რამაზ კლიმიაშვილი: „რომ გითხრათ, ვგიჟდები აფხაზებზე და ოსებზე, ასე არ არის, მაგრამ...“

რამაზ კლიმიაშვილი: „რომ გითხრათ, ვგიჟდები აფხაზებზე და ოსებზე, ასე არ არის, მაგრამ...“

[როზი ჯღამაია]
„საქართველოში პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლოდროინდელი ვიზიტები რუსეთისთვის მკაფიო სიგნალს შეიცავს. ეს ვიზიტები არის ნათელი სიგნალი იმისა, რომ ევროპა და შეერთებული შტატები ზრუნავენ საქართველოს მხარდაჭერისა და უსაფრთხოებისთვის. საქართველო არ არის პატარა, მივიწყებული ქვეყანა სადღაც – რუსეთის გავლენის სივრცეში, სადაც რუსეთს შეუძლია, გააკეთოს, რაც სურს. ამ ვიზიტის დროს ალბათ, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სწორედ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, რუსული შეიარაღებული ძალების გაყვანაზე და საქართველოში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე“, – ეს ოფიციალური თბილისის, კერძოდ კი, პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებაა, რომელიც ბერნარ კუშნერის თბილისში ვიზიტამდე გაკეთდა.

დასავლეთის მხარდაჭერას ნამდვილად ვერ უარვყოფთ და ბაქრაძის ის ვარაუდიც გამართლდა, რომ კუშნერი აქცენტს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე გააკეთებდა. თუმცა, ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ვიზიტების ფარგლებში, უცხოელი სტუმრების ყველა რეკომენდაცია და გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლების მისამართით უფრო იყო გაკეთებული.

რა საშიშროება დაინახეს საქართველოს მხრიდან და რა მისიით ჩამოდიოდნენ მეგობარი ქვეყნის ლიდერები, ამაზე პრესა.გე–ს პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი ესაუბრება.

ჰილარი კლინტონის ვიზიტით დაიწყო დიდი სტუმრიანობა საქართველოში, ამერიკის გზავნილი გასაგებია, რომ იგი კვლავ რჩება საქართველოს მეგობრად, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ამერიკის მთავარი გზავნილი საჯაროდ არ გახმაურებულა.
–ჰილარი კლინტონმა 4 ქვეყანა მოიარა, გადაღლილი იყო და ჩვენთან 6 საათით დაასვენეს. კლინტონი ბრწყინვალე პოლიტიკოსია და მის მიმართ, ჩემი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, მისი ამ ვიზიტისას არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა.

თუმცა, კლინტონის ტურნეს დასვენებად ვერ შევაფასებთ და მას გარკვეული მიზანი ჰქონდა.
–დავიწყოთ იმით, რომ პოლონეთში იყო არჩევნები. პოლონეთი ყველაზე პროამერიკული ქვეყანა იყო ევროპაში და ამიტომ, ამერიკისთვის პოლონეთის პრეზიდენტის არჩევნები უმნიშვნელო ვერ იქნებოდა. ასევე, ამერიკის ადმინისტრაციას უნდა გარეკვიათ რა ხდება უკრაინაში, ხოლო რაც შეეხება აზერბაიჯანს და სომხეთს, იქ ლამის ომი დაიწყო ერთი კვირის წინ და იქაც დასალაგებელი იყო სიტუაცია. კლინტონი ამის შემდეგ ჩამოვიდა ჩვენთან და შარდენზე გაასეირნეს. ეს იყო და ეს, ამიტომ, ვამბობ, ის 6 საათი იყო დასვენება და სხვა არაფერი.

სიკორსკის და კუშნერის ვიზიტებზე რას იტყვით, ისინიც დაღლილები ხომ არ ჩამოსულან?
–ყველანი ცდილობენ, როგორმე შეგვარიგონ რუსეთთან. ეს არის მთავარი.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა რუსეთს უპირობოდ ელაპარაკოს, მაგრამ თავად რუსეთის ხელისუფლება არ მოდის მოლაპარაკებაზე. ამიტომ, საქართველოში სიარულით როგორ უნდა მოხდეს რუსეთთან შერიგება?
–საქმე ისაა, რომ აგრესია ჩვენგან მოდის, თორემ რუსეთიდან აგრესია არ მოდის. დასავლეთს კი უნდა, რომ როგორმე, ეს რეგიონი დაწყნარდეს, დამშვიდეს და არავითარი სურვილი არ აქვთ, რომ ომი დაიწყოს. სიკორსკის ჩამოვიდა, სააკაშვილისთვის ეთქვა, რომ ეპოქა შეიცვალა და დაპირისპირების დრო აღარ არის.

კუშნერი კი, ყველას გვახსოვს ვინც არის, ყველას გვახსოვს გორის კადრები და რახან კუშნერი ჩამოვიდა, უნდა მივხვდეთ, რომ მთავარი მისთვის საქართველოს და რუსეთის შერიგებაა.

ჩვენი დაწყნარება რატომ გახდა დასავლეთისთვის ასე მნიშვნელოვანი, რაიმე ნიშანი იყო იმისთვის, რომ რუსეთ–საქართველოს შორის კონფლიქტი განახლებულიყო?
–არა მგონია, რუსეთს რაც სჭირდებოდა წაიღო.

საქართველოს მითუმეტეს რაში სჭირდება რუსეთთან ხელახალი ომი?
–რისთვის უნდა სჭირდებოდეს გაუგებარია. გასაგებია, რომ რუსეთს სჭირდება აფხაზეთი, რათა შავი ზღვა გააკონტროლოს, სჭირდება ცხინვალი, რომ თუ ჩრდილოეთ კავკასიაში ომი დაიწყო იქვე ჰქონდეს ბაზა, საიდანაც დაარტყამს ჩეჩნებს, დაღესტნელებს, თუ ინგუშებს. რუსეთს მეტი არაფერი სჭირდება საქართველოში. მაგრამ რაც შეეხება საქართველოს, აფხაზეთს და ოსეთს მანამდე ვერ დაიბრუნებს, სანამ სხვა დრო არ დადგება. ეს დრო მალე არ დადგება, მაგრამ მაინც დადგება.

ჩვენ თუ დავწყნარდით და გავხდით ევროკავშირის წევრი, ეს ალბათ 20 წლის შემდეგ მოხდება, აფხაზს რა უნდა, ჯიბეში ედოს რუსული პასპორტი თუ ევროკავშირის პასპორტი? სხვათა შორის, მე მაქვს ასეთი პასპორტი და ყველა პროვილეგიით ვსარგებლობ და როცა ყველა ქართველს ექნება ასეთი პასპორტი, მაშინ, აფხაზები და ოსები აქეთ შეგვეხვეწებიან. ოსებს ახლა რა შანსი აქვთ, რომ ევროკავშირის წევრი გახდნენ? – არავითარი, ამისთვის მათ ერთადერთი შანსი აქვთ საქართველოს შემოუერთდნენ. ეს როგორც უკვე გითხარით, 20 წლის შემდეგ მოხდება და ეს მითხრა ევროკავშირის ელჩმა ბანკეტზე, როცა საქართველოდან მიდიოდა.

რომელმა ელჩმა გითხრათ?
–არ მინდა გვარი დავასახელო, მაგათ საელჩოსთან არ მინდა ურთიერთობის გაფუჭება.

როცა დღეს დასავლეთი რუსეთთან შერიგებისკენ მოგვიწოდებს, რას გულისხმობენ ამაში? რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები მიიტაცა და იქ ბაზების მშენებლობითაა დაკავებული, ჩვენ ამაზე თვალი უნდა დავხუჭოთ და არაფერი ვთქვათ? ამას მოითხოვენ ჩვენგან?
–ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ დაჩაგრული მხარე. რუსეთი დიდია, ჩვენ – პატარა. რა ვქნათ, ისევ კონფლიქტი დავიწყოთ? – არ გამოვა. მოდი ასე ვთქვათ, ჩვენი სასოფლო სამეურნეო პროდუქცია მოისპო, კახეთში ღვინის წარმოება 10–ჯერ შემცირდა, რადგან რუსეთში ვეღარ გადის. გორში მოსახლეობას ვაშლი ულპება, ხალხი საშინელ დღეშია. ამიტომ, უნდა შევრიგდეთ.

ჩვენ დავკარგეთ რუსეთის ბაზარი და ჩვენი ადგილი უკვე სხვამ დაიკავა, მომავალში სანანებელი ხომ არ გაგვიხდება, რომ რუსეთთან უპირობო მოლაპარაკებას ბაზრის დაბრუმენის გამო დავთანხმდით?
–ეს ბაზარი უნდა დავიბრუნოთ, სხვა რა გზა გვაქვს, ფრენები უნდა აღსდგეს. ჩვენ თუ გვინდა გადავრჩეთ, ჩვენ რუსეთის ბაზარი უნდადავიბრუნოთ, რადგან სხვა ბაზარი არ გვაქვს. როცა, ეს ყველაფერი აღდგება და საქართველო ნელ–ნელა ფეხზე დადგება, აფხაზები და ოსები დაინახავენ, რომ საქართველოშ გაცილებით უკეთესია ცხოვრება, ვიდრე რუსეთში და ასე გადავწყვეტთ ამ პრობლემასაც.

სხვათა შორის, სააკაშვილი როგორც კი მოვიდა ხელისუფლებაში, იკითხა, მითხარით, როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთიო. მე მაშინვე დავუდე მაგიდაზე იდეა, რომ ამისთვის სჭირო იყო ევროკავშირის წევრი გავმხდარიყავით. ეს იყო 5–6 წლის წინ და სააკაშვილმა ახლა თქვა ეს. ჰილარი კლინტონმაც იგივე არ გვითხრა? – თავი მოაწონეთო. რომ გითხრათ, ვგიჟდები აფხაზებზე და ოსებზე, ასე არ არის, მაგრამ სხვა გზა არ არის, უნდა თავი მოვაწონოთ.

ეს ვიზიტები რამდენად შეიცავს ქვეყნის შიდაპოლიტიკისთვის რაიმე გზავნილებს?
–კუშნერი არ ჩამოვიდოდა ეს რომ არ იყოს. სწორედ ეს ახსოვს, რომ სისულელეებს ვაკეთებდით და ეს პოზიცია დასრულდეს. არავის უნდა არც ამერიკაში არც ევროპაში, რომ სამხრეთ კავკასიაში სიტუაცია დაიძაბოს, ყველას თავისი პრობლემები აქვს და აქ ჩამოსვლით კიდევ ერთხელ გვეუბნებიან – გეყოფათ!!!

საქართველო უნდა იყოს ევროპის ნაწილი, ამაზე არავინ დაობს, იგივე ლავროვმაც თქვა – ჩვენ არ გვინდა საქართველო ნატოში, თორემ ევროკავშირში – თქვენი ნება არისო.

სტუმრებთან შესახვედრად ოპოზიციის სია ვისი კარნახით დგება?
-კლინტონს რომ შეხვდნენ, მაშინ ამბობდნენ, კანცელარიამ მიაწოდა სიებიო, მაგრამ არ დაიჯეროთ, ამერიკის საელჩო ისეთი ძლიერია, მაგთ ვერავინ გაუბედავს რამე უბრძანოს. ასე რომ, თავად საელჩომ გადაწყვიტა ვინ უნდა შეხვედროდა ქალბატონ ჰილარის, ალბათ, არ უნდოდათ, რომ ნერვები აშლოდა.

ყველამ ვიცით, რომ ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრა იყო დაგეგმილი, მაგრამ ბოლო წუთს გააუქმეს, ეტყობა კლინტონის ნერვებს გაუფრთხილნენ. როგორც ჩანს, ბურჯანაძეს ვაშინგტონში შეხვდება. როგორც ხმები გამოვიდა, ეს შეხვედრა უკვე დაგეგმილი ყოფილა უახლოეს კვირაში.

სხვათა შორის, საინტერესეო იყო კუშნერთან ოპოზიციის შეხვედრა. ძველი „ეროვნული საბჭოდან“, „ლეიბორისტებისგან“, „ფორუმისგან“ არავინ მიუპატიჟებიათ, სამაგიეროდ, პეტრე მამრაძე მიიპატიჟეს. ეს რუსეთ–საფრანგეთის განსაკუთრებული მეგობრობით ხომ არ იყო განპირობებული?
–მართალი გითხრათ, მაგაზე პასუხი არ მაქვს, მეც განცვიფრებული ვარ. ეს მაგათი გადასაწყვეტია, ევროკავშირში ფრანგები და გერმანელები არიან ლიდერები და ისინი წყვეტენ ყველაფერს. როგორც ჩანს, პროევროპელები შეარჩიეს.

შეხვედრას ალასანიაც ესწრებოდა, რომელზეც ამბობენ, რომ პროამერიკელია, იგივე შეიძლება ითქვას თინა ხიდაშელზეც. ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი კი პირველები არიან, ვინც რუსეთთან დაიწყო ურთიერთობა ომის შემდეგ. ანუ, ეს ბალანსის პოლიტიკა ხომ არ იყო?
–მე მაგალითად მახსოვს, რომ ნინო ბურჯანაძე იყო ამერიკელების პროექტი.

რევოლუციურ პერიოდს გულისხმობთ?
–არა, ბუშის პრეზიდენტობის ბოლო დღეებში, ომის შემდეგ, კატეგორიულად იყო ნათქვამი, რომ ბურჯანაძე უნდა მოსულიყო პრეზიდენტად. ასე რომ, ბურჯანაძეს მოსკოვურ პროექტად ვერ განვიხილავთ. სხვათა შორის, როცა ბურჯანაძე მოსკოვში ჩავიდა, პუტინი მას ისე შეხვდა, არ შეიძლება ოპოზიციის ლიდერს ასე შეხვდე. ეს იყო ყველა წესების დარღვევა და ეს იყო დაცინვა საქართველოს ხელისუფლებისთვის. ასე არ ხდება ხოლმე, მაგრამ პურტინმა ამით აჩვენა, რომ მინდა ეს ქალბატონი იყოს პრეზდენტიო. მანამდე, ამერიკელებიც იგივეს ამბობდნენ.

ანუ, თქვენ ამბობთ, რომ ამერიკაც და რუსეთიც თანახმა არიან პრეზიდენტად ბურჯანაძე მოვიდეს?
–ამ მომენტისთვის მე ასე ვხედავ. გუბაზ სანიკიძე ჩემი ძველი მეგობარი და ჩემი სიმპათიაა, მაგრამ მას ვერ ვხედავ მომავალ პრეზიდენტად.

პრეზიდენტობისთვის ალასანიაც იბრძვის და ამბობს, რომ მას ამ არჩევნების შემდეგ, დასავლეთში აღიარებენ. გარდა ამისა, ჩვენ მისი ლავროვთან, „შემთხვევითი“ შეხვედრაც გვხსოვს...
–კი, მაგრამ ალასანია მოსკოვისთვის არ არის მიღებული და დღევანდელი ვაშინგტონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთის აზრი, რადგან მათ თავიანთი პრობლემები ყოფნით ავღანეთში, ირანში, ერაყში და არ უნდათ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების პრობლემები. ობამას და კლინტონის გზავნილიც ეს არის, რომ რეგიონში იყოს სიწყნარე და სიმშვიდე.

რას ამბობთ, ალასანია თუ გაპრეზიდენტდა ამერიკის სიმშვიდე დაირღვევა?
–არა, ალასანიასადმი ძალიან სიმპათიით ვარ განწყობილი, მაგრამ არ მჯერა, რომ 35 წლის კაცი უნდა იყოს პრეზიდენტი. ჯერ ახალი მოსულია პოლიტიკაში და ვფიქრობ, პრეზიდენტობისთვის მზად არ არის, მას კიდევ 10 წელი უნდა.

პოლიტიკოსები მუდმივად იმაზე საუბრობენ, რომ ჩვენი ბედი ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, მაგრამ რეალურად, როცა რუსეთ–ამერიკის გარიგებაზე ვსაუბრობთ, ისე გამოდის, მაინც ისინი წყვეტენ ჩვენს ბედს...
–ჩვენი ბედი მართლაც ჩვენი გადასაწყვეტია. ის ჩარევა, რაც ბუშის დროს მოხდა, სამარცხვინო იყო. მისი დამსახურებაა, რომ საქართველოში ანტიამერიკული პროპაგანდა დაიწყო. ეს სირცხვილია, ჩვენ რა ირანი ვართ?

მართლაც და, რა ხდება ირანთან დაკავშირებით, ხან მეგობრობას ვეფიცებით და ხან თავს ვიკავებთ, თუმცა, შეპირებული უვიზო მიმოსვლა ალბათ, სექტემბრიდან გვექნება.
–ირანთან ჩვენი ურთიერთობა სააკაშვილის ბოღმით დაიწყო. ამერიკაში რამდენი ხანი იჯდა და არავინ შეხვდა, რის გამოც დაბოღმილი და შერცხვენილი დაბრუნდა და ირანისკენ გაიხედა, მაგრამ მერე ამერიკიდან თითი დაუქნიეს. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, ეს უკვე გვაქს. ცოტა ხნის წინ, ირანის ელჩის ასისტენტმა დამირეკა და მითხრა ელჩი გეპატიჟებათ პირადადო, მაგრამ თავაზიანი უარი შევუთვალე. ჩადრიან ქალებს ვერ ვიტან.