უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ სოლიდარობის ნიშნად ჩასვლა სურდა, თუმცა მას უთხრეს, რომ ამისთვის „შესაფერისი დრო არ არის“. ამის შესახებ Times of Israel-ი წერს.
ზელენსკიმ ისრაელის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ „ტერორს გამართლება არ აქვს“.
თავის მხრივ, ისრაელი რუსეთისა და უკრაინის ომში მხარს უკრაინას უჭერს, თუმცა მისთვის სამხედრო დახმარება არ გაუგზავნია, რამაც კიევსა და იერუსალიმს შორის დაძაბულობა გამოიწვია.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.