ჰერმან საბო: მელიას ყოფნა

ჰერმან საბო: მელიას ყოფნა "ნაციონალურ მოძრაობაში" ტყუილი იყო რაღაცნაირად, ერთად "ვერ ძოვდნენ"

ნიკა მელიას მიერ ახალი პლატფორმის შექმნაზე განსხვავებული დამოკიდებულებაა ოპოზიციაში. "გირჩში" აცხადებენ, რომ ლოგიკურია მელია ენმ დატოვოს, ამასთან, ჰერმან საბოს მოლოდინი აქვს, რომ პარტია კიდევ დანარჩენმა წევრებმა დატოვონ. საბოს ვარაუდით, მელია არ იქნება ბოლო, ვინც "ნაციონალურ მოძრაობას" დატოვებს.

"ლოგიკურად ველოდებოდი, რომ დღე-დღეზე ბატონი მელია წავიდოდა პარტიიდან, იმიტომ რომ შეუძლებელია ასე თავზე დაგახიონ ყველაფერი... აქამდე მელიას ყოფნა "ნაციონალურ მოძრაობაში" ტყუილი იყო რაღაცნაირად, ერთად "ვერ ძოვდნენ." "ნაციონალური მოძრაობა" წლებია ვიღაც-ვიღაც ადამიანებს ემშვიდობება, მაგრამ ის ამით არ გამქრალა, არ დაშლილა ერთი მარტივი მიზეზის გამო - ის არის მიხეილ სააკაშვილის პარტია. ველოდები რომ მელიას წასვლამ შეიძლება სხვებსაც გაუჩინოს ცალკე, დამოუკიდებლად თამაშის სურვილი," - აღნიშნა ჰერმან საბომ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

გარდა ამისა, მელიას წასვლის შემთხვევაში ხაბეიშვილთან ალიანსში მყოფი "სტრატეგია აღმაშენებელი" "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორად დარჩება, ამის შესახებ პარტიის წევრები აცხადებენ. "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის შეფასებით კი, ნებისმიერი ადამიანის, თუნდაც მსხვილი პოლიტიკოსის წასვლა ან მოსვლა, "ნაციონალურ მოძრაობასთან" მათ ახალ გაერთიანებაზე - "გამარჯვების პლატფორმაზე" ზეგავლენას ვერ მოახდენს."