გაერო: ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილის მოსახლეობას ტერიტორიის უახლოეს 24 საათში დატოვება უბრძანა

გაერო: ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილის მოსახლეობას ტერიტორიის უახლოეს 24 საათში დატოვება უბრძანა

გაერომ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილის მოსახლეობას ტერიტორიის უახლოეს 24 საათში დატოვება უბრძანა. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის პრესმდივანმა, სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა.

„გაერო მოუწოდებს ისრაელს ამ ბრძანების გაუქმებისკენ, თუ ეს დამტკიცდება, რომ ისედაც ტრაგიკული სიტუაცია კატასტროფულში არ გადაიზარდოს“, - აღნიშნა მან.

გაეროს მონაცემებით, ეს ბრძანება დაახლოებით 1,1 მილიონ ადამიანს ეხება, რაც მთლიანად ღაზის სექტორის მოსახლეობის ნახევარს შეადგენს.

დიუჟარიკის განმარტებით, გაერო შეუძლებლად მიიჩნევს, რომ ასეთი გადაადგილება დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე განხორციელდეს.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.