პრემიერ-მისიტრმა ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელებს და თოქ-შოუების წამყვანებს, საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა. შეხვედრა 4 საათის განმავლოაბში
დაძაბულ რეჟიმში წარიმართა. პრემიერმა ჟურნალისტებს კითხვის დასმის ფორმა დაუწუნა, მათი გამონათქვამები წაიკითხა და დასკვნაც გამოიტანა. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ძალიან ბევრი ჟურნალისტის გამონათქვამებში დილეტანტობა და საკითხის არცოდნა იგრძნობა.
დღესვე ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას დაცვა სჭირდება. მისივე განმარტებით, საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილის – მედიის, ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეფასებული არსებული სიტუაცია, თითქოს, წინა ხელისუფლების პირობებში არსებული ვითარებისგან არაფრით განსხვავდება, არასწორია.
„ყველა ჩემს გამონათქვამზე ვაგებ პასუხს. მე ვერ ვეთანხმები ალეკო ელისაშვილს. მისი მხრიდან იყო ასეთი გამონათქვამი – არის თუ არა ივანიშვილის წასვლა გაქცევა? ივანიშვილის მთავრობა არ აძლევს ზურაბიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. ეკონომიკაში აურზაურია, შეიძლება ითქვას, რომ სტაგნაციაა. ირმა ინაშვილი არ მოსულა, მას კარგად ვიცნობ, მისი გამონათქვამებიც მინდოდა მომეყვანა, როდესაც ის ამბობს, რომ კოაბიტაცია და ათასი სისულელე მოგვახვიეს თავს და ა.შ. მე მინდა, რომ ეს გამონათქვამები გავაანალიზოთ, მაყურებელმაც მოისმინოს რამდენად კორექტულია ეს.
ხშირად, თქვენი და ძალიან ბევრი ჟურნალისტის გამონათქვამებში იგრძნობა დილეტანტობა, საკითხის არცოდნა, ეკონომიკის არცოდნა. ეკონომიკა არ არის ის სფერო, რომელიც ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია გამოვიდეს და აკრიტიკოს. ეს არ არის ასე მარტივად. არ არის ისე, რომ მოხვიდე და ზედაპირულად ისაუბრო ეკონომიკაზე, თქვა რომ სტაგნაციაა, თქვა, რომ დაპირებები არ სრულდება. შეურაცხმყოფელია პირდაპირ“, - ასე დაიწყო პრემიერმა ჟურნალისტებათ შეხვედრა.
„მაინტერესებს, ვინ გიამბოთ ჟურნალისტიკის როლის შესახებ, როდესაც ასეთი წარმოდგენა შეგიქმნათ, რაც ჩვენს შეხვედრას ლაიტმოტივად გასდევს“, - მიმართა გადაცემა „პოლიტმეტრის“ ავტორმა, ნინო ჟიჟილაშვილმა პრემიერ-მინისტრს. ნინო ჟიჟილაშვილი დაინტერესდა, ვისთან გადის პრემიერი კონსულტაციებს ასეთი შეხვედრების წინ. რაზეც პრემიერმა უპასუხა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და მიიჩნევს, რომ ეს ძალიან კარგი ფორმაა.
პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს ურჩევს „ფოსტალიონებივით“ არ მოიქცნენ და მიღებული ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმონ.
„თქვენ არ ხართ ფოსტალიონები, თქვენ ხართ ჟურნალისტები და მიღებული ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ, გააანალიზოთ და თუ ეს ასე არაა, ერთი ერთზე არ უნდა გადააწოდოთ. თუ ერთი ერთზე აწვდით, ეს უკვე ფოსტალიონობაა, წერილის გაგზავნაა“, - მიმართა ბიძინა ივანიშვილმა მის ბიზნესცენტრში მიმდინარე შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც იმით დაინტერესდნენ, თუ რატომ არ ჩავიდნენ დიცსა და დვანში მინისტრები მავთულხლართების გამბის პირველივე დღეებში.
საპირისპიროს ამტკიცებდა პრემიერი და აცხადებდა, რომ მთავრობის წევრები საოკუპაციო ზონაში უფრო ადრე ჩავიდნენ და ეს გუშინ და გუშინწინ არ მომხდარა. ამასთან, ივანიშვილის განმარტებით, ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა საქართველოს ხელისუფლებას ბევრის გაკეთების საშუალება აღარ გვაქვს.
„დღეს გინდათ ახალმა ხელისუფლებამ იგრძნოს მორალური პასუხისმგებლობა, მაგრამ რომ არა საქართველოს ყოფილი ხელისუფლების პროვოკაცია, 2008 წელს ის არ მოხდებოდა, რაც მოხდა და ეს ყველამ კარგად იცის. სააკაშვილი მე მითვლის მოკითხვებს, „მოდი დავჯდეთ ერთად და გასწავლი როგორ მოიქცე“, მაგრამ მას რომ ჩემთვის მაშინ მოესმინა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა - ოსეთთან დაკავშირებით ორი წლით ადრე ჰქონდათ დაგეგმილი და მაშინ მე შევაჩერე. ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა ბევრის გაკეთების საშუალება აღარ გვაქვს. მანევრი მაშინ გაცილებით ბევრი იყო. რა შეიძლება რომ გავაკეთოთ უფრო მეტი? – აბა მითხარით“, - მიმართა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებს.
შეხვედრაზე ჟურნალისტმა ალეკო ელისაშვილმა კითხვით მიმართა პრემიერს, ზედმეტი ფუფუნება ხომ არ არის საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ისეთი ავტოპარკები, რომლებიც სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის შსს-ს, პარლამენტს და რეგიონებში გამგებლებს ჰყავთ.
„საქართველოში რიგით დეპუტატს, მის თანაშემწეს და ყავის მომდუღებელსაც კი ავტომანქანა ემსახურება“, - აღნიშნა ჟურნალისტმა და პრემიერს ამ საკითხით დაინტერესება სთხოვა.
ბიძინა ივანიშვილმა ეს შენიშვნა მიიღო. რაც შეეხება გამგეობებს, პრემიერის თქმით, იქ სიტუაცია კიდევ უფრო რთულად არის და გამოსავალი ჯერ ვერ ნახეს.
შეხვედრაზე პრემიერმა გამოთქვა ვარაუდი, რომ პოლიტიკიდან წასვლამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს ვეღარ მოასწრებს. ამასთან დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერმა საინტერესო გაცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან მისი წასვლის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობაში ერთი-ორი კაცი „სიტუაციის აყირავებას“ აპირებს.
თუმცა, მისი თქმით, ეს პირები სიტუაციის გადატრიალებას ვერ შეძლებენ და ამით მხოლოდ „საკუთარ თავს ააყირავებენ“.
„საზოგადოებასთან ერთად მე ვიქნები უფრო მძიმე მათთვისაც, ვისაც გონია, რომ გაუჩნდებათ დამატებითი ბერკეტები და აზრზე არ არიან... ერთი-ორი არის პარლამენტის უმრავლესობაში ისეთი, ვინც გაგებაში არ არის. ვინც ფიქრობს, რომ გადახტება -გადმოხტება და რაღაცეებს გადაალაგებს. ასეთ ქმედებებს მე ვამჩნევ, მაგრამ ისინი არა სიტუაციას, არამედ საკუთარ თავს ააყირავებენ. ვერავინ მოახერხებს სიტუაციის გადატრიალებას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
გარდა ამისა, დღევანდელ შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისგან იმითაც დაინტერესდნენ, თუ რამდენად დემოკრატიულია, როცა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მის შემცვლელს არჩევს მხოლოდ თავად და არა საპარლამენტო უმრავლესობა.
„პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიოს საპარლამენტო უმრვალესობამ. რამდენად დემოკრატიულია, რომ შემცვლელზე მხოლოდ თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება? როგორც ელცინმა დაასახელა პუტინი“, - მიმართა ბიძინა ივანიშვილს გადაცემა „რეზიუმეს“ წამყვანმა მერაბ მეტრეველმა, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ „ელცინთან შედარება ცუდი იყო“.
„როცა პრემიერს დავასახელებ, ნახეთ, რა კარგი შერჩეული იქნება, პრეზიდენტი გვეყოლება უნიკალური და იმ ადგილზე იქნება საუკეთესო, პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი არის ძალიან მაგარი და კარგი თავმჯდომარე და პრემიერიც ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც ჭირდება მთავრობას“, - დასძინა ივანიშვილმა.
ჟურნალისტ ვახო სანაიას კითხვას, უფიქრია თუ არა საფრანგეთის მოქალაქეობის დათმობაზე და რატომ არ აკეთებს ამას, პრემიერმა უპასუხა, რომ საკამათოა, როდესაც ჟურნალისტს ასეთი კითხვა უჩნდება.
„მე სიცოცხლე დავთმე, ქვეყანას რომ დასჭირდა და როგორ ფიქრობთ, მოქალაქეობას გამოვეკიდე და გამოვედე?! მე საფრანგეთის მოქალაქეობის დათმობას ხელიც მოვაწერე, თუმცა ეს ხანგრძლივი პროცესია, ხუთ წუთში ვერ მოხდება. საკუთარ თავზე არ მიფიქრია მაშინ, როდესაც პოლიტიკაში მოვედი და სახლიდან გასვლისას არ ვიცოდი, დავბრუნდებოდი თუ არა. ამ კაცის დაკრულზე რატომ უნდა ვიცეკვო, როდესაც ამის აუცილებლობა არ არის?!
სააკაშვილმა უეცრად რაღაც გადმომიგდო, რაც უკვე აღარ სჭირდებოდა და მე ამას ხელი უნდა დავავლო?! ლაჩარი არ ვარ და ვიღაცის გადმოგდებულს არაფერს ვიღებ. მე პიროვნება ვარ, ჩემს პრინციპებს ვიცავ და თანმიმდევრული ვარ. რაც წამართვეს, მას სასამართლოს წესით დავიბრუნებ. განხილვას არ ვჩქარობთ, რადგან ეს ხელს შეუშლის ჩემი პრემიერობის პროცესს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
დვანში მიმდინარე პროცესები გახდა ინგა გრიგოლიასა და პრემიერის კამათის მიზეზი. გრიგოლიამ პრემიერს მიმართა, რომ „ძალიან დაემსგავსა ეს კითხვა-პასუხი საქმის გარჩევას, ჟურნალისტი არის იმისთვის, რომ დასვას კითხვა ნებისმიერი ფორმით. როდესაც თქვენგან ასეთი ტიპის საყვედურები და შეფასებები ისმის, რაღაც საქმის გარჩევას ემსგავსება“ , -
რაზეც პრემიერმა მუგო - „რა კარგად გებულობთ, ქალბატონო ინგა, ჩემს გამონათქვამებს... მე ვითხოვ, რომ თქვენ, როდესაც კითხვას სვამთ ან პასუხს ითხოვთ რესპონდენტისგან, ის უნდა იყოს არგუმენტირებული. მხოლოდ ეს არის და - ეს“.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების ნაწილმა პრემიერის რეზიდენცია უკომენტაროდ დატოვა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერის გიორგი ლაფერაშვილის თქმით, მაყურებელი თავად გააკეთებს დასკვნას, რისი მცდელობა ჰქონდა დღეს პრემიერს. ლაფერაშვილის განცხადებით, პრემიერის დამოკიდებულება კონკრეტულად „რუსთავი 2“-სადმი ახალი არ არის და მაყურებელმა ახალი ვერაფერი მოისმინა. ტელეკომპანია „ტვ 3“-ის გადაცემის წამყვანის ინგა გრიგოლიას თქმით, ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტების მისამართით მსგავს ტონალობაში ლაპარაკი სასიამოვნო არ არის, მითუმეტეს, როდესაც დამრიგებლური ტონი პრემიერ-მინისტრის მხრიდან ისმის.
გადაცემა „ღია ეთერის“ წამყვანმა, ვახო სანაია, ივანიშვილი მის გადაცემაში გამოყენებული ციტატების „კონტექსტიდან ამოგლეჯაში“ დაადანაშაულა. ალეკო ელისაშვილის შეფასებით, მიუხედავად ცხარე კამათისა, მთავარია, რომ არჩევნებიდან ერთი წლის თავზე, მივიღეთ ისეთი ქვეყანა, როდესაც პირადად მას არ ეშინია, რომ პოლიცია რაღაცას ჩაუდებს, გლდანის ციხეში ცემით გაბერავენ და ჯაშუშობას დააბრალებენ. მერაბ მეტრეველის თქმით, ჟურნალისტების კრიტიკის უფლება ყველას აქვს, მაგრამ როდესაც ამას პრემიერ-მინისტრი აკეთებს, ეს კარგი ტონი არ არის.
პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს არ იყო ბრიფინგის ან პრესკონფერენციის ფორმატი.
„ეს ხალხი პროფესიით ჟურნალისტები არიან, თუმცა იქ როგორც ჟურნალისტები არ იყვნენ წარმოდგენილები. დისკუსიში და კამათში შესვლა, ეს არაა ჟურნლისტის პროფესია. მან უნდა მოისმინოს და მერე შეიძლება თავისი დასკვნა გააკეთოს. ამიტომაც, ამ ფორმატს ვერ ვუწოდებდი ჟურნალისტების შეხვედრას პრემიერ-მისტრთან, ეს იყო კონკრეტულად ამ დარგის სპეციალისტების შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, განსხვავება არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ჟურნალისტები იყვნენ არა როგორც კითხვის დამსმელები, არამედ ისინი იყვნენ დისკუსიის მონაწილეები. თუ ეს იქნებოდა ბრიფინგი, აბსოლუტურად მიუღებელი იქნებოდა კრიტიკა, მაგრამ ასეთი ფორმატისთვის ასეთი ტიპის დისკუსიები, პრინციპში, მისაღებია“, - აცხადებს სოსო გალუმაშვილი.
პოლიტოლოგ რამაზ საყვერელიძისთვის პრემიერისა და ჟურნალისტების შეხვედრა ექსპერტებთან გამართულ შეხვედრასთან შედარებით უფრო საინტერესო იყო.
როგორც საყვარელიძე for.ge-სათან საუბრისას აცხადებს, ექსპერტებთან შეხვედრისგან განსხვავებით, ჟურნალისტებმა უკვე იცოდნენ ფორმატი და, შესაბამისად შეხვედრაზეც მომზადებულები მივიდნენ.
„ჩვენ არ ვიცოდით ფორმატი და მოულოდნელი იყო. მე მომეჩვენა, რომ ჟურნალისტები უფრო მომზადებულები იყვნენ ამ შეხვედრისთვის, ვიდრე ჩვენ და მგონი, უფრო საინტერესოც იყო. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შეხვედრების შემდეგ ჟურნალისტებიც და ექსპერტებიც უფრო კრიტიკულებიც აღმოჩნდნენ, რადგან მათ მომხმარებელმა არ იფიქროს, რომ მათ პოზიცია პოლიტიკური ხელმძღვანელობის გამო შეიცვალეს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის სცენარი ზუსტად ისეთივე იყო, რაც ექსპერტებთან. ჩაუტარა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს „მასტერკლასი“, ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ, ფაქტია, პრემიერის რეზიდენციიდან გამოსულ ჟურნალისტებს აღფრთოვანება ნამდვილად არ ემჩნეოდათ.
ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს შთაბეჭდილება დარჩა, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილი იყო, საზოგადოება აღეზარდა. მისი აზრით, ჟურნალისტების კრიტიკის უფლება საზოგადოებას აქვს, მაგრამ, როცა ამას პრემიერი აკეთებს, ეს კარგი ტონი არ არის.
„მისაჯირყვნად დაგვიძახეს და მიგვჯირყვნეს“, - ასე შეაფასა ტელეკომპანია „კავკასიის“ ჟურნალისტმა ალეკო ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრთან თოქ-შოუს წამყვანებისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსების შეხვედრა. თუმცა ამის მიუხედავად, ალეკო ელისაშვილი მომავალშიც ზუსტად ისევე აპირებს გადაცემის წაყვანას, როგორც აქამდე მიჰყავდა.
ამ შეხვედრის შემდეგ გაჩნდა ლეგიტიმური კითხვა, ჟურნალისტების კომპეტენციაზე მსჯელობისას ხომ არ ჯობდა, კომპეტენციის მოთხოვნა მთავრობის წარმომადგენლებისგან დაწყებულიყო და შესაბამისად ემუშავათ სამინისტროებს, პროკურატურას?! მაშინ პრემიერის ამ მოთხოვნას ცალმხრივად არ აღიქვამდნენ ჟურნალისტები და, როგორც თვითონ ამბობდნენ, კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებზე არ მოუწევდათ თავის მართლება.
რა უჭირს დღეს ქართულ მედიას და რამდენად სამართლიანი იყო პრემიერის კრიტიკა? ამის შესახებ ექსპერტები გვესაუბრებიან.
მედიაექსპერტი ლელა კურდღელაშვილი აცხადებს, რომ ქართულმა მედიამ ძლიან კარგად იცის, სად უჭირს და ბევრ რამეში ნამდვილად გასაჭირია, მათ შორის, კომპეტენციაშიც, პატიოსნებაშიც. ზოგადად, ჟურნალისტებს დამოუკიდებლად ფეხზე დგომა უჭირთ, რადგან ხშირ შემთხვევაში, არ არის ჩვენი ბაზარი ისეთი, რომ ფინანსურად უზრუნველყოს ჟურნალისტური თავისუფლება. თუმცა ამას საზოგადოება გადაწყვეტს, მოსწონს თუ არა მას ესა თუ ის ჟურნალისტი. მეტიც, ლელა კურდღელაშვილს ვერ წარმოუდგენია ისეთი ხელისუფლება და მთავრობა, რომელსაც გულზე ეხატებოდეს ჟურნალისტები და, თუკი ჟურნალისტს ხელისუფლება აქებს, ეს ხდება ორად-ორ შემთხვევაში - მათი გული მოიგონ, ან ჟურნალისტი უკვე დამორჩილებულია. ამდენად, მედიაექსპერტს არ სურს ისეთი ჟურნალისტიკა, რომლის კმაყოფილიც იქნება მთავრობა და ხელისუფლება.
„პოლიტიკოსისგან ცოტა მეტ სიფრთხილეს მოითხოვს ჟურნალისტებთან ურთიერთობა. ჟურნალისტიკა არ არის ვინმეს სიამოვნების მიზნით. ისედაც ვიცით, რომ არავის მოვწონვართ. არასწორია, როცა ჟურნალისტების ნათქვამიდან ამონარიდს კითხულობენ. როცა ამას პოლიტიკოსი აკეთებს, რაც არ უნდა მართალი იყოს იგი, ეს გარკვეულ ზეწოლად აღიქმება. საბოლოო ჯამში, ეს პოლიტიკოსის სისუსტეზე მეტყველებს. ჟურნალისტები რომ დაიბარო და აკრიტიკო მათი სამუშაო, მაშინ თვითონ უნდა იყო ჟურნალისტიკის ექსპერტი. ჩვენ, ჟურნალისტებს გვაქვს ამის უფლება, ხელისუფლება ვაკრიტიკოთ, ეს ჩვენი პროფესიის პრეროგატივაა, მაგრამ ამას ხელისუფლება არ უნდა აკეთებდეს. ეს პროფესიების აღრევაა და ჩვენი პროფესიის ბუნებას ეწინააღმდეგება“, - გვითხრა ლელა კურდღელაშვილმა.
მისივე თქმით, ჩვენი ჟურნალისტიკა ბევრ რამეში კრიტიკის ღირსია, განსაკუთრებით, კომპეტენციის სფეროში, მაგრამ ეს ახლა არ დაწყებულა და 20 წელია ასე ვტრიალებთ. თუმცა, თუ მედიის არაკომპეტენტურობაზე ვისაუბრებთ, მაშინ უფრო ღრმად უნდა ჩავიხედოთ თემაში და ვნახავთ, რომ კომპეტენციის პრობლემა საქართველოში ნებისმიერ სფეროშია. საინტერესოა მთავრობის კომპეტენცია, ნებისმიერი დარგის სპეციალისტის კომპეტენცია. ისიც საკითხავია, რამდენად არის კომპეტენციის მოთხოვნა საქართველოში, რადგან კომპეტენტურად რომ დაიწყო საუბარი, შეიძლება, მხოლოდ 3%-მა თუ გაგიგოს. რეალურად, საქართველოში არ არსებობს ბაზარი მედიისთვის და უმჯობესია, ჟურნალისტმა იმუშაოს საზოგადოების საშუალო ფენაზე, ვიდრე რომელიღაც პოლიტიკური ჯგუფის ან ბიზმესმენისთვის.
„ძალიან მოწყვლადია ჩვენი ჟურნალისტიკა და შორს არის თავისუფლებისგან, რადგან თავისუფალი მედია არის თავისუფალი ბაზრის პირმშო და სად გვაქვს თავისუფალი ბაზარი საქართველოში?!“ - აინტერესებს მედიაექსპერტს.
ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ დღევანდელი შეხვედრის შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, რომ ე.წ. „მიჯირყვნილი“ ჟურნალისტები როგორ მოიქცევიან მომავალში: დარჩებიან ისეთები, როგორებიც იყვნენ, იქნებიან უფრო კრიტიკულები თუ ხელისუფლების მიმართ ლოიალურები გახდებიან?!
„ვფიქრობ, პირიქით მოხდება და ისინი უფრო კრიტიკულები გახდებიან. ჟურნალისტები უფრო საფუძვლიანი და არგუმენტირებული კრიტიკით წარდგებიან საზოგადოების წინაშე. თუ რამდენად ნორმალურია შეხვედრის ასეთი ფორმა, ვფიქრობ, არ არის ნორმალური. არა მგონია, ამით რომელიმე მხარემ მოიგო. თუ პრემიერის მიზანი იყო, ჟურნალისტებისთვის ჭკუა ესწავლებინა და აღეზარდა, ეს შედეგი არ იქნება მიღწეული. თუ ჩანაფიქრი ის იყო, რომ საზოგადოებას დაენახა, როგორ კიცხავს ან ასწავლის ჭკუას ჟურნალისტებს, მგონია, რომ საზოგადოების ძალიან მცირე პროცენტი იქნება ამ სანახაობით კმაყოფილი. ეს შეხვედრა ხვალ-ზეგ ყველას დაავიწყდება და გავაგრძელებთ ცხოვრებას. არც მედიაზე აისახება დიდად და არც საზოგადოებაზე“, - აცხადებს თამარ ჩიქოვანი.
მისი აზრით, პრემიერი იმ პერიოდში მაინც, სანამ ის პრემიერია, მიხვდება, რომ ასეთი ურთიერთობა მომგებიანი არ არის. დაახლოებით ეს იგივეა, რომელიმე ჟურნალისტმა ასწავლოს მას, რას ნიშნავს ბიზნესმენობა. ასევე, თამარ ჩიქოვანი ფიქრობს, რომ არამცთუ ჟურნალისტებმა არ იციან, რა ხდება ქვეყანაში, არამედ თავად ქართული ოცნებიდან გამოსულმა პარლამენტარებმაც არ იციან ეს და, პირიქით, ჟურნისტებისგან ელიან, რას მოუყვებიან ისინი.
„მიხეილ სააკაშვილი ძალიან არ მოსწონს პრემიერს, მაგრამ ნელ-ნელა, მიშასი არ იყოს, ნიუს-მეიკერად უკვე ივანიშვილი იქცა. ასე არ უნდა იყოს, რადგან მას გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს მოსაგვარებელი“, - აღნიშნა ჟურნალისტმა.
„ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევას ნამდვილად არ აპირებს“ ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი. როგორც ჯანგირაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, მთელი დღევანდელი შეხვედრის ფასი შეიძლება შეფასდეს მხოლოდ იმ საჭირო ინფორმაციით, რაც რიგითმა ქართველმა მაყურებელმა მიიღო ამ შეხვედრიდან. თუ მან გაიგო დღეს რაიმე ახალი, კარგი და საინტერესო, მაშინ რაღაც ფასი ჰქონია ამ შეხვედრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნულია ამ შეხვედრის ფასი და ყველაფერი არის ბელეტრისტიკა, შოუ და ლირიკა.
„დღევანდელ შეხვედრას არ განვიხილავ, როგორც გლადიატორების ბრძოლას, თუმცა ის ჰგავდა თავისი ფორმით ამას. არასდროს მიფიქრია, სიტყვის თქმაში ვინმეს ვაჯობო. ასე რომ იყოს, თუ რაღაც ზღვარს გადახვედი, სიტყვის თქმაში ყველას აჯობებ“, - გვითხრა ნინო ჯანგირაშვილმა.