ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალისა და ქველმოქმედის – პაატა ბურჭულაძის ინიციატივით, დღეს, სასტუმრო “რედისონში“ ფილმის “ღირს არს ჭეშმარიტად“ ჩვენება გაიმართება . ფილმი ათონის მთაზე რეჟისორმა ოთარ ლითანიშვილმა გადაიღო.
ფილმში გადმოცემულია ისტორია, თუ რატომ ეწოდა საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, სად ინახება თორნიკე ერისთავის ჯაჭვის პერანგი, როდის და სად თარგმნა გიორგი მთაწმინდელმა სახარება.
ფილმში ასევე ნაჩვენებია ათონელი ბერების მიერ, მახათას მთაზე, ივერთა მონასტრის ქტიტორების: იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის ტაძრის საძირკვლის კურთხევა. ფონდ “ივერიის“ ინფორმაციით, მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისა და სავანის მშენებლობის აქციაში 89 000 ადამიანია გაწევრიანებული.
სპეციალურად დღევანდელი ჩვენებისთვის პაატა ბურჭულაძე მონტე-კარლოს, ვალენსიისა და ისრაელის საოპერო თეატრებში გამართული სპექტაკლებისა და კონცერტების შემდეგ, რამდენიმე დღით თბილისში დაბრუნდა.
როგორც მომღერალმა აღნიშნა, მახათას მთაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით, თითქმის ყველა ბანკის ხელმძღვანელს შეხვდა. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სამსახურების ხელმძღვანელების მონაწილეობა, რადგან უმეტეს შემთხვევაში ისინი უკეთებენ ორგანიზებას თანამშრომლების გაწევრიანებას აქციაში.
“როცა საქმე ეხება ფონდ “იავნანას“, ხშირად ვუკავშირდები ბიზნესმენებს, ჩემს კოლეგებს, სხვადასხვა კომპანიას და ვთხოვ დახმარებას ჩვენი ბავშვებისთვის, მაგრამ ამ ტაძრის მშენებლობის საქმეში ჩვენ არავის არაფერს ვთხოვთ, ჩვენი მოვალეობაა, ყველა ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია აქციის შესახებ და შემდეგ მათ თავად გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა ამ აქციაში მონაწილეობა.
ეს სავანე და ტაძარი აუცილებლად აშენდება და ჩვენი თანაბარი მონაწილეობითა და ერთიანობით იქნება განსაკუთრებული. სამონასტრო კომლექსში შევა საგანმანათლებლო ცენტრი, თავშესაფარი მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის. მონასტერთან იფუნქციონირებს ნარკოლოგიის სარეაბილიტაციო ცენტრი“ – ამბობს პაატა ბურჭულაძე.