საქართველო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის სრულფასოვანი წევრი ხდება (ვიდეო)

საქართველო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის სრულფასოვანი წევრი ხდება (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მინისტერიალის (SEDM) ინიციატივას უერთდება. გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე გააკეთა.

„დღეიდან საქართველოს მონაწილეობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მინისტრების ინიციატივაში არ იქნება მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსი. დღეს განვაცხადეთ და საქართველოს გადაწყვეტილება ვაცნობე მინისტრებს, რომ ჩვენ გვინდა გავხდეთ სრულფასოვანი წევრები. პროცედურები დაახლოებით ერთ წელს გაგრძელდება. მომავალი წლიდან უკვე გავხდებით ამ ორგანიზაციის წევრი, რომელიც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფორმატია რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ნატოში ინტეგრაციის გზაზე“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მინისტერიალის ფორმატში ქართული მხარე 2006 წლიდან დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს. აღნიშნული ფორმატი რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობას და მონაწილე ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ემსახურება. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვის მინისტერიალი 1997 წლის 3 ოქტომბერს რეგიონის მინისტრების შეხვედრისას სოფიაში, აშშ-ის ინიციატივით ჩამოყალიბდა.