პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციის „ჰამასის“ მებრძოლებს ისრაელზე თავდასხმის დაგეგმვაში ირანის უშიშროების სამსახურების წარმომადგენლები ეხმარებოდნენ. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემას „ჰამასისა“ და ლიბანის „ჰეზბოლას“ მაღალი თანამდებობის წარმომადგენლებმა განუცხადეს, თავდასხმას ირანის სპეცსამსახურებმა „მწვანე შუქი“ 2 ოქტომბერს, ბეირუთში გამართულ შეხვედრაზე მისცეს. WSJ-ს რესპონდენტები აცხადებენ, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა ოფიცრები გეგმაზე „ჰამასთან“ ერთად აგვისტოდან მუშაობდნენ.
ირანის ჩართულობის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა და სირიის მთავრობის მრჩეველმაც დაუდასტურეს.
ოფიციალურად თეირანი და „ჰამასი“ თავდასხმაში ირანის მონაწილეობას უარყოფენ.
ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისარელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს, 06:30 საათზე განახორციელა და ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ისრაელიმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე შეტევა დაიწყო.