წლებია ვაკვირდები: სკოლაში მიმავალ ბავშვებს სასკოლო ჩანთის ტარებაში უფროსები ეხმარებიან - ბებია-ბაბუები, მშობლები, უფროსი და-ძმები... თუმცა, ჩანთაც აღარ ქვია. ისე, საინტერესოა, კვერცხისა და ქათმის არ იყოს, რომელი გაჩნდა პირველი: გაორმაგებული ზომის (ფორმატის) და მასის სახელმძღვანელოები თუ მათი სატარებელი ზურგჩანთები? გასაგებია, ზომაში მატება სიმძიმის მატებას რომ იწვევს, მაგრამ როდესაც აღნიშნული სახელმძღვანელოები მაღალხარისხიან, მძიმე ქაღალდზეა დაბეჭდილი და თანაც სახელმძღვანელოები ასარჩევად არის მასწავლებელთა შეხედულებისამებრ. ცხადია, საქმე გვაქვს ორმაგ დამძიმებასთან - ტვირთის და ფასის.
ნიშანდობლივი იყო ახალგაზრდა მამის მიერ ჩემთვის ნათქვამი - ჩემს 11 და 8 წლის გოგონებს ჩანთების ტარება უჭირთ, სახელმძღვანელოების ფასები ძალიან მაღალია და, საკითხავია, მათი შინაარსი თუ პასუხობსო მოთხოვნებს.
ბუნებრივად იბადება კითხვა - აქ ბიზნეს-ინტერესებთან ხომ არ გვაქვს საქმე?
მოვიშველიებ ერთ-ერთ მედია-საშუალებაში ორი წლის წინ დაბეჭდილ ბ-ნ დემურ კალანდაძის (სკოლის ყოფილი დირექტორი, ქიმიკოსი, დოქტორი) მოსაზრებას: „სკოლის სახელმძღვანელოები ზოგჯერ არასწორად არის შედგენილი, თუნდაც მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში. ეს საგნები პრაქტიკული სამუშაოების გარეშე არ ისწავლება“.
ამაში მეც დავრწმუნდი, როცა გარკვეული შეხება მქონდა და ახლაც მაქვს ზოგიერთ სახელმძღვანელოსთან. პირველ რიგში მაინტერესებს, რა საჭიროა საჯარო სკოლებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა სირთულის ან შინაარსის სახელმძღვანელო, მაშინ როდესაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება? გულისხმობს თუ არა სავალდებულო საშუალო განათლება ერთიან სასწავლო პროგრამებს? ითვალისწინებს ყოველივე ეს არათანაბარ პირობებში მყოფი სოფლებისა და ქალაქების მოსწავლეთა მდგომარეობას და მასწავლებელთა კონტინგენტის კვალიფიკაციას?
რით იყო ცუდი საბჭოთა განათლების სისტემა, როდესაც უბრალო ქაღალდზე დაბეჭდილი ჩვეულებრივი ფორმატის სახელმძღვანელოები ფინანსურად ყველასთვის ხელმისაწვდომი და სატარებლად მსუბუქი გახლდათ! აღარაფერს ვამბობ იმ სახელმძღვანელოების შინაარსზე, სწავლების მეთოდებსა და კაბინეტ-ლაბორატორიების აღჭურვაზე, რასთან ახლოსაც ვერ მიდის დღევანდელობა.
პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი ვარ, სტუ-ს პროფესორი და ცოტა რამ მეც გამეგება სასკოლო სახელმძღვანელოების შესაფასებლად.
გასულ წელს შეხება მქონდა მერვე კლასის ფიზიკასთან, კერძოდ გიორგი გედენიძისა და ეთერ ლაზარაშვილის ავტორობით გამოცემულ სახელმძღვანელოსთან. მოვიტან რამდენიმე ამონარიდს ამ ტექსტიდან.
„ჩატარებული ცდის მიხედვით, წყალი ადუღდა სინჯარის ზედა ნაწილში მაშინ, როდესაც ფუძესთან ყინული არ გადნა“.
აქ გრამატიკულ შეცდომასთან გვაქვს საქმე, როდესაც დასმული „მძიმე“ წინადადების ისედაც გაუმართავ აზრს ცვლის. უნდა იყოს „...წყალი ადუღდა სინჯარის ზედა ნაწილში, მაშინ როდესაც ფუძესთან ყინული ჯერ არ იყო გამდნარი“.
„მშენებლობაში ფართოდ გამოიყენება რკინა-ბეტონის გამაგრებული ხსნარი, ჩასხმული რკინის ცხაურში - არმატურაში“.
საფიქრალია, რომ ამ სტრიქონების ავტორს არათუ შეხება არასდროს ქონია მშენებლობასთან, არამედ არც ცემენტი გაუგია, არც ყალიბი, არ იცის რა დანიშნულება აქვს არმატურას და არც ის იცის, რა არის ცხაური. დარწმუნებული ვარ, მკითხველი მხოლოდ გაიღიმებს და ეს ღიმილი სევდიანიც იქნება და ირონიულიც.
„მოქლონი - ფართოთავიანი ლითონის ღერო, ჭანჭიკი, რომელიც გამოიყენება ლითონის ორი ნაწილის ერთმანეთთან დასაკავშირებლად“.
ჯერ ერთი, მოქლონი - მოქლონია და არა ჭანჭიკი. მათ შორის დიდი განსხვავებაა, როგორც კონსტრუქციულად, ისე - დანიშნულებით, ხოლო „ლითონის ორი ნაწილი“ - ასეთი ტერმინი ბუნებაში არ არსებობს. მოქლონებით შეიძლება ლითონის ფურცლების და სხვა დეტალების შეერთება და მას დაუშლელი შეერთება ქვია, ხოლო ჭანჭიკი განკუთვნილია დასაშლელი შეერთებისათვის.
ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითი მოვიყვანე, თუმცა აღნიშნული სახელმძღვანელო სავსეა კაზუსებით, კურიოზებით და ტესტებზე არასწორი პასუხებით.
ახლა ვნახოთ მე-9 კლასის ფიზიკის სახელმძღვანელო, რომლის ავტორიც ქეთევან ტატიშვილია, რომელიც, როგორც ექსპერტები აცხადებენ, სხვა გამოცემებთან შედარებით, მაღალი სირთულის ყოფილა.
პირველ რიგში შევნიშნავ, რომ ავტორი არ იყენებს ფიზიკურ სიდიდეთა აღნიშვნის ევროპულ რეკომენდაციებს და ხშირად, ერთი და იგივე ფიზიკური სიდიდისათვის სხვადასხვა სიმბოლოებს იყენებს, მაგალითად: დრო - ხან t, ხან n; წონა - ხან P, ხან N. ასევე საკამათოა, არის კი სხეულის „წონა“ ფიზიკური სიდიდე? ის ხომ იგივე სიმძიმის ძალაა და რატომ განიხილება იგი სხეულზე მოქმედ ძალებს შორის? საერთოდ, მიღებულია „სხეულის მასა“ და „სიმძიმის ძალა“, ხოლო რაც შეეხება წონას, მას სხვადასხვა მეთოდებით განსაზღვრავენ მასის დასადგენად და მათ განსხვავებული განზომილებები გააჩნიათ. ავტორი კი გვთავაზობს ასეთ უაზრობას: „მასასა და წონას შორის მსგავსება მხოლოდ ისაა, რომ სასწორით მასის განსაზღვრის ხერხს „აწონვა“ ქვია“.
აქ კომენტარი ზედმეტია!
კიდევ ერთი მარგალიტი ამ სახელმძღვანელოდან: „უძრაობის, სრიალისა და გორვის ხახუნი მშრალი ხახუნის სახეებია“.
ხახუნი ყოველთვის არ არის მშრალი, გააჩნია, როგორ გარემოში იმყოფებიან მოხახუნე ზედაპირები. მაგალითად, ძრავში ზეთს იმიტომაც ასხამენ, რომ ხახუნი არ იყოს მშრალი და ძრავამ გამართულად იმუშაოს.
„ხახუნის კოეფიციენტი რიცხვია, რომელსაც განზომილება არ აქვს“.
ჩემი კომენტარი: სრიალის ხახუნის კოეფიციენტს განზომილება არ გააჩნია, ხოლო გორვის ხახუნის კოეფიციენტის განზომილება სიგრძის ერთეულებში გამოისახება.
მე-9 კლასის ფიზიკის ამავე სახელმძღვანელოში შემოტანილია ტრიგონომეტრიული ფუნქციები, მაშინ როდესაც მე-9 კლასის მოსწავლეებს ტრიგონომეტრიული ფუნქციები მათემატიკაში საერთოდ არ გაუვლიათ. ასევე, ხშირ შემთხვევაში ფიზიკურ სიდიდეებს არ აქვს მითითებული განზომილება.
ერთი და იგივე მასალა სახელმძღვანელოში გაფანტულად არის წარმოდგენილი და ზედმეტად არის განვრცობილი დავალებების სახით. საერთოდ კი, საშინაო დავალებების უმრავლესობა პრაქტიკულ-ლაბორატორიული ხასიათისაა, რომლებიც პედაგოგის დახმარებით სკოლაში უნდა სრულდებოდეს.
ზემოთ მხოლოდ ორი სახელმძღვანელო მიმოვიხილე, თუმცა ზერელადაც რომ გადაათვალიეროთ ის წიგნები, რომელთა საშუალებითაც ცოდნას ეუფლება სკოლის მოსწავლე, ნახავთ, რომ უხვად არის გამოყენებული არაქართული და მოსწავლისთვის გაუგებარი ისეთი ტერმინები, რომლებსაც მშვენიერი ქართული შესატყვისები გააჩნიათ. მაგალითად: მეტალიანობა, რელევანტურობა, გამჭოლი პრიორიტეტი და ა.შ.
რა მაგის პასუხია და, მე-9 კლასის ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოში შეტანილია ნაწყვეტი კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძის მოგონებებიდან სათაურით „სტალინის სიკვდილი“. რა საერთო აქვს ლიტერატურასთან ტექსტს, რომელიც მხოლოდ ავტორის შეხედულებებს გამოხატავს, თან იმ ავტორისას, რომელსაც არც ლიტერატურაში და არც ისტორიაში არ გააჩნია საკმარისი კომპეტენცია საიმისოდ, რომ მისმა ნაწერებმა მოსწავლეები ლიტერატურითა და ისტორიით დააინტერესოს. და თუ სახელმძღვანელოს შემდგენლებისთვის მაინცდამაინც ლანა ღოღობერიძის მოგონებებია ძვირფასი, ალბათ, უპრიანი იქნებოდა ქ-ნ ლანასთვის მისი ოჯახის ისტორიიდან გამომდინარე, 30-იანი წლების რეპრესიების შესახებ ტექსტის დაწერა ეთხოვათ.
კიდევ ერთი მაგალითი:
„ქართველ მეწარმეს, თემურ ჭყონიას სურდა მსოფლიო ბრენდები „კოკა-კოლა“ და „მაკდონალდსი“ საქართველოშიც ყოფილიყო. მას შეეძლო იმ თანხებით, რაც ამ სტრუქტურებისთვის დახარჯა, უამრავი სახინკლე და რესტორანი გაეხსნა, მაგრამ მან არჩია, რომ საქართველოს მომხმარებლებისთვისაც მისაწვდომი ყოფილიყო აღნიშნული ბრენდებით სარგებლობა. „კოკა-კოლასა“ და „მაკდონალდსის“ საქართველოში ამოქმედება საყურადღებოა იმითაც, რომ ეს იყო ერთ-ერთი პირველი მაგალითი ფრანჩაიზინგის სისტემის გამოყენებისა“ (მე-11 კლასის სახელმძღვანელო - „მოქალაქეობა. მოსწავლის წიგნი“ ავტორები არიან ნინო ტალახაძე, ნინო კაპანაძე, გულნაზ ერქომაიშვილი, რედაქტორი - თეონა ბექიშვილი).
სრული სურათისთვის ურიგო არ იქნებოდა, სახელმძღვანელოს ავტორებს ე.წ. „თურქული კრედიტის სკანდალზეც“ ეთქვათ ორიოდე სიტყვა, რომელშიც ძალიან აქტიურად ფიგურირებს ბ-ნი ჭყონია, თუმცა სახელმძღვანელოს გადათვალიერებისას აღმოვაჩნთ, რომ ავტორებისთვის, „ლაღიძის“ ქარხანაში წარმოებული „კოკა-კოლა“ ბიზნეს-აზროვნების ისეთივე მწვერვალია, როგორც ვაჟა-ექიმის თავგადასავალი - გმირობის მაგალითი, ხოლო „მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი“ - ქართული პოლიტიკური აზრისა და გეოპოლიტიკური აზროვნების მწვერვალი.
სამწუხაროდ, უამრავი ასეთი მაგალითის მოტანა შეიძლება, ვერც დათვლი... და ვინ დათვლის, რამდენი „ექსპერტისა“ და ჩინოვნიკის ხელში უნდა გაიარონ ამ სახელმძღვანელოებმა, სანამ მოსწავლის ჩანთაში და მერხზე დაიდებენ ბინას?!
აი, ეს გახლავთ ის, რაც პირველ რიგში ამძიმებს მოსწავლის ჩანთას - არაკომპეტენტურობა და გულგრილობა. ხშირად გვესმის - „გვეშველება რამე?!“. ამაზე პასუხი მხოლოდ ერთია - „წყალწაღბულო, თუ თავის გადარჩნა გინდა, ხელი გაანძრიე“.
და, ტვინიც, სხვათა შორის.
ხოლო ცხაურში ცემენტის ხსნარის ჩასხმა არაფრით განსხვავდება წყლის ნაყვისგან.
წერილის ავტორს მადლობა, ძალიან საინტერესო და საყურადღებო იყო!