განსაკუთრებულად ნიჭიერი ახალგაზრდები უმაღლესში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან, თუკი მათ საერთაშორისო ოლიმპიადაში ან სახელოვნებო-შემოქმედებით კონკურსში უმაღლესი შეფასება აქვთ მიღებული.
ამასთან დაკავშირებით ცვლილებები „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შედის, რომელიც განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტმა მოამზადა.
კანონს უკუძალა მიეცემა და სასწავლებლებში სწავლის უფლება 2013 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე იმ პირებსაც მიეცემათ, რომლებმაც ამა თუ იმ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს და, მათი განსაკუთრებული ნიჭის მიუხედავად, სწავლის უფლების გარეშე დარჩნენ.
აღნიშნულ კანონს უკვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგენი. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ცვლილება კონკრეტულ პიროვნებაზე იყოს ფოკუსირებული. მისივე თქმით, მსოფლიოში უამრავი საერთაშორისო ოლიმპიადა იმართება და ცნება - „საერთაშორისო ოლიმპიადაზე გამარჯვებული“ მისთვის გაუგებარია.
„რომელ საერთაშორისო ოლიმპიადაზეა საუბარი? ვინ დაადგინა, რომ არის ერთი ისეთი საერთაშორისო ოლიმპიადა, სადაც გამარჯვებული ნიჭიერია. მაშინ, რა დააშავეს სპორტსმენებმა, ისინიც მონაწილეობენ ოლიმპიადებში. მათაც აქვთ ძალიან დაძაბული გრაფიკი და მართლა ნიჭიერები არიან“, - მიიჩნევს მაია მიმინოშვილი.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე აცხადებს, რომ წელს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული 17 მოსწავლე ვერ მოხვდა უმაღლეს საგანმათლებლო დაწესებულებაში. კერძოდ, საუბარია ახალგაზრდა პიანისტ ირმა გიგანზე, მომღერალ ბორის ბედიაზე და სხვებზე.
„ჩემს კომიტეტს წერილით მიმართა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიამ, რომ უნიჭიერესი ახალგაზრდები, რომლებმაც შემოქმედებით ტურებში უმაღლესი შეფასება მიიღეს, ვერ ჩაირიცხნენ ამ უმაღლეს სასწავლებლებში, რადგან უნარების ჩაბარებისას ვერ გადალახეს ზღვარი. კონსერვატორიის ხელმძღვანელობა გვთხოვდა, გამოგვეცხადებინა ამნისტია, რათა საქართველოს არ დაეკარგა ეს ახალგაზრდები, ისინი არ წასულიყვნენ სხვა ქვეყნებში და დარჩენილიყვნენ საქართველოში. მე ჩემ ზნეობრივ მოვალეობად ჩავთვალე, დამეყენებინა ეს საკითხი კომიტეტის სხდომაზე“, - აღნიშნა ივანე კიღურაძემ.
თავად ირმა გიგანი ადასტურებს, რომ ზოგადი უნარები აბსოლუტურად არაფერ შუაშია მუსიკოსთან თუ მხატვართან და განსაკუთრებულად ნიჭიერი აბიტურიენტები უმაღლესში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე უნდა ჩაირიცხონ, თუ მათ საერთაშორისო ოლიმპიადაში ან სახელოვნებო-შემოქმედებით კონკურსში უმაღლესი შეფასება აქვთ მიღებული.
განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზურაბიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აბსოლუტურად გაუმართლებელი ცვლილებების მიღებას აპირებენ. მისი თქმით, რამდენჯერაც ვინმეს ჩარიცხვა მოუნდებათ უმაღლესში, იმის მიხედვით კანონების შეცვლა დაუშვებელია.
„ისინი ამბობენ, ნიჭიერი ადამიანი რატომ უნდა დარჩეს უმაღლესი სასწავლებლის გარეთ?! აქ კონკრეტულ ადამიანებზეა საუბარი, თუმცა ამ კონკრეტულ ადამიანებს კიდევ სხვა ბევრი კონკრეტული ადამიანი მოჰყვება, რაც არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. თუ მაინცდამაინც აუცილებელია ამ კანონის შეცვლა, მაშინ შეიძლება განსხვავებული რეგულაცია გვქონდეს სახელოვნებო სასწავლებლების (ამ შემთხვევაში, კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია) მიმართ. წინათაც იყო ამაზე საუბარი და მაშინ ცალკე შევიმუშავოთ დებულება ასეთი ტიპის სასწავლებლებში გამოცდების ჩაბარების თაობაზე. თუმცა, ამ წესს ერთიანი საგამოცდო სისტემიდან თუ ამოვაგდებთ და ასეთ ხვრელებს დავუშვებთ, მაშინ აზრი ეკარგება ამ სისტემას“, - აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ დაუშვებელია ერთმანეთს შევუდაროთ საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებული ახალგაზრდის შედეგი იმ აბიტურიენტის შედეგს, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიიღო მონაწილეობა და ოთხივე გამოცდაში ძალიან მაღალი შედეგი აჩვენა. შესაძლოა, საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულმა ახალგაზრდამ მხოლოდ ფიზიკაში გამოიჩინა თავი და სხვა საგნებში შედეგები ვერ აჩვენა. ამ დროს კი, მეორე ახალგაზრდამ ფიზიკაშიც უმაღლესი შეფასება მიიღო, ქართულ ენასა და ლიტერატურაშიც, ასევე - უცხო ენასა და უნარებშიც.
„საერთაშორისო ოლიმპიადების რაოდენობას ვერ დათვლით. ასეთი ოლიმპიადის ჩატარება ძალიან მარტივია. ბოლოს და ბოლოს, შეიძლება, ორმა ადამიანმა შექმნას კომიტეტი, რომელიც განაცხადებს, რომ კონკრეტულ საგანში ჩაატარებს საერთაშორისო ოლიმპიადას. ამიტომ, საინტერესოა, რომელია ის საერთაშორისო ოლიმპიადა, რომლის შედეგიც შეუმცდარია?! - გვითხრა მაია მიმინოშვილმა და არ გამორიცხა, რომ ერთი გამონაკლისის დაშვებისთანავე, შესაძლოა, 10 წლის განმავლობაში აწყობილი ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა დაინგრეს.
მისთვის, ასევე, გაურკვეველია სახელოვნებო-შემოქმედებით კონკურსში გამარჯვებულთა საკითხიც, რადგან კონსერვატორია არის თბილისშიც, ქუთაისსა და ბათუმშიც. თუმცა თბილისის კონსერვატორია არ ცნობს ბათუმისა და ქუთაისის კონსერვატორიების შეფასებას.