თავდაცვის მინისტრი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა (ვიდეო)

სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ეუთოს გენერალურმა მდივანმა მიიღო. ლამბერტო ძანიერთან შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის საკითხი განიხილა. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ეს როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია:

„ეს მისია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით უნდა აღდგეს. აქედან გამომდინარე, მომავალში იგეგმება შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრთანაც. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალისხმევა - საქართველო უფრო უსაფრთხო გავხადოთ და საერთაშორისო ორგანიზაციამ, როგორიც ეუთოა, აღადგინოს თავისი წარმომადგენლობა საქართველოში, ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვის მინისტერიალს ესწრება. კონფერენციის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა შეხვედრა გამართა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწესთან ეველინ ფარკასთან.