ჟურნალისტები არ არსებობენ

ჟურნალისტები არ არსებობენ

ჟურნალისტები არ არსებობენ, არსებობს მხოლოდ ჟურნალისტური მომსახურება.

ვიცი, რომ ეს გადაჭარბებული შეფასებაა, და ჩემი განცხადება “ტვიტ”-პაროდიასავით ჟღერს. მაგრამ დაფიქრდით.

სნოუდენის, გრინვალდისა და ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოსთან (NSA) დაკავშირებული ისტორიის წყალობით, ჩვენთან ხელახლა დაიწყო დებატები თემაზე, თუ ვინ არის ჟურნალისტი და ვინ – არა. უკვე რამდენი ხანია რაც ვამბობ, რომ ეს არასწორი შეკითხვაა, და რომ ჟურნალისტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი: თვითმხილველი, რომელიც თავის ახალ ამბავს უზიარებს მსოფლიოს; ექსპერტი, რომელიც ყოველგვარი ცენზორის გარეშე ხსნის ახალ ამბავს; მამხილებელი, რომელიც მსოფლიოს სკანდალურ დოკუმენტებს აჩვენებს.ანუ, ჟურნალისტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ინფორმაციას გვაწვდის. ეს არასწორი შეკითხვაა, თუკი ვიფიქრებთ, რომ ჟურნალისტიკა არა კონტენტის წარმოება, არამედ სერვისია, რომლის მიზანიც საზოგადოების ინფორმირებაა.

რატომ უნდა განვსაზღვროთ ის, თუ ვინ არის ჟურნალისტი? Times-ის რედაქტორმა მარგარეტ სალივანმა ეს აუცილებლად მიიჩნია, რადგან მისმა გაზეთმა გადაწყვიტა, რომ უფლება აქვს განსაზღვროს თუ ვის შეუძლია ჟურნალისტის მანტიის ტარება; რადგან დაიწყო დებატები გლენ გრინვალდზე, როგორც მათ დამცველზე; რადგან წარმოიქმნა იურიდიული ხასიათის საკითხები. აი, მისი ბრძნული და შესანიშნავი დასკვნა: “ნამდვილი ჟურნალისტი არის ის, ვინც უჯრედის დონეზე აცნობიერებს და არ ერიდება მტრულ ურთიერთობას ხელისუფლებას და პრესას შორის. სწორედ ასეთ დაძაბულ ურთიერთობებს გულისხმობდნენ ამერიკის დამფუძნებლები, როდესაც კონსტიტუციის პირველ შესწორებას იღებდნენ”.

ჯონ მაკუიდმა იგრძნო იმის აუცილებლობა, რომ ეკითხა, თუ რატომ გადაჰყავს ჭკუიდან გრინვალდს სხვა ჟურნალისტები. ის მივიდა დასკვნამდე, რომ შეკითხვა იმის შესახებ, თუ ვინ არის ჟურნალისტი და ვინ არა, დიდწილად “პრელუდიაა იმისათვის, რომ მათ საქმიანობას და იმას, რისი თქმაც მათ სურთ, ლეგიტიმაცია გამოაცალონ. ეს ტრაიბალიზმამდე მიდის”. ანუ: ჟურნალისტები ბლოგერების წინააღმდეგ. ეჰ.

ღმერთო, გვიშველე. სენატორმა დიკ რუბინმა გადაწყვიტა, რომ უფლება აქვს კანონმდებლებს შესთავაზოს თავად გადაწყიტონ ის, თუ ვინ არის ჟურნალისტი და ვინ არა. მართალია, ისინი უკვე აკეთებენ ამას, როდესაც ლაპარაკი იწყება იმაზე, თუ ვის აქვს უფლება იცავდეს კანონი, რომელიც ათავისუფლებს ჟურნალისტს ინფორმაციის წყაროს გათქმისაგან. მაგრამ მე ნამდვილად არ მინდა, რომ სახელმწიფო გასცემდეს (და ართმევდეს) ლიცენზიებს ჟურნალისტებს. მორჩა, საკმარისია.

ჟურნალისტიკა არ არის კონტენტი; არ არის არსებითი სახელი; არ უნდა იყოს პროფესია ან დარგი; არ უნდა იყოს საქმიანობის სფერო ან გილდია; არ არის დეფიციტი, რომელიც უნდა კონტროლდებოდეს. ჟურნალისტიკა დღეს ახალი ამბების რედაქციებში აღარ კეთდება. და ის არ ამოიწურება მხოლოდ თხრობის მარტივი ფორმით.

მართლაც, რა არის მაშინ ჟურნალისტიკა?

ეს მომსახურებაა. სერვისი, რომლის მიზანიც – ინფორმირებული საზოგადოებაა. საკუთარ სტუდენტებს ჟურნალისტიკის ფაკულტეტიდან, ასეთ ფართო განმარტებას ვაძლევ ხოლმე: ჟურნალისტიკა საზოგადოებას ეხმარება საკუთარი ცოდნის ორგანიზებაში, რათა საზოგადოებამ უკეთ მოახერხოს თვითორგანიზება.

შესაბამისად, ყველაფერი, რაც მყარად ეხმარება საზოგადოების ინფორმირებას, ჟურნალისტიკაა. ამ საქმეში დახმარება ყველას შეუძლია. ნამდვილ ჟურნალისტს უნდა უნდოდეს, რომ ამ ამოცანის შესრულებაში აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები ერთვებოდნენ. სწორედ ამიტომ დავწერე წიგნი Public Parts, რადგან პატივს ვცემ ღირებულებებს, რომლებიც ჩნდება და ვითარდება საჯაროობის საფუძველზე, თითოეული ადამიანის უნარის საფუძველზე, გაუზიაროს თავისი ცოდნა ყველას და ეთიკის საფუძველზე, რომელიც ამბობს, რომ ერთობლივი მოხმარება ეს სოციალური გულუხვობის აქტია, ხოლო გამჭვირვალობა უნდა იყოს ჩვენი ინსტიტუტების უპირველესი პრინციპი.

შეუძლიათ თუ არა ადამიანებს ამ პროცესში დახმარება? რა თქმა უნდა. დასაწყისში, ორგანიზაციებს შეუძლიათ დახმარება ინფორმაციის შეგროვების მხრივ, მაგრამ ახლა ეს შეიძლება მათ გარეშეც მოხდეს, საზოგადოებისთვის ისეთი მოედნების შექმნით, რომ მათ ერთმანეთს გაუზიარონ და ერთობლივად ისარგებლონ იმით, რაც იციან. შემდეგ, ხშირად ჩნდება ისეთი სუბიექტის საჭიროება, ვისაც შეუძლია ამ პროცესს ფასი შემატოს, შემდეგი ქმედებებით:

- ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემით, რომელზეც ამ საერთო საინფორმაციო ნაკადში პასუხები არ არსებობს

- ფაქტების გადამოწმებით

- ჭორების უარყოფით

- კონტექსტის ჩართვით, განმარტებების და საინფორმაციო ფონის მიცემით

- ისეთი ფუნქციონალური შესაძლებლობების უზრუნველყოფით, რომელიც ინფორმაციის ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას ქმნის

- თანამეგობრობათა, მოვლენათა თვითმხილველების და ექსპერტების თანამშრომლობის ძალისხმევის ორგანიზებით

ვფიქრობ, სიტყვა “ჟურნალისტი” თავის თავში მოიცავს ასწლეულების გამოცდილებას, და მასთან ასოცირდება ბრძოლა იმისათვის, რასაც აკონტროლებს ჟურნალისტიკა. არ არის აუცილებელი, ასეთ ფუქციებს (და სხვა ფუნქციებსაც) ახორციელებდეს სპეციალურად გაწვრთნილი ადამიანი ან განსაკუთრებული ორგანიზაცია.

რაც შეეხება კანონს. ვფიქრობ, არ არის საჭირო ჟურნალისტის სტატუსი იმისთვის, რომ იცოდე, თუ ვის აქვს იმ კანონით სარგებლობის უფლება, რომელიც ათავისუფლებს ჟურნალისტს ინფორმაციის წყაროს გამჟღავნების ვალდებულებისგან. რადგან ამ განსაზღვრების ქვეშ ისინიც ექცევიან, რომლებსაც აღნიშნული კანონი არ იცავს. ზოგჯერ ასეთ ადამიანებს უწოდებენ მამხილებლებს, ჩვენი ხელისუფლება კი ებრძვის მათ და მათ მხილებებს იმის ნაცვლად, რომ ისინი დაიცვას, მიუხედავად იმისა, რომ მათ მხილებებში არის ინფორმაცია ჩვენს მთავრობაზე და ჩვენზე, ინფორმაცია, რომელიც, როგორც თავისუფალ საზოგადოებას, თვითორგანიზების გაუმჯობესებაში გვეხმარება.

ჩვენ ეს და სხვა საკითხები იმ პრინციპიდან გამომდინარე უნდა განვიხილოთ, რომ უნდა დავიცვათ არა მხოლოდ ადამიანი, რომელსაც კონკრეტული პროფესიული ვალდებულებები, საწერი მაგიდა და ხელფასი აქვს, არამედ უნდა დავიცვათ გამჭვირვალე ხელისუფლების და ინფორმირებული საზოგადოების იდეალები, როგორც აუცილებელი პირობები დემოკრატიისა.

მომავალ კვირას, სიტყვით გამოვდივარ ჟურნალისტების მესამე მსოფლიო საგანმანათლებლო კონგრესზე (World Journalism Education Congress). ვაპირებდი, მათთვის შემეთავაზებინა ის, რომ დაპირისპირებოდნენ ჩვენი ეპოქის ვარაუდებსა და დაშვებებს ახალი ამბებისადმი დამოკიდებულებაზე, მის ფორმებსა და ბიზნესმოდელებზე, ასევე თვალი გადაევლოთ იმისთვის, თუ რას და როგორ ვასწავლით ჟურნალისტებს. ვაპირებდი იმის თქმას, რომ თუკი ისინი თავიანთ პროგრამებს უწოდებენ “მასობრივ კომუნიკაციებს”, მათ უნდა შეცვალონ ეს სახელწოდება, რადგან თავად ეს სახელწოდებაა შეურაცხმყოფელი იმ საზოგადოებისათვის, რომელსაც ვემსახურებით. დიდი ხნის წინ, ჟურნალისტიკის პროფესორმა ჯეი როზენმა სოციოლოგ რეიმონდ უილიამსის სიტყვები მასწავლა: “სინამდვილეში, არანაირი მასები არ არსებობენ. არსებობს მხოლოდ მეთოდები იმისა, რომ ადამიანები მასებად აღიქვა”. მაგრამ დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა.

ეჭვი მეპარება, რომ დღეს ჟურნალისტიკის განმარტებაზე ლაპარაკის დროა. ასეთი განმარტების ნებისმიერი მცდელობა, ამ საქმიანობის გამიჯვნა ფუნქციური ვალდებულებებისა და ღირებულებებისაგან, როგორც ეს თანამდებობრივ ინსტრუქციებშია, ზღუდავს და საბოლოო ჯამში ანადგურებს ჟურნალისტიკის ზოგად მოწოდებას – საზოგადოების ინფორმირებას.

მაშ, ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ ვართ და ყოველთვის ვიყავით ინფორმირებული საზოგადოების მსახურები.

foreignpress.ge