ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს, თურმე, ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი მფლობელების გიორგი არველაძისა და გიორგი კორახაშვილის ვალი აქვს - ერთი ლარი. სიმბოლურ ერთ ლარზე, კორახაშვილმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინა გუდავაძეს ტელეკომპანია სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცა, თუმცა, მას ერთი ლარი დღემდე არ გადაუხდია.
მომღერალ ნინო ჩხეიძის მეუღლე კორახაშვილი, რომელიც 2009-2012 წლებში, „იმედის“ 35 პროცენტიანი წილის მფლობელი იყო, უკვე 2013 წელს აცხადებს, რომ ტელეკომპანია „საკმაოდ წამგებიანი და ზარალიანი“ იყო.
მართალია, კორახაშვილი ტელევიზიის ზარალზე სამი წლის შემდეგ ალაპარაკდა, მაგრამ ის დღემდე არ აღიარებს, რომ „იმედი“ მიტაცებული ქონება იყო. უფრო მეტიც, კორახაშვილი აცხადებს, რომ „ის და მისი პარტნიორი რომ არ ყოფილიყვნენ, „იმედს“ იგივე დაემართებოდა, რაც ინა გუდავაძის პირობებში, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას დაემართა“.
კორახაშვილი არ აკონკრეტებს რამდენი გადაიხადა „იმედში“, თუმცა, ამბობს, რომ მან ტელეკომპანია ოფშორული კომპანიისგან იყიდა, რომლის წარმომადგენელიც გიორგი არველაძე იყო. აღსანიშნავია, რომ კორახაშვილმა იმ კომპანიის სახელიც არ იცის, რომლისგანაც „იმედის“ წილი შეიძინა, თუმცა, მომღერლის მეუღლე ირწმუნება, რომ მას ტელევიზიისგან არც პოლიტიკური სარგებელი უნახავს და არც ფინანსური.
„როგორც არველაძემ ამიხსნა, ეს კომპანია შეიძლებოდა უფრო მომგებიანი გამხდარიყო. ჩვენ კინოცენტრის განვითარებას ვაპირებდით, მაგრამ სამწუხაროდ, სხვა რეალობა დადგა. ტელევიზიის წარმომადგენლებს მანამდეც შევთავაზე, რომ უკეთესი სპონსორი გამოგვენახა, რადგან ეს ტელევიზია საკმაოდ წამგებიანი და ზარალიანი იყო“, - განაცხადა კორახაშვილმა, რომელმაც „საკუთარ სიმართლეში“ დეპუტატების დარწმუნება ვერ შეძლო, რადგან კანონმდებლები დაინტერესდნენ - თუ რატომ გადასცა მან პატარკაციშვილების ოჯახს „იმედი“ 2012 წელს და არა 2010 წელს, რაზეც მან აღნიშნა, რომ „როცა გუდავაძემ ტელევიზია მოითხოვა, მაშინ გადასცეს“.
მისი მტკიცებით, როცა ტელევიზიის მსურველი გამოჩნდა, „იმედი“ მაშინ გასხვისდა.
„ინა გუდავაძეს „იმედში“ წილი პირადად არ ჰქონია. ადამიანი გამოჩნდა, რომელიც ამ კომპანიის მართვას შეძლებდა და მას ტელევიზია სიმბოლურ ფასად გადავეცით. ინა გუდავაძეზე მეპატრონეს გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ. როცა არველაძემ მითხრა, რომ ტელევიზიის მსურველი გამოჩნდა, ეს ნაბიჯი მაშინ გადავდგი. ამ ქალბატონმა, როცა თქვა, რომ ტელევიზია მინდაო, მაშინ გადავეცით. მე და ჩემი პარტნიორი რომ არ ვყოფილიყავით, „იმედს“ იგივე დაემართებოდა, რაც ინა გუდავაძის პირობებში, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას დაემართა. ინა გუდავაძეს ტელეკომპანია სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცა, თუმცა, მას ეს ერთი ლარი დღემდე არ გადაუხდია. მართალი გითხრათ, ქალბატონმა ინამ მადლობა შემომითვალა“, - განაცხადა კორახაშვილმა, რომელსაც დეპუტატმა, ანი მოროტაძემ „იმედის“ გარშემო მიმდინარე პროცესები უამბო და მოახსენა, რომ ეს ტელეკომპანია 2007 წელს, საკუთარ მფლობელებს უკანონოდ ჩამოართვეს.
გიორგი კორახაშვილის „გულწრფელ პასუხებს“ რამდენჯერმე სიცილ-ხარხარი მოჰყვა, უფრო მეტიც, თინა ხიდაშელი ხუმრობის ხასიათზეც დააყენა, რომელმაც მას მიმართა „იმედია, იმასაც არ იტყვი, რომ პატრი პატარკაციშვილი გამომეცხადა და მითხრა, ჩემი წილი შენ გქონდესო“.
ნინო ჩხეიძის მეუღლე, რომელიც როგორც თავად ამბობს, მედია სფეროთია დაინტერესებული და კომისიაც მისი კუთვნილი რადიოების - „დარდი-მანდი“-სა და „აფხაზეთის ხმის“ შეძენის საკითხით დაინტერესდა. ამასთანავე, თინა ხიდაშელის კომისიამ ინტერესი 2012 წლის მაისში, „პირველი სტერეოს“ გარშემო განვითარებული მოვლენების მიმართაც გამოხატა, როცა კორახაშვილმა და „მისმა მეგობარმა“ ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილის თხოვნით, ანძიდან „პირველი სტერეო“ გამორთეს.
კორახაშვილი ირწმუნება, რომ მან და მისმა მეგობარმა „პირველი სტერეო“ ანძდან კი არ გამორთეს, არამედ არხს შესაბამისი კონტენტი ჩაურთეს.
„ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო“ სწორედ კორახაშვილის რწმუნებაზეა ნათქვამი, რადგან კომისიაში დაკითხული პირები აცხადებენ, რომ 18 მაისს, ანძის მიმდებარე ტერიტორიაზე, კორახაშვილი ძალოვანი უწყების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა და არხის გათიშვაც მათ მიერ მოხდა.
„პირველი სტერეოს“ საქმის მოგვარება როგორც მეგობარმა და როგორც ბიზნესს პარტნიორმა, დავით ბეჟუაშვილმა მთხოვა და არა ვანო მერაბიშვილმა, რომლის ოჯახის მეგობარიც ვარ. დღეს, ჩემი პერსონა ყველა თაღლითისთვის კარგი არენა გახდა, რომელთაც ჩემით თავიანთი დანაშაულის გადაფარვა სურთ“, - განაცხადა კორახაშვილმა, რომლის ჩვენებასაც თავად ხიდაშელი „საინტერესოს“ უწოდებს.
დეპუტატი აცხადებს, რომ კორახაშვილი იმაზე უფრო გულწრფელი ადამიანი აღმოჩნდა, ვიდრე ამას მას ეუბნებოდნენ.
„ის პირველ პირში საუბრობდა. აღმოჩნდა, რომ ეს „ჩემი მეგობრები“ მესამე პირებთან ურთიერთობებს აგვარებდნენ და ანძაზე სწორედ ის თანამშრომლები ადიოდნენ. ვიღაცას ანძიდან ხსნიდნენ, ვიღაცის კონტენტს უცვლიდნენ და როგორც უნდოდათ ისე მოქმედებდნენ. „იმედთან“ დაკავშირებული ახსნა-განმარტება სრულიად ფანტასტიური იყო, რადგან ეს ისტორია, ტრაგიკული იყო და მეტ სერიოზულობას მოითხოვს და არა ასეთ დამოკიდებულებას, როგორიც ბატონი კორახაშვილისგან დღეს მოვისმინეთ“, - განაცხადა ხიდაშელმა, რომლის კომისიამაც კორახაშვილის გარდა დღეს, ნიკა გვარამიას, ალექსანდრე ფარულავასა და გიორგი ჯაფარიძეს მოუსმინა, რომელიც რუტინულ რეჟიმში წარიმართა.
მართალია, „პიკის“ ყოფილი გენერალური პროდიუსერი ალექსანდრე ფარულავა ძალიან ღელავდა, მაგრამ მას სანერვიულო არაფერი ჰქონდა, რადგან „ჰაეროვან კითხვებზე, ჰაეროვანი პასუხები“ გასცა. რაც შეეხება გვარამიას, მასსა და ხიდაშელს შორის დაწყებული დაპირისპირებიდან გამომდინარე, მოლოდინი იყო, რომ „რუსთავი 2“-ის დირექტორის მოსმენა ცხარე კამათის ფონზე წარიმართებოდა, თუმცა, ეს მოლოდინი გაწბილდა. გვარამიამ პარლამენტს „საზოგადოებრივი მაუწყებელის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების გამო, აქეთ უსაყვედურა და დეპუტატ თამარ კორძაიას თავიც კი ამართლებინა.
აღნიშნული პირების გარდა, კომისიის ფორმატში, „ალანიას“ დირექტორს, მამუკა თათოშვილსაც მოუსმინეს, რომელმაც სხდომის დახურვა მოითხოვა, თუმცა, დახურულ ფორმატს რა მნიშვნელობა ჰქონდა, როცა მისი ნაამბობი მედიის წარმომადგენლებს დეპუტატებმა თავად უამბეს.
ხიდაშელის განცხადებით, „ალანიასთან“ შინაგან საქმეთა სამინსტრო თანამშრომლობდა და ამ ტელევიზიას ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე ამირან მესხელი კურირებდა.
„რატომ იყო თათოშვილი „ალანიას“ ხელმძღვანელი? - წყაროებიდან ვიცი, რომ მას ვანო მერაბიშვილთან პირადი ურთიერთობები აკავშირებდა. თათოშვილი მერაბიშვილის თანასოფლელია - უდედან არის. „ალანიას“ დაფინანსებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გაფორმებულია საიდუმლო დოკუმენტი, რომელსაც გამოვითხოვთ და ვნახოთ, შიგნით რა წერია. შესაძლოა, გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნა მოვითხოვოთ“, - აღნიშნა ხიდაშელმა.
თინა ხიდაშელის კომისია, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე შეიქმნა, მომავალ კვირას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი ჩიქოვანს მოუსმენს, რომელიც საქართველოდან გაქცეულია და რომელსაც, კომისიის სხდომაზე skype-ით ჩართავენ.
რაც შეეხება კომისიის დასკვნას, ის ოქტომბრის ბოლოს დაიდება.