ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ქვეყანათა ჩამონათვალში, სადაც 27 ოქტომბერს არჩევნები უნდა ჩატარდეს, რუსეთი არ მოხვდა. შესაბამისად, საქართველოდან რუსეთში მიგრირებულთა ყველაზე დიდი ნაკადი ვერ მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, რაც ახლანდელი არჩევნებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი დანაკარგი იქნება.
ცესკო-ს ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, 27 ოქტომბერს საარჩევნო უბანი გაიხსნება ავსტრიაში, აზერბაიჯანში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბელარუსის რესპუბლიკაში, ბელგიაში, ბულგარეთში, გერმანიაში, დანიაში, დიდ ბრიტანეთში, ეგვიპტეში, ესპანეთში, ესტონეთში, თურქეთში, იორდანიაში, ირლანდიაში, ისრაელში, იტალიაში, კანადაში, კვიპროსში, ლატვიაში, ლიტვაში, მოლდოვაში, ნიდერლანდების სამეფოში, პოლონეთში, პორტუგალიაში, რუმინეთში, საბერძნეთში, საფრანგეთში, სლოვაკეთში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, უნგრეთში, ქუვეითში, ყაზახეთში, შვედეთში, შვეიცარიასა და ჩეხეთში.
რამდენად აისახება ეს დანაკლისი წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე და რუსეთში მცხოვრებ საქართველოს რამდენ მოქალაქეზეა საუბარი?! ამის გარკვევას For.ge შეეცადა.
ცესკო-ს სპიკერი ეკა აზარაშვილი აცხადებს, რომ რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზები მათ უფლებამოსილებას სცდება და, ზოგადად, ცენტრალური საარჩევნო კომისია უცხოეთში საარჩევნო უბნებს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ქმნის. ეს ინფორმაცია მოიცავს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ჩვენ დიპლომატიური წარმომადგენლობები გვაქვს, საელჩოსა და საკონსულოს სახით. რუსეთი კი ამ ჩამონათვალში არ მოხვდა.
„ზოგიერთს შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროსაც რუსეთი არ იყო ამავე ჩამონათვალში და იმ დროსაც არ გახსნილა რუსეთში საარჩევნო უბანი. სამწუხაროა, რომ რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნის მიუხედავადაც კი, ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ეს აიხსნება იმ დიპლომატიური ურთიერთობებით, რაც ჩვენს ქვეყანას რუსეთის ფედერაციასთან გააჩნია. თუმცა 2008 წლის ომამდე სხვანაირი სიტუაცია იყო“, - აცხადებს ეკა აზარაშვილი და ვერ აკონკრეტებს, რუსეთში მცხოვრებ რამდენ მოქალაქეზეა საუბარი.
ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარის გია ზესაშვილისთვისაც უცნობია, რუსეთში მცხოვრებ რამდენ ადამიანს არ ექნება არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, რადგან ამის ზუსტი აღრიცხვა არ მომხდარა. მათ შორის, უცნობია იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებმაც მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა, სავარაუდოდ, ასეთები ბევრნი იქნებიან და მათ ავტომატურად შეუწყდებათ საქართველოს მოქალაქეობა.
გია ზესაშვილის თქმით, კანონმდებლობით, ცალკეულ ადამიანებს მაინც აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თუკი ჩამოვლენ საქართველოში. რუსეთში კი ეს ტექნიკურად შეუძლებელია, რადგან ამ ქვეყანაში წარმომადგენლობა არ გვაქვს.
„ეს პრობლემაა ჩვენი არჩევნებისთვის, რადგან ვფიქრობ, რუსეთში რამდენიმე ასეულ ათასი კაცი იქნება ჩასული. სამართლებრივად, ჩვენი ცენტრალური საარჩევნო კომისია სწორად მოიქცა, მაგრამ ცოტა განსხვავებული აზრი მაქვს იმასთან დაკავშირებით, უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა როგორ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ის წესი, რაც დღესაც მოქმედებს, ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს. ამიტომ უნდა არსებობდეს ფოსტით ხმის მიცემის, ან წინასწარ ხმის მიცემის წესი. როცა ადამიანი დიდი ხნით არის გასული ქვეყნიდან, ძალიან ცოტა რაოდენობის მოსახლეობას აქვს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება“, - აცხადებს გია ზესაშვილი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური ადასტურებს, რომ კონკრეტული ადამიანების უფლებები იზღუდება, რადგან ისინი ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა ეს ობიექტური გარემოებებითაა განპირობებული. კერძოდ, საქართველოს არ აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა რუსეთში.
„არ ვიცი, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს თუ არა იმაზე, რომ რაღაც გზები გამონახოს და მოელაპარაკოს შვეიცარიის საელჩოს, რათა ისინი დაგვეხმარონ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არის დღევანდელი ობიექტიური მოცემულობა“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.
ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ვცადეთ, გადაგვემოწმებინა, რუსეთში მცხოვრები რამდენი მოქალაქე ვერ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა სამინისტროს პრესსამსახური „დაკავებული“ აღმოჩნდა.
საბოლოოდ ექსპერტ სოსო არჩვაძესთან გადავწყვიტეთ ამ მონაცემების დაზუსტება. სოსო არჩვაძის განმარტებით, საქართველოდან მიგრირებულთა დაახლოებით 70%, ანუ 2/3-ზე მეტი რუსეთის ფედერაციაზე მოდის, მაგრამ ეს ინფორმაცია ეხება იმ ადამიანებს, რომელთა ოჯახიც ჯერ კიდევ საქართველოში ცხოვრობს, ხოლო, ვინც დედაწულიანად აიყარა და გავიდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის, რუსეთში, ამის შესახებ ინფორმაცია არ არის.
ამასთან, ქართველი ექსპერტი აცხადებს, რომ მათ იმედი ჰქონდათ, რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული მოსახლეობის აღწერა ეროვნული ნიშნის მიხედვით დააფიქსირებდა იქ ჩასულ ადამიანთა რიცხვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა მიგრანტმა, დაახლოებით 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა, საერთოდ უარი თქვა თავისი ეროვნების მითითებაზე. ამდენად, ვერ მოხდა მათი ეროვნული ნიშნით იდენტიფიცირება.
„ოფიციალურად, რუსეთის ფედერაციაში დაახლოებით 200 ათასი ეთნიკური ქართველი იმყოფება, რაც აბსოლუტურად ალოგიკურია და არ შეესაბამება რეალურ მდგომარეობას, რადგან, თუ 200 ათასი არა, ამის ნახევარი მაინც მარტო აფხაზეთიდანაა გასული ბოლო 2 ათწლეულის მანძილზე. ამიტომ ერთადერთ გზად რჩება, მომავალ წელს საქართველოში დაგეგმილი აღწერის დროს მაინც დავადგინოთ მოსახლეობის რიცხოვნობა“, - აცხადებს იოსებ არჩვაძე.
ამასთან, გვირჩევს, გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში მცხოვრები ბევრი არაქართველი დაუბრუნდა თავის ისტორიულ სამშობლოს. კერძოდ, რუსები თავიანთ ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდნენ, ასევე, უკრაინელები, ბერძნები, ებრაელები. უფრო მეტიც, საბჭოთა პერიოდში საქართველოში იყო 80-ათასიანი ჯარი, თავისი ოფიცრებით, უშიშროების სამსახურით და მათში დიდი წილი ეკავათ რუსებს. მოგვიანებით ისინი გავიდნენ საქართველოდან. ამდენად, მოკრძალებული მონაცემებით, რუსეთში დაახლოებით 7-800 000-მდე ადამიანია გასული.