ვინც რეალურად გულშემატკივრობს და არა მხოლოდ ლოზუნგებით, საქართველოს ევროინტეგრაციასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეს, წესით, ორბანის მიმართ კრიტიკული შენიშვნების გამოქვეყნებით არავინ უნდა იყოს დაკავებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ყველამ უნდა გაითვალისწინოს, ოპოზიციამ, ოპოზიციის მედიასაშუალებებმაც და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.
„ორბანის წინააღმდეგ არ არის საჭირო არარსებული ბრალდებების მოგონება. განსაკუთრებულად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ევროპაში საქართველოს მიმართ ასეთი მხარდამჭერების სიმრავლე.
განცხადება, რომელიც ორბანმა საქართველოს მიმართ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით უკვე გააკეთა, წესით, ამის მეტი აღარაფერი უნდა გვაინტერესებდეს.
ჩამოდის ადამიანი, ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოს ლიდერი და ამბობს, რომ საქართველოს უპირობოდ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. შეცდომა იყო შარშან კანდიდატის სტატუსის მიუნიჭებლობა. ამაზე კარგი რა უნდა გავიგო მისგან?!“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ამ წუთებში კახეთში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს. დღესვე მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში 10 ოქტომბერს ჩამოვიდა.