„გუდვილის“ დირექტორი ირინა ქოსაშვილი წინა ხელისუფლების მიერ კომპანიაზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. მისი თქმით, კომპანიას ძალიან ბევრი არამიზნობრივი ხარჯის გაწევა უწევდა და მათ რაბათის ციხის რეაბილიტაციის ფონდში 3 მილიონი ლარის ჩადება აიძულეს, ასევე, 50 „ტოიოტა ჰაილუქსის“ შეძენა მოსთხოვეს.
დეტალების გასარკვევად For.ge კომპანია „გუდვილის“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელს ნატო დარჩიაშვილს ესაუბრა.
მისი თქმით, „გუდვილს“ მართლაც არამიზნობრივი და არაპროგნოზირებადი ხარჯების გაღება უწევდა, რაც მათი კომპანიის გრძელვადიან სტრატეგიაში გათვლილი არ ყოფილა. მათთვის ასეთი ხარჯი იყო 50 ჯიპის შეძენა, რაც წინანდელი ხელისუფლების დაკვეთით მოხდა. ფაქტობრივად, მათ მოუწიათ 50 მანქანის ჩუქება ეკონომიკის სამინისტროსთვის.
უფრო კონკრეტულად, მათი დამფუძნებელი - გოგი შევარდნაძე დაიბარეს შესაბამის ორგანოში და ეკონომიკის სამინისტროსთვის 50 ჯიპის შეძენა მოსთხოვეს. არანაირი მუქარა არ ყოფილა, მაგრამ იმ პერიოდში ჩაითვალა, რომ ეს იყო ერთადერთი გამოსავალი სიტუაციიდან, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი, კომპანიას პრობლემები შეექმნებოდა. ასევე, პრობლემა შეექმნებოდა აქ დასაქმებულ 2000-მდე ადამიანს.
„ჯიპების შეძენა კომპანია „გუდვილს“ მილიონ 800 ათასამდე დაუჯდა, ხოლო 3 მილიონი ლარი რაბათის ციხის მშენებლობისთვის გაწეული ხარჯია. ეს ნიშნავდა ამოვარდნილ თანხებს. ისედაც ჩვენი კომპანია ბანკის სესხითა და კრედიტით ფუნქციონირებს, შესაბამისად, მთელი ამ ფულის გადაფარვა ხდებოდა იმ საბანკო სესხით, რომელიც აღებული ჰქონდა კომპანიას. ამდენად, დღემდე ჩვენი ფინანსური პრობლემების ერთ-ერთი და არა - ერთადერთი კომპონენტი სწორედ ეს არამიზნობრივი ხარჯებია“, - აღნიშნა ნატო დარჩიაშვილმა.
მისივე განმარტებით, ხელისუფლება ახლახანს შეიცვალა და ამდენად, მომხდარის გამო, მათ ჯერ პროკურატურისთვის არ მიუმართავთ. მით უფრო, რომ რეფორმები ამ მიმართულებით კიდევ განსახორციელებელია. თუმცა კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა იურისტებს უკვე ხვდებიან, რომლებიც მათ ურჩევენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მათ მიმართ განხორციელებული ზეწოლის გამო. სწორედ მათი რჩევის გათვალისწინებით მოხდება სარჩელის შეტანა. ჯერჯერობით კომპანიას გადაწყვეტილი არ აქვს, რა ფორმით მიმართავს პროკურატურას.
მისივე თქმით, კომპანიის დაარსებისთანავე, მათ იცოდნენ, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო რისკ-ფაქტორები, მაგრამ არ ეგონათ, თუ ასეთ წინააღმდეგობებს შეხვდებოდნენ.