ლევან ბეჟაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: დარწმუნებული ვარ, ეს სერიოზულად ნათქვამი არ იქნებოდა, კონსტიტუციაში ნათლად არის განსაზღვრული ხელმოწერის პროცედურა

ლევან ბეჟაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: დარწმუნებული ვარ, ეს სერიოზულად ნათქვამი არ იქნებოდა, კონსტიტუციაში ნათლად არის განსაზღვრული ხელმოწერის პროცედურა

დარწმუნებული ვარ, ეს სერიოზულად ნათქვამი არ იქნებოდა, კონსტიტუციაში ნათლად არის განსაზღვრული [პრეზიდენტის] ხელმოწერის პროცედურა, - ასე აფასებს„ნაციონალური მოძრაობის წევრი“ ლევან ბეჟაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში.

„ასეთ არასერიოზულ განცხადებაზე სერიოზული პასუხი რულია, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ. დარწმუნებული ვარ, ეს სერიოზულად ნათქვამი არ იქნებოდა, კონსტიტუციაში ნათლად არის განსაზღვრული [პრეზიდენტის] ხელმოწერის პროცედურა, რომ საკანონმდებლო საქმიანობას წარმართავს პარლამენტი, საკანონმდებლო საქმიანობაში საბოლოო რგოლი ეკუთვნის პრეზიდენტს, რომ ხელი მოაწეროს დოკუმენტს, თუ ხელს არ აწერს, ხდება ვეტო-ს პროცედურის განსაზღვრა, თუ ვეტო დაიძლევა და პრეზიდენტი არ მოაწერს ხელს, მერე პარლამენტის თავმჯდომარე აწერს ხელს და შედის ძალაში. ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურა. განცხადება უფრო „მოდელირებულ ქრონიკას“ ჰგავს და ამ მხრივ სერიოზული პანიკა და სერიოზული განცხადების კეთება არ მიმაჩნია მართლზომიერად. ეს ალბათ უფრო გამოძახილია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომების და იმ დავის - სტატუსის და უფლებამოსილების გამიჯვნაზე და ხდება ამ თემის წამოწევა. არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში სერიოზულ ვითარებასთან გვაქვს საქმე. „მოდელირებული ქრონიკა“ დავარქვათ ამ კაზუსს“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დღეს ტელეკომპანია „იმედის“ კითხვის პასუხად განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში.