სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ წუთებში ჯგუფ „კანვასის“ სამი წევრის, სერბეთის მოქალაქეების გამოკითხვა მიმდინარეობს. ერთ-ერთ მათგანთან გასაუბრება „ქრონიკამ“ მოახერხა.
„არ ვიცი რა კითხვები შეიძლება ჰქონდეთ. არც კი ვიცი რა უნდა გითხრათ რევოლუციაზე. საქართველოს შესახებ უკვე 20 წელია ვიცი. აქ [საქართველოში] იმიტომ ვარ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვასწავლი. იქ ჩვეულებრივი სტუდენტები დადიან. შეგიძლიათ ვებგვერდზე შეამოწმოთ, იქ კურსის შესახებ წერია. ოფიციალურად ვარ მოწვეული. „კანვასის“ საქართველოს ოფისისგან არა. ეს კურსი სხვადასხვა უნივერსიტეტში არსებობს. შეგიძლიათ ჩვენი სახელები შეამოწმოთ. ამ კურსს სხვა ადგილებშიც ვასწავლით. სხვადასხვა თემას ვასწავლი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები“, - განუცხადა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა „ქრონიკას“.
მისივე თქმით, ის უნივერსიტეტში მოხალისეა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სუსში სერბეთის მოქალაქეები, ჯგუფ „კანვასის“ წევრები დაიბარეს. „კანვასი“ ნახსენებია სუსის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ნათქვამი იყო, რომ გარკვეული პირები საქართველოში სამოქალაქო არეულობას გეგმავენ, რომლის მიზანია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და „ევრომაიდნის“ მოწყობა.