ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმეზე ბრალდებულია ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევი, რომელიც ამჟამად საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, კერძოდ სოხუმში იმყოფება და მობილური კავშირგაბმულობის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს. ექსპერტი სამართლის საკითხებში კახი კახიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ე.წ. ჯიჰადის ვიდეოსთან დაკავშირებულ საქმეზე გამოძიება უნდა გაგრძელდეს, რათა ცნობილი გახდეს დანაშაულის მოტივი, კერძოდ, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან და რა ზრახვები ჰქონდა მას.
შსს-მ საქმე გახნილად გამოაცხადა, იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც ეს ვიდეო ინტერნეტ-სივრცეში განათავსა. იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შსს-მ გაავრცელა, შეგიძლიათ თქვათ, რომ მტკიცებულებით არის გამყარებული?
კახი კახიშვილი: შსს-მ გაავრცელა აღნიშნული ინფორმაცია და ამავდროულად, სასამართლომ შეუფარდა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა. რეალურად, გამოდის, რომ რაღაცა სახის მტკიცებულება ამ საქმესთან დაკავშირებით შსს-ს ჰქონდა. თუმცა მე ვთვლი, რომ საქმე ბოლომდე გახსნილი არ არის. ვინაიდან, ჩემი აზრით, ეს ადამიანი არის მხოლოდ სპეციალისტი, რომელმაც სხვისი დაკვეთით მოათავსა ეს ვიდეომასალა ინტერნეტში. ვფიქრობ, რომ შსს-მ უნდა იმუშაოს და დაადგინოს ის პირები, რომლებმაც შუკვეთეს მას ამ ვიდეოს განთავსება. ამავდროულად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიდეოს დამამზადებელი არის სულ სხვა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დავადგინოთ დანაშაულის მოტივები და ვინ დგას ამ დანაშაულებრივი ჯგუფის უკან.
როგორ ფიქრობთ, რა განზრახვა უნდა ჰქონოდა ყირგიზეთის მოქალაქეს, რომ ეს ვიდეო განეთავსებინა ინტერნეტ სივრცეში?
- შეიძლება არაფერი განზრახვა არ ჰქონოდა ყირგიზეთის მოქალაქეს, მაგრამ ვინაიდან ის არის მაღალი კლასის სპეციალისტი, შესაძლებელია, მას ამ დანაშაულის ჩადენა სხვა დანაშაულებრივმა ჯგუფმა დაუკვეთა. ამიტომაც ვაცხადებ, რომ ნაწილობრივ არის გახსნილი ეს საქმე და დასადგენია ის დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელმაც დაამზადა ეს კლიპი და რატომ დაუკვეთა ყირგიზეთის მოქალაქეს ამ კლიპის განთავსება. ეს უნდა გაარკვიოს შსს-მ იმისათვის, რომ ჩვენ დავადგინოთ რეალური მოტივები და განზრახვა ამ დანაშაულებრივი ჯგუფის და აქ უკვე, შესაძლებელია, სამი ვერსია იყოს გამოძიებაში.
პირველი ვერსიად შესაძლებელია განიხილებოდეს, რომელიმე სპეცსამსხურის დაკვეთა, ანუ სპეცსამსახურმა მოამზადა ვიდეო და შემდგომში დაუკვეთა ამ კონკრეტულ ადამიანს ამ ვიდეოს განთავსება. მეორე ვერსია, ვინაიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი იყო ინსტრუქტორი ავღანეთში, შესაძლებელია, ამ ჯგუფის წევრები არიან ავღანეთის მოქალაქეები ტერორისტული დაჯგუფების წევრები და მესამე ვერსია, შესაძლებელია, ეს იყოს აპოლიტიკური და რაღაცა მიზნებით კრიმინალური დაჯგუფება აწარმოებდა ასეთი ტიპის მასალის განთავსებას ინტერნეტში, სხვადასხვა არეულობის მოწყობის მიზნით. ამიტომ, ყველაფერი უნდა გაარკვიოს გამოძიებამ, როგორც მოტივები, ისე განზრახვა და ის უშუალო დამკვეთები და შემსრულებლები.
რატომ წარმოადგინა შსს-მ ინფორმაცია, რომელიც ზოგადია და კონკრეტიკა არაა?
- ამ ტიპის დანაშაულზე ამომწურავი ინფორმაცია ვერც იქნებოდა მოწოდებული. ვინიადან, ჩემი აზრით, ეს დანაშაული ბოლომდე არაა გახსნილი, ამიტომაც, ჯერჯერობით, შსს ამომწურავად არ აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას, რაც თავისთავად გასაგებიც არის. იმიტომ, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლებელია ხელი შეუშალოს იმ პირების დადგენაში, ვინც ამ დანაშაულის უკან დგას.
კრიმინალი როდესაც დანაშაულს სჩადის, როგორც წესი, იდენტობას მალავს. მითუმეტეს, მსგავსი კრიმინალები ძირითადად, საიდუმლო ფორუმებზე აქტიურობენ. ეს ადამიანი პირიქით, ძალიან აქტურობდა სოციალური ქსელით. შეიძლება ის ასეთი აქტიური ყოფილიყო?
- მსჯელობის საკითხია. ის ადამიანი ძალიან კარგი სპეციალისტია და ძალიან კარგად იცის, რომ მიუხედავად იმისა, აქტიურობს სოციალური ქსელით თუ არა, მისი დაკავება შეუძლებელია. შესაძლებელია, რომ ეს ადამიანი თავს დამნაშავედ საერთოდ არ თვლის. უბრალოდ, შეასრულა რაღაცა სახის ვიდეოს განთავსების დაკვეთა და ამავდროულად, ვერ აცნობიერებს რამხელა დანაშაული ჩაიდინა. შეიძლება ამას უკავშირდებოდეს მისი ასეთი აქტიურობა სოციალურ ქსელში.
ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ იყო განცხადება, რომ ვიდეოს დამზადებაში ტელეკომპანია „პიკ“-ის საარქივო მასალები იყო გამოყენებული, თუმცა დღეს ცნობილი ხდება, რომ ეს ვიდეო მთლიანად ინტერნეტსივრციდან ამოღებული მასალით იყო შედგენილი...
- რეალურად, როგორც ჩანს, ამ დანაშაულებრივი ჯგუფის წევერები ძალიან სერიოზული სპეციალისტები არიან. თუნდაც ის, რა ფორმით განთავსდა ვიდეო ინტერნეტში, ესეც უკვე მეტყველებს ამ ადამიანის პროფესიონალიზმზე. გამოყენებული იქნა საქართველოს GSM-ის კავშირი აფახაზეთიდან, ამ კავშირიდან მოხდა ვიდეოს განთავსება. იქვე გამოყენებული იქნა საქართველოში მდებარე ერთ-ერთი IP მისამართი. ფაქტობრივად პირდაპირ ჩანს, რომ სპეციალურად ჩახლართული გზა იქნა გამოყენებული იმისათვის, რომ გამოძიებისთვის გზა-კვალი აებნიათ.
დარწმუნებული ვარ, ამ დანაშაულის გახსნაში ჩვენს შსს-ს თანამშრომლებთან ერთად, ალბათ, მონაწილეობდა აშშ-ის სპეცსამსახურები და ალბათ, მათი დახამებით გახდა შესაძლებელი საქმის ნაწილობრივ გახნა. 21-ე საუკუნეში კიბერდანაშაული ძალიან სერიოზულ გამოწვევას წარმოადგეს მსოფლიოს სპეცსამსახურებისთვის და მათ შორის, ბევრად კვალიფიციური სპეცსამსახურებისთვის, ვიდრე საქართველოს სპეცსამსახურებია. აქიდან გამომდინარე, თუნდაც ამ კუთხით რაღაცა ინფორმაცია რომ იქნა დადგენილი - კარგია. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ წინ ძალიან სერიოზული სამუშაო ელოდება შსს-ს სპეცსამსახურს, რომ დაადგინოს ამ ვიდეოს დამზადების და განთავსების მოტივი.
შსს-ში აცხადებენ, რომ დანაშული ერთი თვეა გაიხნა, მაგრამ ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც თავდაცვის მინისტრმა სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ ვიდეორგოლების გამოძიების კუთხით, არანაირი სიახლე არ აქვს. რატომ მალავდა სამინისტრო ამ ფაქტს ერთი თვე?
- უცნაურია, როდესაც მინისტრები ერთმანეთთან ურთიერთობას ტელეეთერით არკვევენ. ჯობდა, რომ თავდაცვის მინისტრს მთავრობის სხდომაზე, ან უშუალოდ შს მინისტრთან კომუნიკაციით გაერკვია ამ საქმის დეტალები. ჩემთვის ცოტა გაუგებარია გუნდური თამაშის დეტალების სპეციფიკის წესები. რაც შეეხება იმას, თუ გამოძიებული იყო საქმე ერთი თვის განავლობაში რატომ არ გაახმაურა, ამას პასუხი შსს-მ უნდა გასცეს. ალბათ, მათი აზრით, მიზანშეუწონელი იყო ამ ინფორმაციის გაჟღავნება მანამ, სანამ არ იქნებოდა დადგენილი კონკრეტულად ამ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები და დეტალები.
ის ფაქტი, რომ ამ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ნაწილობრივ გავრცელდა პრესაში, შესაძლებელია, გარკვეულწილად, ხელი შეუშალოს ოპერატიულ სამსახურებს დანარჩენი კვალის დადგენაში. შესაძლებელია, რომ ამიტომაც წელავდა შსს დროს ამ დამნაშავე ადამიანის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით. ეს არის ჩემი ვერსია. ალბათ, შსს უკეთ ახსნის რატომ მოხდა ერთი თვის დაგვიანებით ამ ინფორმაციის გავრცელება.
თქვენ კითხვები არ გაქვთ?
- არანაირი კითხვები არ მაქვს. მე ვთვლი, რომ ჯერჯერობით, ეს დანაშაული ბოლომდე გახსნილი არაა. ველოდები შსს-ს სხვა ინფორმაციას, არა მხოლოდ იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ეს ვიდეო განათავსა, არამედ იმ ადამიანებზე, რომლებმაც მოამზადეს ეს ვიდეო და შემდეგ მას დაუკვეთეს ვიდეოს განთავსება.