ბანკ „ქართუსგან“ ზარალისა და კუთვნილი თანხის ანაზღაურებას მოითხოვს თვითმფრინავის გამტაცებლების საქმეზე დახვრეტილი მღვდელ თეოდორე ჩიხლაძის მეუღლე, გულიკო ერისთავი. როგორც გულიკო ერისთავმა for.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი კერამიკული ქარხნისთვის „აბსოლუტბანკმა“, რომელიც შემდეგ ბანკ „ქართუს“ საკუთრებაში გადავიდა, 300 000 დოლარის ოდენობის კრედიტი გამოყო, თუმცა ეს თანხა მისგან დაუკითხავად კომპანია „საველიჩს“ ჩაურიცხეს. ერისთავმა განცხადებით მიმართა შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.
როგორც ერისთავმა აღნიშნა, 1998 წელს კერამიკულმა ქარხანამ „ბარაკონმა“, რომლის მფლობელიც თავად იყო, ძალიან ბევრ ქვეყანაში გაითქვა სახელი და შესაბამისად, საჭირო იყო მისი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა.
„მეწვია გაერო-ს წარმომადგენელი და მირჩია მესარგებლა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის კრედიტით. ამ დროისთვის ქართული ბანკები ნაკლებს ფიქრობდნენ წარმოების განვითარებაზე. ევროპის განვითარების ბანკმა შეისწავლა ჩემი ქარხნის შესაძლებლობები, გამომიგზავნეს ექსპერტები და გადაწყდა კრედიტის გამოყოფა იმ პირობით, რომ თანხა ჩაირიცხებოდა მხოლოდ „აბსოლუტბანკში“. ქარხანას ეწვია აბსოლუტბანკის“ პრეზიდენტი ლი დიურლანდი, რომელმაც ქარხანას მაღალი შესფასება მისცა.
მასთან ერთად ქარხანას სტუმრობდა საკრედიტო განყოფილების დირექტორი, გიორგი ანთაბაძე და ბანკის თანამშრომელი მერაბ კოკაია. პირველი შემოთავაზება ლი დიურლანდისგან იყო წილის მოთხოვნა 30% საწესდებო კაპიტალში, რაზეც არ დავთანხმდი. გიორგი ანჩაბაძემ კი მითხრა, რომ ისინი გამოგვიყოფდნენ 300 000 ამერიკულ დოლარს და როცა ევროპიდან თანხა მომივიდოდა იმას დავუტოვებდი ბანკს. დავთანხმდი, რადგან 1998 წლისთვის ბერლინის საერთაშორისო გამოფენისთვის ვემზადებოდი. დამასაჩუქრეს საერთაშორისო გამოფენის მზადების პროცესში 20 000 ამერიკული დოლარით. მერე დავიწყეთ ხელშეკრულების მომზადება დიდი კრედიტის მისაღებად“, - აღნიშნა ერისთავმა.
მისივე თქმით, 1997 წელს გიორგი ანჩაბაძემ და მისმა თანხმლებმა პირმა ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიყვანა სანოტარო ბიუროში და გირაოში ჩაადებინეს ქარხანა კრედიტის დაცვის მიზნით. 1997 წლის 13 ნოემბერს „აბსოლუტბანკსა“ და „ბარაკონს“ შორის დაიდო ხელშეკრულება საკრედიტო ხაზის გახსნის შესახებ 300 000 ამერიკული დოლარის მისაღებად. დრო განისაზღვრა 1999 წლის 25 დეკემბრამდე.
„აი აქედან დაიწყო ჩემი ტრაგედიაც. 1997 წელი ისე დასრულდა, რომ შეფერხებები იყო ბანკში, თითქოს, წლის დასრულების გამო. „აბსოლუტბანკს“ მივაკითხე, მაგრამ მითხრეს, რომ ჯერ გაურკვეველი სესხების მომსახურებაზე მუშაობდნენ და გაარკვევდნენ ყველაფერს. ასე გავიდა თვეები, რის შემდეგაც უკვე მივმართე ძალოვან სრუქტურებს და დაიწყო გამოძიება. 1998 წელს საქართველოს უშიშროებამ დაიწყო „აბსოლუტბანკის“ შემოწმება. აღმოჩნდა, რომ შპს „ბარაკონის“ კრედიტი მიღებული ჰქონდა ნავთობკომპანია „საველიჩს“. უფრო მეტიც, გამოძიებამ ამოიღო დოკუმენტები, სადაც „საველიჩი“ გარანტად უდგება შპს „ბარაკონს“ 915 ტონა საავტომობილო ბენზინით. ეს ყველაფერი ჩემთვის უცნობი იყო და შესაბამისად, ეს ყველაფერი უკანონო იყო. „ბარაკონის“ სახელით ყალბი დოკუმენტებით პროცენტსაც კი იხდიდა „საველიჩი“. „ბარაკონს“ რომ არ გაუტანია კრედიტი ამას ისიც ადასტურებდა, რომ ბანკში წარდგენილი არ იყო წესდება ფინანსებზე პასუხისმგებელი პირის ფაქსიმილე. ბანკში გახსნილი არ იყო ანგარიში და სხვა“, - განაცხადა ერისთავმა.
მისივე თქმით ედუარდ შევარდნაძეს არ ესიამოვნა, რომ „აბსოლუტბანკთან“, რომელიც მის მეგობართან ერთად გახსნა, დაპირისპირებაში აღმოჩნდა მის მიერ განადგურებული ბერი თეოდორეს ოჯახი და საქმის მიჩქმალვის მიზნით, ბანკი გაკოტრების რეჟიმზე გადავიდა.
„იმ დროს შევარდნაძემ დახმარება სთხოვა ბიძინა ივანიშვილს და მან „გააპატიოსნა“ ქართულ-ამერიკული ბანკი, თითქმის, 20 მილიონამდე ამერიკული დოლარით. უკვე 2001 წლის მაისში ბიძინა ივანიშვილმა აიღო „აბსოლუტბანკის“ აქტივები და პასივები თავის „ქართუ ბანკში“. დღემდე ტაბუდადებულია და საიდუმლოებითაა მოცული „აბსოლუტბანკის“ და მათი თაღლითური ჯგუფის საქმიანობა. ამ ბანკმა ქარხანა გამინადგურა, საარსებო საშუალება მოგვისპო მთელ ოჯახს“, - აღნიშნა ერისთავმა.
როგორც ერისთავი განმარტავს, 2003 წელს უკვე გაირკვა ისიც, რომ ქარხანა მას აღარ ეკუთვნოდა. როგორც ის განმარტავს, 2003 წელს, მან უკვე მიმართა „ქართუ ბანკის“ ხელმძღვანელობას.
„გიორგი ჩრდილელმა მითხრა, რომ გაირკვა, რომ „ბარაკონს“ არ გამოუტანია კრედიტის თანხა (ეს საგამოძიებო მასალებშიცაა), მაგრამ ჩრდილელი, როგორც თვითონ ივანიშვილმა თქვა აგენტი იყო და არ ველით, რომ ის სიმართლეს ეტყოდა „ქართუ ბანკის“ დამფუძნებლებს. ამის შემდეგ თავად ივანიშვილმა, ასევე 2003 წელს, თანხმობა მითხრა ჩემს მიღებაზე. ჩავედი ჭორვილაში, მაგრამ ჩრდილელმა ზომები მიიღო და ჩაშალა ეს შეხვედრა. მინდა, რომ შევხვდე ივანიშვილს და გავარკვიო, რა იცის მან. მოვითხოვ, რომ დამიბრუნდეს ჩემი კუთვნილი ქონება, რომელიც „აბსოლუტბანკისა“ და „საველიჩის“ გაუგონარი თაღლითური სქემის შედეგად დავკარგე. ასევე მოვითხოვ, რომ 300 000 დოლარი და მეტიც ამინაზღაურონ ზიანის გამო, რაც მე მომაყენეს. უნდა ჩატარდეს კომპეტენტური გამოძიებაც სიმართლის დასადგენად“, - აღნიშნა გულიკო ერისთავმა.
მისივე თქმით, ის ჩავიდა სოფელ ჭორვილაში ბიძინა ივანიშვლთან შესახვედრად.
„შეხვედრა დაგეგმილი იყო. ჭორვილაში რომ ჩავედი დაცვა დამხვდა შეცვლილი, იყო ასეთი სიტუაცია, რომ ქალბატონი ჩამომაყვანინეთ, ის კაცი თანახმაა რომ მიიღოსო და რა ხდებაო იკითხა იმ პირმა, ვინც ამ შეხვედრას აწყობდა. ჩემთვის გასაგები იყო რაც ხდებოდა. ჩრდილელმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მე არ შევხვედროდი ბატონ ბიძინას. 2-3 საბუთი რომ ვაჩვენო ამ კაცს, ჩემი ოჯახის უბედურება დამთვრდება. მე ვითხოვ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, თუ მას ამის საშუალება არ აქვს, დაავალოს შს მინისტრს ამ საქმის გამოძიება. დიდი ფილოსოფია არ უნდა ამ საქმეს, მერწმუნეთ, რომ 2-3 საბუთით გაირკვევა სამართალი“, - აღნიშნა გულიკო ერისთავმა.