრემიერმინისტრმა თავისი ლექცია-პრესკონფერენციები დაასრულა. შემდეგი, ალბათ, საქართველოს რეგიონული მედია იქნება.

foreignpress.ge