ამერიკაში დაიღალნენ უკრაინის დახმარებით და ცალკეული პოლიტიკური ძალები იმაზეც თანახმანი არიან, რუსეთ- უკრაინის ომში უკრაინელი ხალხის შეწირვას გულგრილად უცქირონ, ოღონდ საკუთარი თანხები არ მოიკლონ. ამის გამოძახილია, რომ აშშ-ის 2024 წლის ბიუჯეტის განხილვისას რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის საკამათო გახდა სწორედ უკრაინის ფინანსური დახმარება. პარალელურად, რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა ერთად გადააყენეს კევინ მაკარტნი, სპიკერი, რომელიც უკრაინის დახმარების მომხრე იყო.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის დახმარების მომხრეა. „არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ უკრაინისთვის ამერიკის მხარდაჭერა შეწყდეს“, - ასე ეხმაურება ბაიდენი წარმომადგენლთა პალატის მიერ დროებითი ბიუჯეტის დამტკიცებას, რომელიც უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებს. თეთრი სახლი აპირებს, მხარი დაუჭიროს ბიუჯეტის პროექტს იმ იმედით, რომ მომავალში უკრაინის დახმარება აღდგება.
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ თუკი ამერიკა უარს იტყვის უკრაინის ფინანსურ დახმარებაზე, ეს დაახლოებით ამერიკის ფორსირებულ გამოსვლას დაემსგავსება ავღანეთიდან, რითაც ამერიკა წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან სანდო პარტნიორის იმიჯი დაკარგა. უფრო მეტიც, თუკი ამერიკა შეწყვეტს უკრაინის ფინანსურ დახმარებას, ევროპაც მას მიბაძავს, რაც რუსეთისთვის მწვანე შუქის ანთებას ნიშნავს.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამერიკაში რთული სიტუაციაა, კონგრესში გადაირჩიეს სპიკერი და კონგრესში მიმდინარეობს პოლიტიკური ბრძოლა და კონფრონტაცია უკრაინის საკითხის ირგვლივ, ამის ფონზე გარკვეული სირთულეებია ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით, მათ შორის, უკრაინისთვის 45 მილიარდი დოლარის დამატებითი დახმარების პაკეტის გამოყოფაზე. ეს ყველაფერი, ასევე, უკავშირდება მომავალ არჩევნებს ამერიკაში.
ასეთი დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ამერიკელები უკრაინის დახმარებას გააგრძელებენ, რადგან იქ არსებობს ორპარტიული თანხმობა იმაზე, რომ უკრაინის დახმარება უნდა გაგრძელდეს, შეიძლება რაღაც ვაჭრობა იყოს თანხის რაოდენობასთან მიმართებით, 45 მილიარდი შეიძლება ვიღაცამ ბევრად ჩათვალოს და თქვას, ამდენის გაღება არ შეგვიძლია, ცოტა ნაკლები გამოვუყოთ უკრაინასო, მაგრამ ამერიკა დახმარებას უკან არ წაიღებს.
კახა გოგოლაშვილი იმასაც იხსენებს, რომ შარშან ამერიკამ 75 მილიარდი დახარჯა უკრაინის დასახმარებლად, ასე რომ, საკმაოდ დიდი თანხები აქვთ დახარჯული. შეიძლება ახლაც რაღაც ვაჭრობა იყოს, მაგრამ უკრაინას არავითარ შემთხვევაში არ მიატოვებენ, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს პროცესები.
რა მოხდება მაშინ, თუკი თეთრ სახლში ტრამპი დაბრუნდება, ამის საპასუხოდ კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ ძალიან მცირე შანსია, ტრამპი დაბრუნდეს ხელისუფლებაში. თუმცა რომც დაბრუნდეს, კონგრესში ამ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსია, რომ უკრაინის დახმარება უნდა გაგრძელდეს. ტრამპი თუ მართლაც დაბრუნდა, შეიძლება ამერიკაში ძალიან აირიოს სიტუაცია ამ მხრივ. პროგნოზის გაკეთება მაშინ ძნელია.
გაიმეორებს თუ არა ამერიკა ავღანურ შეცდომას უკრაინასთან მიმართებით, კახა გოგოლაშვილის აზრით, რამდენად იყო ავღანეთიდან გამოსვლა შეცდომა, ამის თქმა ძნელია, პირიქით, შეიძლება შეცდომა იყო ის, რომ ძალიან დიდხანს დარჩა ავღანეთში შეერთებული შტატები. ბევრი მკვლევარი ამბობდა, მაგალითად, ჰანტინგტონი, რომ საერთოდ არ არის სწორი, სხვა ცივილიზაციაში ჩარევა და დემოკრატიის თავს მოხვევა, რასაც ამერიკა ცდილობდა ავღანეთში, რადგან ეს შეუძლებელია.
„ცივილიზაციას, რომელიც არ არის მიდრეკილი დემოკრატიისკენ, ძალით დემოკრატიას ვერ მოახვევ. ამიტომ შესაძლოა, ამერიკის შეცდომა იყო ავღანეთში დიდხანს დარჩენა. ოპერაციის დასრულების შემდეგ ამერიკა უნდა გამოსულიყო ავღანეთიდან. ეს სხვა ქეისია. რაც შეეხება უკრაინას, აქ საკითხი დგას საერთო ევროპულ, გლობალურ წესრიგთან დაკავშირებით. მთლიანობაში, ეს საკითხი საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას შეეხება, პირველ რიგში, ეს ევრაზიის კონტინენტს ეხება. ავღანური საკითხი მაინც უფრო ლოკალური, რეგიონალური იყო, ვიდრე გლობალური. შეიძლება ავღანეთში რადიკალურ ისლამთან, ისლამისტურ ჯგუფებთან ბრძოლა პოლიტიკურ საკითხსაც ეხებოდა, მაგრამ ეს ახლა მეორე პლანზე გადავიდა, უკრაინის საკითხი კი დღეს წამოწეულია, როგორც ყველაზე აქტუალური საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამიტომ აქედან გამოსვლა აპრიორი შეერთებული შტატების დაკნინებას ნიშნავს, შეერთებული შტატების საერთაშორისო ფუნქციის დაკნინებას. მე მგონი, ამაზე არც ერთი პოლიტიკური პარტია შეერთებულ შტატებში არ წავა“,- აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ამერიკა არ შეუწყვეტს დაფინანსებას უკრაინას, რადგან ბაიდენმა გააკეთა განცხადება, რომ აპირებს უკრაინისადმი სამხედრო დახმარებას, მზადდება ახალი პაკეტიც.
„ჯერ მხოლოდ დროებითი ბიუჯეტია დამტკიცებული ნოემბრის ბოლომდე, მაგრამ აუცილებლად დამტკიცდება ახალი ბიუჯეტი და ახალი ბიუჯეტის მიხედვით, უკრაინას სამხედრო დახმარება არ შეუწყდება. შარშანდელი ბიუჯეტით, ამერიკის თავდაცვის თანხები შეადგენდა დაახლოებით 853 მილიარდ დოლარს, აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ამერიკის წლევანდელი ბიუჯეტიც იქნება 800 მილიარდ დოლარზე მეტი. ბუნებრივია, ამ თანხიდან უკრაინისთვის თანხები გამოყოფილი იქნება, ეს თვითონ ამერიკის ინტერესშია“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე ჩვენთან საუბრისას.
მისივე განმარტებით, თუ ამერიკა დღეს უკრაინას დახმარებას შეუწყვეტს და, ღმერთმა დაიფაროს, უკრაინა დამარცხდება რუსეთთან ომში, მაშინ უკვე დასავლური სამყარო, მათ შორის, აშშ დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ამიტომ დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს თუნდაც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და უკრაინისთვის თანხის შემცირებაც მოსალოდნელი არაა. შეიძლება ტრამპი არ მოვიდეს აშშ-ის სათავეში, მაგრამ ტრამპის გარდა თუ რომელიმე სხვა რესპუბლიკელი გახდება აშშ-ის პრეზიდენტი, მათი პოზიციაც იგივეა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარება უნდა გაეწიოს.
„ამ მხრივ რესპუბლიკელებისა და დემოკრატების პოზიციები ერთმანეთთან თანხვედრაშია. რესპუბლიკელი იყო იგივე ჯორჯ ბუში, რონალდ რეიგანი, ბუშის მამა. სიმართლე ვთქვათ, ტრამპი სულითა და გულით რესპუბლიკელი არც არის, იმედია, ტრამპი აღარ მოვა ხელისუფლებაში. აშშ-ის ბიუჯეტს რაც შეეხება, იქ ასეთ თემებზე გამუდმებით კამათია, ამერიკა უდიდესი სახელმწიფოა, ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტი 25 ტრილიონია, ბიუჯეტი სადღაც 3 ტრილიონი დოლარია, იქ არის გარკვეული კონკრეტული პროგრამები, ეკონომიკის სფეროები, რომლებიც უნდა დაფინანსდეს. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამერიკის შიდა და საგარეო ვალი 31 ტრილიონი დოლარია, მაგრამ იმედია, ნელ-ნელა გაისტუმრებს ამ ვალს ამერიკა“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.